სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    08.06.2018

     ბოლო დღეებში რუსეთიდან აფხაზეთში ჩასული რამდენიმე ასეული დამსვენებელი პანსიონებში არ შეუშვეს. აღმოჩნდა, რომ ისინი თაღლითობის მხვერპლნი გახდნენ და ინტერნეტში მათ მიერ ნაყიდი საგზურები ყალბი იყო.

    სულ საუბარია რუსი ტურისტების 300-მდე ოჯახზე, რომელთაც დახმარებისათვის ორგანიზაცია "აფხაზეთის ტურისტული კავშირის" საგანგებო "ცხელ ხაზზე" დარეკეს და დახმარება ითხოვეს. თაღლითობით დაზარალებულთა საერთო რაოდენოდა, სავარაუდოდ, უფრო მეტია.

    შექმნილი მდგომარეობის გამო, რამდენიმე დაზარალებული ოჯახი აფხაზეთში მოქმედმა პანსიონატებმა შეიფარეს.

    რუსული მედიის ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ასობით რუსეთის მოქალაქე გახდა ასეთი თაღლითობის მსხვერპლი.მათი მოქმედების სქემა ასეთია - თაღლითები ქმნიან აფხაზეთში რეალურად არსებული პანსიონების თითქოსდა ოფიციალურ ვებ-გვერდებს და მსურველებს აფხაზეთში დასასვენებლად მისაღებ პირობებსა და ფასდაკლებებს სთავაზობენ. უფრო კონკრეტულად კი, თუკი ისინი ტურისტული საგზურის გადასახადს მაშინვე გადაიხდიდნენ, 20%-იან ფასდაკლებას მიიღებდნენ.

    რუს მომხმარებლებში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ დასასვენებელი სახლების "სოსნოვაია როშჩასა" და "ფსოუს" ყალბი საიტები.

    დაინტერესებულ მომხმარებლებს უგზავნიან ხელშეკრულებას, რომელიც, დაზარალებულების თქმით, ვიზუალურად და შინაარსობრივად არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ხელშეკრულებებისგან. თაღლითები ითხოვენ თანხის სრულად გადარიცხვას და ფულის მიღების შემდეგ აღარ გადიან კონტაქტზე. აფხაზეთში ჩასული გულუბრყვილო ტურისტები პრაქტიკულად ღია ცის ქვეშ რჩებიან.

    დაზარალებულების თქმით, თაღლითების მიერ შექმნილი საიტი საკმაოდ პოპულარული იყო რუს მომხმარებელთა შორის. ამჟამად საიტების უმრავლესობა დაბლოკილია. როგორც გაირკვა, ეს საიტები სულ ახლახან იყო შექმნილი, ერთი - მარტში, ხოლო მეორე - მაისში.

    რუსულ მედიაში უკვე გაჩნდა მონაცემები, თუ კონკრეტულად სად ირიცხებოდა მოტყუებული ტურისტების მიერ გადარიცხული ფული. დაადგინეს, რომ მომხმარებლები შეთანხმების გაფორმების შემდეგ ფულს არა პანსიონების, არამედ რუსეთის სხვადასხვა ქალაქში დარეგისტრირებული კონკრეტული შპს-ების ანგარიშებზე გზავნიდნენ. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ფირმა დარეგისტრირებული იყო მოსკოვში, ხოლო მეორე - კრასნოიარსკში.

    რუსულმა მედიასაშუალებებმა შეძლეს სავარაუდო დამნაშავეების ვინაობის დადგენაც, კერძოდ, ამ კომპანიების გენერალური დირექტორები არიან ვინმე სერგეი ივანოვი და რუსლან შიპოვალოვი.

    რაც შეეხება თანხებს, დაზარალებულთა მონაცემებით, 2-კვირიანი დასვენება აფხაზეთში, ამ ყალბი საიტების მიხედვით, 30-დან 38 ათას რუბლამდე (დაახლოებით 1180-1520 ლარი) ღირდა.

    პოლიტიკურ ექსპერტ მამუკა არეშიძის თქმით, აფხაზეთში საკმაოდ ხშირია მსგავსი შემთხვევები.

    "ასეთი ფაქტები ჩვენთვის ცნობილია. როგორც აფხაზური პრესა წერს, მსგავსი შემთხვევები საკმაოდ ხშირად ხდება. სამწუხაროდ, ეს არის ტურისტული ბიზნესის მახასიათებელი ბევრი ქვეყნისთვის. ვფიქრობ, მსგავსი თაღლითობები საკმაოდ ცუდად იმოქმედებს აფხაზეთის ტურისტულ სეზონზე და ეს აფხაზეთის ბიუჯეტსაც ძალიან მტკივნეულად ურტყამს.

    "რა თქმა უნდა, არასასიამოვნო ფაქტია აფხაზებისთვის ეს და ყველანაირად ცდილობენ, რომ სიტუაცია გამოასწორონ, თუმცა ამის გამოსწორება ძნელია, რადგან აფხაზეთში სოციალური ვითარებაა რთული და ამის გამო კრიმინალური ფონია ძალიან ძლიერი", - აცხადებს მამუკა არეშიძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved