სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    შეიძლება ჯაჭვური რეაქცია მივიღოთ და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტიც გაიფიცოს
    თამუნა მუკბანიანი
    05.06.2018

     მეტროს მემანქანეების გაფიცვამ უკვე შექმნა სერიოზული პრობლემები დედაქალაქში გადაადგილების კუთხით. სრული დატვირთვით და უფასოდ მუშაობს ავტობუსების პარკი, მაგრამ, დარგის სპეციალისტების აზრით, ისედაც მოძველებული ტრანსპორტი ამ დატვირთვას ერთ კვირაზე მეტს ვერ გაუძლებს. გარდა ამისა, ყვითელი ავტობუსებისა და "მარშრუტკების" მძღოლებსაც დაგროვილი აქვთ პრეტენზიები დამსაქმებელთა მიმართ და გაფიცვამ, შესაძლოა, ჯაჭვური ხასიათი მიიღოს.

    მეტროს მემანქანეების მტკიცებით, გაფიცვა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნა ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდება. მათი ნაწილი შიმშილობას აგრძელებს. მეტროსადგურებში კი ასეთი წარწერაა: "მეტრო დაკეტილია, ისარგებლეთ ავტობუსებით. ავტობუსები მოგემსახურებათ უფასოდ".

    გაფიცვამ უკვე შექმნა სატრანსპორტო კოლაფსი ქალაქში. ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები გადატვირთულია მიუხედავად იმისა, რომ, მერიის განცხადებით, ავტობუსების პარკის სრული რეზერვი გამოყენებულია, რათა მგზავრებს დისკომფორტი არ შეექმნათ.

    სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ დედაქალაქის ავტოპარკი ისეთ მდგომარეობაშია, დატვირთვით მუშაობას დიდხანს ვერ გაუძლებს და მოძველებული "მარშრუტკები" და ავტობუსები მწყობრიდან გამოვა.

    გარდა ამისა, არის მეორე საფრთხეც. პერიოდულად მიკროავტობუსების მძღოლთა ნაწილი იფიცება და ითხოვს სამუშაო გარემოს გაუმჯობესებას, ნაკლები გადასახადის დაწესებას კომპანიის მხრიდან და ა.შ. როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, გაფიცვებს მასშტაბური და გადამდები ხასიათი აქვს ხოლმე. ამიტომ საზოგადოების ერთი ნაწილი შიშობს - ხომ არ გამოიწვევს მეტროს მემანქანეების გაფიცვა სამარშრუტო ტაქსებისა და ყვითელი ავტობუსების მძღოლთა პროტესტსაც?

    ავტობუსის მძღოლის საშუალო დარიცხული ხელფასი 1450 ლარია, ანუ ხელზე ასაღები ხელფასი დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც მეტროს მემანქანისა. უნდა ველოდოთ თუ არა დედაქალაქში გაფიცვების ჯაჭვურ რეაქციას, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ამ საფრთხეზე ხალხი უკვე საუბრობს.

    ტრანსპორტის პროფკავშირის წარმომადგენელი ლავრენტი ალანია ამბობს, რომ ავტობუსების მძღოლთა სამუშაო პირობები და ხელფასი ერთმანეთთან შეუსაბამოა, თუმცა ამაზე საუბარი ახლა არ არის მართებული და არასოლიდარულია მეტროს მემანქანეების მიმართ.

    "პროფკავშირის წევრი მძღოლები ყოველთვის დაიცავენ კანონს, სამართალს და ამ ფორმით იბრძოლებენ საკუთარი უფლებების დასაცავად. რაც შეეხება ავტობუსების მძღოლთა დაბალ ანაზღაურებას და მძიმე პირობებს, ამაზე საუბარი ახლა არ არის მართებული. ველოდებით, რომ არსებული კრიზისი აღმოიფხვრება დიალოგის გზით. ჩვენი დარგობრივი სამსახური, უკვე 20 დღეზე მეტია, ჩართულია მოლაპარაკებაში და ველოდებით პასუხს მერიისგან", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ალანიამ.

    "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავას მიაჩნია, რომ მეტროს მემანქანეებთან მოლაპარაკება მყისიერად უნდა დაიწყოს, რადგან დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი 1 კვირაზე მეტი ხნით ამ დატვირთვით ვერ იმუშავებს.

    "მეტრო მთავარი გადამყვანია ქალაქში ავტობუსებთან და სამარშრუტო ტაქსებთან ერთად. ძნელი იქნება მგზავრთა ამხელა ნაკადის მხოლოდ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებზე გადანაწილება.

    მეტრო დღესდღეობით წამგებიანი დარგია სახელმწიფოსთვის და ყოველწლიურად 15-20 მლნ-ით ფინანსდება ბიუჯეტიდან, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს იმ ადამიანების ხარჯზე, რომლებიც მძიმე პირობებში მუშაობენ. იმის გათვალისწინებით, რამდენ საათს მუშაობენ, რამდენად მძიმე პირობებში და ა.შ., ანალიზი უნდა მოხდეს.

    ქალაქში გადაადგილების პრობლემა უკვე შეიქმნა. იმის გამო, რომ ავტობუსების პარკი არ არის თანამდროვე და გამართული, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. მაქსიმუმ ერთი კვირის შემდეგ ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები ფიზიკურად ვეღარ იმუშავებენ ამ დატვირთვით, ამიტომ აუცილებელია გამოსავლის დროულად მოძებნა", - ამბობს გელა კვაშილავა.

    საავტომობილო სფეროს სპეციალისტი დავით მესხიშვილი "ბიზნეს-რეზონანსთან" ყურადღებას ამახვილებს ულტიმატუმზე დასქმებულთა მიმართ, რაც პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს.

    "ახლა აშკარაა სატრანსპორტო კოლაფსი. მეტროს მემანქანეების პრობლემა შესწავლილი გვაქვს საფუძვლიანად. ისინი, 2 წელია, მუდმივად ითხოვენ საპენსიო ასაკის დაწევას, პენსიის დანიშვნას სტაჟისა და დამსახურების მიხედვით, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, რადგან მეტროს ტექნიკა მოძველებულია და მათი ისედაც მძიმე სამუშაო პირობები უფრო მძიმდება.

    არც წინა და არც ახლანდელ მერიას არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს პრობლემების მოსაგვარებლად. შედარება და საუბარი იმაზე, რომ ბაღის მასწავლებელს ან სხვას ნაკლები ხელფასი აქვს, ააშკარავებს ჩინოვნიკების არაპროფესიონალიზმს. ამგვარი შედარება საერთოდ არ შეიძლება, რადგან ამ ადამიანებს სიცოცხლის დიდი ნაწილის გატარება მიწის ქვეშ უწევთ და სუნთქავენ ტოქსიკურ ნივთიერებებს. ისინი ავადდებიან და ხელფასის ნახევარზე მეტი მედიკამენტებში ეხარჯებათ, რადგან შესაბამისი დაზღვევა არ აქვთ.

    ჩემს რამდენიმე მეგობარს, რომლებიც მერიის სამსახურებში მუშაობენ (საგანგებოდ არ ვასახელებ ამ სტრუქტურებს), შესთავაზეს გადამზადება მეტროს მემანქანეებად. საუბარია იმ ხალხზე, რომლებიც ლამის მეტროშიც კი არ არიან ნამყოფი.

    აყველამ იცის მიკროავტობუსების მძღოლთა პრობლემები, რომლებიც პერიოდულად იფიცებიან ან აპროტესტებენ სამუშაო პირობებს. ყვითელი ავტობუსების მძღოლებს კი ნამდვილად ურთულეს პირობებში უწევთ მუშაობა. ასე რომ, პროტესტის ჯაჭვური რეაქცია მოსალოდნელია. მით უფრო, რომ მერია ცდილობს, მუქარითა და ულტიმატუმით მოაგვაროს ეს პრობლემა. აქ სხვაგვარი მიდგომაა საჭირო", - აცხადებს დავით მესხიშვილი.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved