სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "საფრანგეთში რომ ჩამოვედი, მერე მივხვდი, საქართველოში ასეთ ადგილებში სიარული, უბრალოდ, მოდაშია"
    თეონა დევიძე
    17.05.2018

     ყველასთვის ცნობილია, რომ სწრაფი კვების ობიექტებს ყოველდღიურად ათი ათასობით ადამიანი სტუმრობს. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად იცის მისი უარყოფითი მხარეები, მომხმარებელთა რაოდენობა სულაც არ მცირდება. ქალაქებში მცხოვრებთა უმეტესობის ცხოვრების ქაოსური ტემპი მათ კვების რეჟიმზეც აისახება და ხშირად ტრადიციულ საუზმესა თუ სადილს, ე.წ. "ფასთ ფუდის" საკვები ცვლის. დროის უქონლობა, სამსახურში დროული მისვლა და ა.შ. აიძულებს ადამიანებს, არაჯანსაღად იკვებონ. უცნაური ის არის, რომ მათ დროც კი არ აქვთ სავალალო შედეგებზე ფიქრისათვის.

    სულ რომ ყურადღება არ მივაქციოთ ინგრედიენტთა შემცველობას, თავად ტერმინი "სწრაფი კვება" უკვე მოსალოდნელ საფრთხესთან ასოცირდება. უმეტესობამ კარგად იცის, რომ დანაყრების პროცესი უნდა იყოს მშვიდი, საკვები დაიღეჭოს ნელა, რათა გადამუშავდეს ისე, რომ ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდეს. დღესდღეობით, დროის სიმცირისგან გამომდინარე, წახემსება ხდება გასაკეთებელ საქმეებს შორის, გზაში, შესვენებაზე და ა.შ. ამიტომ ადამიანები ვერ ახერხებენ საკვების კარგად დაღეჭვასა და ნელა მიღებას, რაც მრავალი დაავადების მიზეზი ხდება.

    ბევრი ექიმ-დიეტოლოგი და მათ შორის დალი რაზმაძეც პირდაპირ საუბრობს სწრაფი კვების მავნებლობაზე და მიიჩნევს, რომ ეს პროდუქტი სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს:

    "ყველას მოსწონს რეკლამებზე აღბეჭდილი მადისაღმძვრელი საკვები და იშვიათად ინტერესდება, თუ რა შემცველობისაა და რამდენად სასარგებლო ან საზიანოა ეს მისთვის. მათი პოპულარობა განპირობებულია საკვებდანამატებით, არომატიზატორებითა და, თქვენ წარმოიდგინეთ, შეფუთვითაც, რაც, უმეტესად, ლამაზი და თვალში საცემია.

    ე.წ. "ფასთ ფუდი" მაღალკალორიული კერძებია, რომლის ხშირი მიღებაც იწვევს მასზე დამოკიდებულებას, სიმსუქნეს, ზრდის სიმსივნური დაავადების რისკსა და დეპრესიისკენ მიდრეკილებას, უკარგავს კანს სიჯანსაღეს და სხვა. თუმცა, ჩვენი რჩევებისა და ამ ყველაფრის მიუხედავად, არაჯანსაღი საკვების მომხმარებელთა რიცხვი სულაც არ მცირდება, ალბათ, იზრდება კიდეც", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას დიეტოლოგმა რაზმაძემ.

    აღსანიშნავია, რომ სწრაფი კვების პოპულარობა განპირობებულია კარგი მარკეტინგითა და რეკლამით. მარკეტოლოგებმა კარგად იციან ადამიანის სისუსტეები და ადვილად ზემოქმედებენ მათზე რეკლამებისა თუ სხვადასხვა აქციის სახით.

    თავისუფალ დროს მშობლებს ბავშვები დაჰყავთ გასართობ ადგილებსა და ცენტრებში, სადაც დასანაყრებლად, რა თქმა უნდა, უკვეთავენ ბურგერებს, ფრის, გაზიან სასმელებს და სხვა:

    "წინააღმდეგი ვარ, რომ ჩემი შვილები ჭამდნენ ამ "შხამს". მართალია, მეც მიყიდია მათთვის "ფასთ ფუდის" საკვები, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ კონკრეტულ მომენტში გამეხარებინა და არა - დამეპურებინა. ხშირად მინახავს მშობლები, რომლებსაც დაჰყავთ ბავშვები თუნდაც "მაკდონალდსში" და შემდეგ აძალებენ, ბოლომდე შეჭამონ შეკვეთილი ულუფა.

    ამჟამად საფრანგეთში ვცხოვრობ და ახლა მივხვდი, რომ საქართველოში ასეთ ადგილებში სიარული, უბრალოდ, მოდაშია. პარიზსა და თუნდაც სხვა ქალაქებში იშვიათად დადიან სწრაფი კვების ობიექტებში.

    საფრანგეთში უამრავი ბიომაღაზიაა თავისივე ნატურალური საკვებით და სწორედ ამ ადგილებს ჰყავს უამრავი მომხმარებელი. ვინაიდან სახლში ხშირად ვერ ვახერხებთ ჭამას, სწრაფი კვების მომსახურება საჭიროა, თუმცა ყოველლდღიურად და მით უმეტეს ბავშვებისთვის, ეს ნაკლებად სასურველია", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას 24 წლის ელენა ვალაშვილმა.

    აღსანიშნავია ისიც, რომ სწრაფი კვების ობიექტების სიმრავლემ სწრაფად წახემსების ჩვევა მეტად დაამკვიდრა. ნახევარფაბრიკატებისა და ცომეულის მიღება, ერთი შეხედვით, თითქოს საგანგაშო არაა, თუმცა, საბოლოოდ, ავადმყოფობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია. მართალია, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საკომუნიკაციო წყაროების საშუალებით, ცნობილი ადამიანები ხშირად მოუწოდებენ ხალხს ჯანსაღი კვებისკენ, თუმცა ეს ადვილი შესასრულებელი არ არის და, ამავე დროს, ფინანსებსაც უკავშირდება. ბევრმა იცის, რომ საკვები არაჯანსაღია, მაგრამ მასზე ხშირად უარს მაინც არ ამბობს:

    "ფაქტია, რომ ყველგან საკვების სიჯანსაღის პრობლემასა და პროდუქტის მავნელობას ვაწყდებით. დღესდღეობით დარწმუნებით, ისიც კი არ ვიცით, რას მივირთვამთ. უამრავი ობიექტია, სადაც საკვები მადისაღმძვრელად გამოიყურება, ხოლო რამდენად ჯანსაღი და სასარგებლოა, ამაზე არ ვფიქრობთ. მისი მავნებლობა გააზრებული მაქვს, თუმცა ზოგჯერ მეც მივირთვამ "ფასთ ფუდს". მთავარია, ეს ყოველდღიურ წესად არ დავამკვიდრო, რაც ნამდვილად იქნება ჯანმრთელობისთვის დამანგრეველი", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას 22 წლის თორნიკე კალომლეწავმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved