სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    პოპულარული მეთოდები - გამოგონილი ავადმყოფობა, "მეორადი" სტუდენტობა, რელიგიური ორგანიზაციის წევრობა
    თამუნა მუკბანიანი
    16.05.2018

     კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის მოვალეობაა, ამას ამბობს კანონი. მოქალაქეებისა და სფეროს სპეციალისტების აზრით კი, სავალდებულო სამსახური რეალურად შედეგს არ იძლევა და მხოლოდ იაფი მუშახელია ძალოვანი სტურუქტურებისათვის. ჯარისგან თავის ასარიდებლად ადამიანები ათასგვარ ხერხს მიმართავენ და შარშან სპეციალურად ამისთვის რელიგიური ორგანიზაციაც კი შეიქმნა.

    სავალდებულო სამხერდო სამსახურის ის ფორმა, რაც დღეს საქარველოშია, მოქალაქეების დიდი ნაწილისათვის მიუღებელია. ჯარში წასვლის მთავარი მოტივაცია, როცა ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია, საბრძოლო ხელოვნების სწავლა და ომისთვის მზადებაა. მთავრობის დადგენილების მიხედვით, გაზაფხულზე დაახლოებით 3000-მდე ახალგაზრდას იწვევენ, მათგან თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში ხვდება 600-700, ხოლო დანარჩენი შსს-ს დაცვის პოლიციისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტზე ნაწილდება, სადაც, წვრთნის ნაცვლად, დარაჯის ფუნქციას ასრულებენ მინიმალური გასამსჯელოს სანაცვლოდ - თვეში 50 ლარად.

    საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში. იმის გამო, რომ ახალგაზრდებს არ სურთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში წასვლა, ხოლო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის შემთხვევაშიც კი 27 წლამდე სწავლა არ გრძელდება, ჯარისათვის თავის არიდების საშუალებად იქცა ე.წ. უფასო პროფესიები. სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება 17 მიმართულება. ხელახლა ჩაბარების შემდეგ, ე.წ. სტუდენტები სავალდებულო სამსახურის ზედა ზღვარს აბიჯებენ და შემდეგ მე-2-3 კურსიდან, როგორც წესი, უნივერსიტეტებს ტოვებენ.

    შარშან ახალი ხრიკი მოიფიქრა პოლიტიკურმა პარტია "გირჩმა" და სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან თავის ასარიდებლად რელიგიური ორგანიზაცია - "ბიბლიური თავისუფლება" ჩამოაყალიბა. იქ "სასულიერო პირებს" აკურთხებენ და შესაბამის ცნობასაც გასცემენ.

    ბოლო დროს ქალთა ემანსიპაციის პირობებში, როცა ყველაზე მეტს გენდერულ თანასწორობაზე საუბრობენ, გააქტიურდა თემა - უნდა იყოს თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახური ირივე სქესისათვის. "ენდიაის" ბოლო გამოკითვის მიხედვით, 46% წინააღდეგი იქნება, თუ თავისი ქალიშვილი ჯარში წასვლას გადაწყვეტს.

    21 წლის ნიკა წურწუმია ამბობს, რომ სწავლის დასრულების შემდეგ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჯარში წასვლას თავი აარიდოს, რადგან დროის კარგვად მიიჩნევს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გატარებულ წლებს.

    "ბავშვობიდან ისე მზრდიდნენ, რომ ჯარში აუცილებლად უნდა წავსულიყავი. რაც გავიზარდე და გავიაზრე, რომ ჩემი ნებაა და თავის არიდება შემიძლია, ზუსტად ვიცი, ყველაფერს გავაკეთებ ამისათვის. ძალიან მინდა, ომის დროს თავდაცვაც შემეძლოს და ბრძოლაც, მაგრამ დღევანდელი ფორმით სავალდებულო სამხედრო სამსახური, დამიჯერეთ, არაფრის სწავლისა და არაფრისათვის მზადების საშუალებას არ იძლევა. "ვიშკაზე" დაგალპობენ ყარაულად და სულ ესაა ან ტომრებს გაზიდვინებენ. ბიჭები, რომლებიც უკვე მსახურობდნენ, ამბობენ, რომ მუშებად იყვნენ უფასოდ და ამას კავშირი არ ჰქონია ქვეყნის წინაშე ვალთან, რომ ომისა და უბედურების დროს დაიცვა.

    ნორმალური სარეზერვო სამსახური რომ გვქონდეს, აუცილებლად წავიდოდი. იარაღის ხმარებას, სროლასა და საქართველოს საზღვრისპირა რუკებს რომ ასწავლიდნენ ისე, რომ 2008 წლის ამბები არ განმეორდეს, პრობლემა არ მექნებოდა. ახლა და ამ პირობებში, როგორიცაა ჯარი და მისი სტრუქტურა, დაკარგულ დროდ მიმაჩნია ის 2 წელი, რასაც სავალდებულოში გავატარებ. ჯერ მეორე კურსზე ვარ, მაგრამ სწავლის დასრულების შემდეგაც არ წავალ, მაგისტრატურას გავაგრძელებ ან რამეს მოვიფიქრებ. შეიძლება, ჯანმრთელობის კუთხით თავი "დავაბრაკინო", - ამბობს ნიკა წურწუმია "რეზონანსთან".

    სავალდებულო სამხედრო სამსახური უკვე გავლილი აქვს გიორგი თხილაიშვილს. იგი ძალიან ნანობს, რომ დრო დაკარგა, რადგან მოლოდინი აბსოლუტურად სხვა იყო. მას 2 დღეში ერთხელ ციხის საგუშაგო კოშკზე მორიგეობა უწევდა.

    "მამა დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ომში იბრძოდა. მეც 18 წლის რომ გავხდი, ვიფიქრე, ჯერ ჯარს მოვიხდი და უნივერსიტეტში მერე ჩავაბარებ-მეთქი. არავის გაჰკვირვებია ჩემი გადაწყვეტილება. ოჯახში ამ სულისკვეთებით გვზრდიდნენ მე და ჩემს ძმას.

    ჯარში წასული, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მოვხვდი და, წვრთნის ნაცვლად, ორ დღეში ერთხელ ციხის საგუშაგო კოშკზე მორიგეობა მიწევდა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დრო გავფლანგე არაფერში. ჩემი ძმა პატარაა და ჩემი რჩევით, ის არ წასულა სავალდებულოში და თუ მოხერხდა, რომ საერთოდ არ წავიდეს, ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება. არ მინდა, მანაც ისევე უქმად ფლანგოს დრო, როგორც ეს მე გავაკეთე.

    დიდ პატივს ვცემ არმიას და მათ, ვინც სამხედრო კარიერაზე ფიქრობს, მაგრამ ამასთან სავალდებულო სამხედრო სამსახურს არავითარი კავშირი არ აქვს", - ამბობს გიორგი თხილაიშვილი.

    18-დან 27 წლამდე პირების ჯარში გაწვევის კურატორი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შექმნილი სპეციალური დეპარტამენტია. წვევამდელების გაწვევა წელიწადში ორჯერ ხორციელდება და შემდეგ მათი განაწილება ხდება შეიარაღებულ ძალებში, სასჯელაღსრულების სამინისტროს სისტემასა და შსს-ს გასამხედროებულ უწყებებში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved