სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რატომ ენდნენ სიტყვაზე მერიას გაფიცულები?
    ნათია ლომიძე
    08.06.2018

     მეტროს მემანქანეების გაფიცვა ყოველგვარი კონკრეტული შედეგის გარეშე შეწყდა. უცნობია, რატომ ენდნენ სიტყვაზე მერიას "პროტესტანტები", თუმცა ფაქტია, რომ არც ერთი მოთხოვნა უახლოეს მომავალში არ დაკმაყოფილდება. რაც შეეხება მოთხოვნებს, მისი განხილვა 2019 წლისთვის გადაიდო. სპეციალისტებს ეეჭვებათ, რომ მეტროს თანამშრომელთა პირობა თუნდაც 1 წლის შემდეგ შესრულდეს.

    3-დღიანი გაფიცვის შემდეგ მეტროპოლიტენმა მუშაობა 6 ივნისს, 14:00-ზე განაახლა. მემანქანეები მზად იყვნენ, გაფიცვა შეეწყვიტათ, თუკი მერია დოკუმენტურად დაადასტურებდა, რომ ხელფასის 45%-ით ზრდა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყებოდა. მიუხედავად ამისა, გაფიცვა დოკუმენტური დადასტურების გარეშე დასრულდა.

    პროფკავშირული გაერთიანება "ერთობა 2013"-ის თავმჯდომარე რატი კაპანაძე ამბობს, რომ მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე პასუხისმგებლობა მერიამ აიღო. როგორც მან "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, თუ რამდენით მოიმატებს თანამშრომლების ხელფასი, ამაზე პასუხი არ არსებობს და წლის ბოლომდე ამაზე ერობლივად გაგრძელდება მუშაობა.

    "შევხვდით ქალაქ თბილისის მერს, რომელმაც მოისმინა მოთხოვნები, გაგვაცნო სატრანსპორტო კომპანიაში არსებული მდგომარეობა და თბილისის ბიუჯეტის შესაძლებლობები. ჩვენი მხრიდან არ იყო ცალსახად დაყენებული მოთხოვნები ხელფასის დაუყოვნებლივი ზრდის შესახებ და კახა კალაძეც დაგვეთანხმა, რომ თანამშრომელთა შრომითი უფლებების გაუმჯობესებაზე ზრუნვა მისი, როგორც თბილისის მერის ვალდებულებაა.

    მომავალი წლიდან დედაქალაქის მთავრობა დაუბრუნდება ამ საკითხს და ერთობლივად განვიხილავთ შესაძლებლობებს, რათა გაუმჯობესდეს მემანქანეების ანაზღაურება. ჩვენ გვქონდა დრო, რათა გვემსჯელა და გაგვეანალიზებინა შეხვედრის დეტალები და მივსულიყავით კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე. ამ ეტაპზე ვენდობით თბილისის მერის დაპირებასა და მის სიტყვას.

    რაც შეეხება დეტალებს, თუ რამდენით მოიმატებს თანამშრომლების ხელფასი, ამაზე ერთობლივად ვიმუშავებთ მიმდინარე წლის განმავლობაში. ამ ეტაპზე მონახაზი გვაქვს, თუმცა, გარკვეული უზუსტობების გამო, თავს შევიკავებთ გასაჯაროებისგან.

    ამავე დროს, რასაკვირველია, ვაცნობიერებთ თბილისის მოსახლეობის ინტერესებს და გვესმის, რომ ამ დღეების განმავლობაში ისინი მოკლებული იყვნენ სწრაფი და მოხერხებული გადაადგილების საშუალებას, ამიტომ ჩვენ მეტროპოლიტენის მუშაობა განვაახლეთ.

    მინდა გამოვეხმაურო საზოგადოებაში გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს ჩვენი პროტესტის უკან დგას გარკვეული პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობენ პროცესების პოლიტიზირებას. გვინდა ცალსახად განვაცხადოთ, რომ ვემიჯნებით ყოველგვარ პოლიტიკას და ვმოქმედებთ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი უფლებების დასაცავად", - განუცხადა "რეზონანსს" კაპანაძემ.

    სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტები მერიის დამოკიდებულებას სკეპტიკურად უყურებენ და მემანქანეების გადაწყვეტილების გაგებაც უჭირთ. როგორც დავით მესხიშვილი ამბობს, გაფიცულები ყოველგავარი დოკუმენტის გარეშე "სიტყვაზე ენდნენ" მერიას, რაც მას მართებულად არ მიაჩნია. შესაბამისად, მერიამ მოიგო დრო.

    "მეტროს მემანქანეები დაიშალნენ ყოველგავარი კონკრეტული პირობის გარეშე. ეს ხაზგასმით აღნიშნა ქალაქის მერმა, რომ მათ შორის შეთანხმება არ მიღწეულა. კარგია, რომ ქალაქში სწრაფი ტრანსპორტით გადაადგილების შესაძლებელობა აღდგა, თუმცა მიმაჩნია, რომ მეტროს თანამშრომლებმა დაუშვეს შეცდომა.

    თბილისის მერიამ მოიგო დრო. 2019 წელს მემანქანეებს არ გაეზრდებათ ხელფასი, უბრალოდ, ისაუბრებენ ხელფასის გაზრდაზე. თუ განხილვას იანვრიდან დაიწყებენ, 2020 წელს შესაძლოა, დაკმაყოფილდეს მათი მოთხოვნა.

    სიმართლე გითხრათ, ვერ მივხვდი მემენქანეების პოზიციას გარდა იმისა, რომ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ და აღადგინეს მეტროს მუშაობა. დღემდე თბილისის მერიისგან კონკრეტული ხედვა არ მოგვისმენია", - განუცხადა "რეზონანსს" მესხიშვილმა და იქვე ისაუბრა იმ კონკრეტულ მოთხოვნებზე, რომლებიც მეტროს თამაშრომლებს წლებია, აქვთ და მათი შესრულება წინა მერის დროსაც არ მოხერხდა.

    "ამ ადამიანებს აქვთ პრობლემა, მათ შორის არის არასათანადო ხელფასი, უვარგისი სამედიცინო დაზღვევა. მათი უმეტესობა, სამწუხაროდ, პროფესიულ დაავადებას (გულსისხლძარღვთა პრობლემებს) უჩივის. სამედიცინო დაზღვევით ვერ სარგებლობენ და ხელფასის ნახევარი მიდის მათ მკურნალობაში. ამავე დროს ისინი საპენსიო ასაკის დაწევას ითხოვენ უკვე მრავალი წელია. მეტროს თანამშრომელთა 60% ვერც აღწევს საპენსიო ასაკს, მძიმე სამუშაო პირობებიდან გამომდინარე. ისინი ითხოვდნენ მოსასვენებელი ფართების კეთილმოწყობას.

    მე მაქვს კვლევა ჩატარებული და აქედან გამომდინარე ვამბობ ამ დეტალებს. არც ერთი პრობლემა გადაჭრილი არ არის, ეს პრობლემა წინა მერის დროსაც იყო და დღესაც გრძელდება. სწორედ ამის გამო გაუგებარია ჩემთვის, რა შეთანხმების საფუძველზე აღდგა მუშაობა. სიტყვაზე თუ ენდნენ, რამდენად გაამართლებს ეს ნდობა, 4-5 თვეში გამოჩნდება", - აცხადებს მესხიშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved