სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სოციოლოგები ასაკობრივი ზღვრის 27 წლამდე გაზრდას ითხოვენ
    მარი ჩიტაია
    08.06.2018

     23 წლამდე ახალგაზრდებს შესაძლოა, აზარტული თამაშები აუკრძალონ. ასკობრივი ცენზი შეეხება როგორც ტოტალიზატორებსა და კაზინოებს, ასევე ონლაინ თამაშებსაც. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოთამაშეთა რეესტრის შექმნა იქნება. სოციოლოგების ნაწილი პრინციპულად მოითხოვს, რომ ონლაინ კაზინოებისთვის რეგულაცია ძალიან მკაცრი გახდეს.

    რაც შეეხება კონკრეტულად ასაკობრივ ზღვარს, არსებობს მოსაზრება, რომ იგი რაც შეიძლება გაიზარდოს და 27 წლამდე განისაზღვროს. არის სხვა მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც, აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობა მოქალაქის შემოსავლებზე უნდა იყოს დამოკიდებული.

    სანამ პარლამენტი ახალ კანონპროექტს მიიღებს, გარკვეულ საკითხებს ფინანსთა სამინისტროსთან შეაჯერებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს ასაკობრივი ცენზის განსაზღვრას, რომელზე მუშაობაშიც საქართველოს საპატრიარქოც ჩართულია.

    "საპატრიარქო ითხოვს, ასაკობრივი ცენზი განისაზღვროს 23-24 წლით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 22 წელი ოპტიმალურია. საქართველოში თითოეულ თეთრს მნიშვნელობა აქვს, მოქალაქეები სამუშაო ადგილებით განებივრებული არ არიან და, ხშირ შემთხვევაში, ეს აზარტული თამაშები ოჯახებისთვის პრობლემაა", - განმარტავს გოგიჩაიშვილი.

    სოციოლოგების მოსაზრებით, ქვეყანაში საერთოდ უნდა აიკრძალოს აზარტული თამაშები, მაგრამ თუ მაინც დაუშვებენ, მოთამაშეთა ასაკი მკაცრად უნდა განისაზღვროს. რამაზ საყვარელიძის აზრით, 27 წლამდე ახალგაზრდებს კაზინოებსა და ტოტალიზატორებზე წვდომა მაქსიმალურად უნდა შეუზღუდონ. რაც შეეხება ონლაინ თამაშებს, საყვარელიძე ფიქრობს, რომ ამ ნაწილში შესაძლოა, კანონპროექტმა რეალურად ვერ იმუშაოს.

    "სიმართლე გითხრათ, მომხრე ვარ, საერთოდ აიკრძალოს აზარტული თამაშები, მაგრამ მთავრობა თუკი ამ სექტორიდან მიღებულ ფინანსურ სარგებელს ვერ შეელევა, ასაკობრივი ზღვარი მაქსიმალურად იქნება გასამკაცრებელი. სასურველია, იგი 27 წლამდე გაიზარდოს. კარგი იქნება, თუ მოქალაქეებს გარდამავალი ასაკის მიღწევამდე არ ექნებათ აზარტულ თამაშებზე წვდომა. ამ ასაკში ახალგაზრდას მეტ-ნაკლებად აქვს ისეთი შემოსავალი, რომ მართლზომიერი ნაბიჯი გადადგას, ამიტომ მას მერე უნდა ჩაერთოს თამაშებში, რაც ეკონომიკურად იქნება უზრუნველყოფილი.

    მიუხედავად ამისა, კანონპროექტის მიმართ დიდ ოპტმიზმს ვერ გამოვავლენ. ჩემი აზრით, დიდად ვერ დაიცავს ეს კანონი ხალხს, როცა ინტერნეტზე წვდომა უსაზღვროა და ადამიანებს ადვილად შეუძლიათ, ალტერნატივა მოძებნონ. მესმის, აზარტულ თამაშებზე წვდომა შემცირდება, მაგრამ პრობლემა საბოლოოდ მაინც მოუგვარებელი დარჩება.

    ისე მომძლავრებულია აზარტული თამაშები საზოგადოებაში, რომ საეჭვოა, რამე მოხერხდეს, სერიოზული პრობლემაა ქვეყანაში და როგორმე უნდა შევძლოთ მასთან გამკლავება, რომ ათასობით ოჯახი მატერიალურად და მორალურადაც გადარჩეს", - განუცხდა "რეზონანსს" საყვარელიძემ.

    ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია აზარტული თამაშების რეგულირების საკითხთან დაკავშირებით თავის დროზე აქტიურად მუშაობდა. ორგანიზაციის ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ქვეყანაში ონლაინ კაზინოებით მოსარგებლეთა რიცხვი დაახლოებით 400 ათას ადამიანს უტოლდება. მათი ასაკი 14-დან 35 წლამდე მერყეობს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში ამ ასაკის დაახლოებით 1 033 000 ადამიანია, ეს იმას ნიშნავს, რომ ამავე ასაკობრივ ჯგუფში ყოველი მეორე ადამიანი აზარტულ თამაშებშია ჩართული. ერთი მოთამაშე დღეში, საშუალოდ, 4-5 საათს ატარებს აზარტული თამაშების მახეში.

    აფბა-ს ანალიტიკოს ზურაბ კუკულაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით რეფორმა სწორად გატარდეს.

    "ასაკობრივი ცენზი, 21 წლით განისაზღვრება ის თუ 23-ით, დიდად ვერ შეცვლის მდგომარეობას. ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა, აზარტულ მოთამაშეთა რეესტრის შექმნის საკითხი გადაწყდეს, რაზეც ამ ცოტა ხნის წინ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა. მოქალაქეთა დასაცავად ჩვენ თუ არ გვექნა სწორი მექანიზმი, შედეგს ვერ მივაღწევთ. საქმე იქამდე მივიდა, რომ დღეს ონლაინ აზარტულ თამაშებზე წვდომა 13 წლის ბავშვსაც აქვს.

    შესაქმნელია აზარტულ მოთამაშეთა რეესტრი, რომ ამ ადამიანების შესახებ მოიპოვებოდეს ინფორმაცია. ამით შესაძლებელი იქნება, მოთამაშეთა ასაკი გამოვლინდეს. მიმაჩნია, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ასაკს არ აქვს, მთავარია, აზარტული თამაშები შემოსავალთან იყოს მიბმული. ვისაც არ აქვს ფინანსური რესურსი, თამაში უნდა აეკრძალოს.

    დღეს სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემას ქმნის სწორედ ამ კატეგორიის მოქალაქეების ჩაბმა აზარტულ თამაშებში. ბუნებრივია, აზარტზე დამოკიდებულებაში ასაკი ერთ-ერთი ყურადსაღები ფაქტორია, მაგრამ მნიშვნელოვანია მოთამაშეთა შემოსავლების გათვალისწინებაც, რომ სოციალური პრობლემა შემსუბუქდეს ქვეყანაში", - აღნიშნა ზურაბ კუკულაძემ "რეზონანსთან" საუბრისას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved