სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ხალხი უფრო მეტს ხარჯავს სხვადასხვა ტიპის თამაშზე, ვიდრე - განვითარებაზე"
    ნათია ლომიძე
    06.06.2018

     ქართველები აზარტულ თამაშებში უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე საკვებში, განათლებაში, საწვავში ან სხვა მნიშვნელოვან ყოფით საკითხებში. ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა აზარტული თამაშებისკენაა მიდრეკილი, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო დიდ პრობლემას შექმნის.

    აზარტულ თამაშებზე მილიარდობით დახარჯული ლარი სამომავლოდ ქვეყანას დიდი პრობლემის წინაშე დააყენებს. აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტი ზურა კუკულაძე აღნიშნავს, რომ მოსახლეობის ნაწილი დიდ დროს კარგავს აზარტულ თამაშებზე, ქვეყნის ეკონომიკა კი, წინსვლის ნაცვლად, უკან იხევს.

    საქართველოში მოქალაქეები (როგორც რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტი პირები) აზარტულ თამაშებში უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე კვებაში, საწვავში და ა.შ. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს სათამაშო (აზარტული) ბიზნესის ბრუნვამ 5,650 მლრდ ლარი შეადგინა, რაც საცალო ვაჭრობის არასპეციალიზებული მაღაზიების ბრუნვასთან შედარებით თითქმის 1,6 მლრდ ლარით მეტია. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს საცალო ვაჭრობის არასპეციალიზებული მაღაზიების ბრუნვამ (სუპერმარკეტები, უბნის მაღაზიები და ა.შ.) 4,094 მლრდ ლარი შეადგინა.

    ამასთან, საწვავის ბაზრის ბრუნვა (საცალო ვაჭრობა, საავტომობილო სათბობით სპეციალიზებული მაღაზიების) შეადგენს 2,343 მლრდ ლარს.

    "ბიპიენის" ცნობით, თითქმის 4,1 მლრდ ლარით აღემატება სათამაშო ბიზნესის ბრუნვა რესტორნებისა და სასტუმროების მთლიან ბრუნვას. კერძოდ, 2018 წელს განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობით დაკავებული დაწესებულებების ბრუნვამ სულ 1,559 მლრდ ლარი შეადგინა.

    როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, საქართველოში ადამიანები აზარტულ თამაშებზე იმაზე მეტს ხარჯავენ, ვიდრე საწვავში, კვებასა და სასტუმრო-რესტორნებში. ასეთი დამოკიდებულება, კუკულაძის აზრით, დამღუპველია.

    "პრობლემა ისაა, რომ აზარტულ თამაშებზე დანახარჯი არის მზარდი. ჩვენ ყოველწლიურად დაახლოებით მილიარდიანი ზრდა გვაქვს აზარტულ თამაშებზე მოსახლეობისგან. ეს ნამდვილად კატასტროფაა. ვერ ვიტყვი, რომ თუ აზარტულ თამაშზე მოთხოვნა შემცირდება, სურსათზე მოთხოვნა გაიზრდება, ეს ერთმანეთთან კავშირში არ არის, მაგრამ გაფლანგული ფული რომ მოსახლეობასა და ოჯახებს აკლდება, ფაქტია.

    უკეთესი იქნებოდა, ამ სფეროში დანახარჯი შეედარებინათ განათლებაზე დახარჯული თანხებისთვის ან ტექნოლოგიებზე წვდომისთვის, ანუ იმისთვის, რაც ადამიანის განვითარებას უწყობს ხელს. ამ სექტორებს თუ შევადარებთ, დავინახავთ და დადასტურდება, რომ ხალხი უფრო მეტს ხარჯავს აზარტულ თამაშებზე, ვიდრე - განვითარებაზე.

    როდესაც აზარტულ თამაშებზე მაღალია დამოკიდებულება, იგი საზოგადოების განვითარებას აფერხებს. ამ შემთხვევაში განათლების პაკეტის მოხმარება მცირდება. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ნაწილი დიდ დროს კარგავს სხვადასხვა თამაშზე და ეკონომიკურ წინსვლას ხელი ვინ უნდა შეუწყოს, სრულიად გაურკვეველია", - განუცხადა "რეზონანსს" კუკულაძემ.

    აზარტულ თამაშებსა და მასზე მოთხოვნის შემცირების წინაპირობას ამ ეტაპზე ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია ვერ ხედავს. ერთ-ერთ გამოსავლად სპეციალისტი ქვეყნის ეკონომიკურ გაუმჯობესებას მიიჩნევს, რაც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების დიდ ნაწილს ცხოვრების წესს შეაცვლევინებდა.

    "ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ ქართველები ხარჯავენ აზარტულ თამაშებში ამხელა თანხას. იმ კვლევაში არის როგორც რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტი და სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც. სათამაშო ბიზნესი ჩვენთან განვითარებულია, ამიტომ სხვა ქვეყნიდანაც ჩამოდიოდნენ, დღესაც ჩამოდიან და უფრო მეტს ხარჯავენ, რაც საერთო ბრუნვაში აისახება. პირადად მე არ მიმაჩნია, რომ რიგითი ქართველი უფრო მეტს ხარჯავს აზარტულ თამაშებში, ვიდრე კვებაში. საერთოდ კი, მოსახლეობა 1/3-ს ხარჯავს სურსათზე და არა სხვა საგნების შეძენაზე ან განვითარებაზე.

    აზარტული თამაშების პოპულარობა, ერთი მხრივ, მძიმე სოციალურმა ფონმაც გამოწვია. ხალხი ცდილობს, რაღაც მხრიდან შემოსავალი მიიღოს, თუმცა დგამენ გაუაზრებელ ნაბიჯებს. ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური ფონის გაუმჯობესება გამოიწვევდა ცხოვრების წესის შეცვლას. უმეტესი ადამიანი პრესტიჟულობას მიანიჭებდა სხვა საქმეს და არა - აზარტულ თამაშებს.

    აზარტულ თამაშებს ვერ ავკრძალავთ და ვერ მოვაქცევთ რაღაც ჩარჩოში, რადგან კიდევ უფრო მძიმე შედეგს მივიღებთ. ეს სფერო იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს. ეკონომიკურად გაუმჯობესებული მდგომარეობა კი ადამიანების მეტ წილს ცხოვრების წესს შეაცვლევინებს", - განუცხადა "რეზონანსს" მაკალათიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved