სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მიუხედავად იმისა, რომ პარკირების მთელი სისტემა მუნიციპალიტეტმა დაიბრუნა, "სტაიანშიკებზე" ყველა თვალს ხუჭავს
    ნათია ლომიძე
    09.06.2018

     თბილისის ქუჩები თვითნებურად დასაქმებული "სტაიანშიკები" ქალაქში მოძრავი მძღოლების მთავარი პრობლემაა, რომლის დარეგულირებას უკვე პირდაპირ მერიას სთხოვენ. რამდენადაც პარკირების მთელი სისტემა უშუალოდ მუნიციპალიტეტმა დაიბრუნა, ახლა ყველანაირი პასუხისმგებლობა მათზეა. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები კი ისევ აცხადებენ, რომ ამ ადამიანების რეგულაცია მათ კომპეტენციაში არ შედის. რაც შეეხება მძღოლების მიერ გადახდილ თანხას, ეს მათი კეთილი ნებაა.

    თბილისის მერიის ვებ-გვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეებს თბილისში "სტაიანშიკების" ალაგმვის მოთხოვნაც დაემატა. ერთ-ერთი მოქალაქე თბილისის სხვადასხვა უბანში უკანონოდ მომუშავე ხელჯოხიანი ადამიანების რეგულირებას ითხოვს და მათ მიერ დაწესებულ გადასახადს, რომელიც 0.2-დან 2 ლარამდე მერყეობს, უკანონოს უწოდებს. ვებ-გვერდზე რამდენიმე იდეა გამოჩნდა, მათთვის ხმის მიცემის ვადა 2018 წლის 31 ივლისამდეა.

    მოთხოვნა ასეთია - "თბილისში მანქანის გასაჩერებელ პარკირების ადგილას გაურკვეველ ადამიანს, ვისაც ფოსფორისფერი ჟილეტი აცვია, 0,2-დან 2 ლარამდე თანხა უნდა გადაუხადო. ფულის გადახდის ეს პროცესი აბსოლუტურად უკანონოა. "სტაიანშიკი" იღებს უკანონო შემოსავალს, რომლის აღრიცხვა-რეგულაცია არ ხდება.

    ამიტომაც აუცილებელია, აღირიცხოს ყველა "სტაიანშიკი" და მიეცეთ სპეციალური მოწმობები, რომელიც თან ექნებათ მუშაობისას, რაც უზრუნველყოფს მძღოლების ნდობას. მიენიჭოთ მათ იურიდიული სტატუსი (მიკრომეწარმე, ინდმეწარმე და ა.შ.), ასევე, სიმბოლურად დაუწესდეთ მოწმობის ყოველთვიური გადასახადი - 10 ლარი, რათა კანონის ფარგლებში მოექცეს მათი საქმიანობა.

    განისაზღვროს პარკირების დროს გადასახდელი მაქსიმალური თანხა (მაგალითად, 0,2 ლარიდან 0,5 ლარამდე). ეს რეგულაცია ქუჩაში ყოველდღიურად მიმდინარე უკანონობას კანონის ფარგლებში მოაქცევს, მძღოლები კი დავზოგავთ დროსა და ნერვებს", - აღნიშნავს მოქალაქე.

    მერიაში კი ისევ ამტკიცებენ, რომ თვითნებურად დასაქმებული ადამიანების საკითხი მათ არ ეხებათ. როგორც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში "რეზონანსს" უთხრეს, "სტაიანშიკების" რეგულაცია მათ კომპეტენციას სცილდება, ხოლო მძღოლებმა თავად უნდა დაარეგულირონ და უზრუნველყონ ქალაქში გაჩერება. მათი თქმით, ეს პირები არიან თვითდასაქმებულები, რომლებსაც მერია არ აკონტროლებს და მძღოლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, მათ რაიმე გასამრჯელო მისცეს თუ - არა.

    "პარკირება გადაცემული აქვს "თბილისი პარკინგს", რომელიც თავის საქმეს აკეთებს. თუ მუნიციპალურ საპარკინგე ტერიტორიაზე თვითდასაქმებული პირი მძღოლებისგან თანხას მიიღებს, ეს მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და არ რეგულირდება მერიის მიერ", - აცხადებენ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.

    "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავა "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მერიას მაინც მოუწევს ქალაქის სხვადასხვა უბანში თვითნებურად დასაქმებული "სტაიანშიკების" რეგულირება, რადგან ეს მათი სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია.

    "მერიას მაინც მოუწევს ამ პრობლემის მოგვარება. "სითი პარკი" აღარ არის და ახალი საპარკინგე პოლიტიკის პირობებში კალაძის უწყებას ევალება, მოაწესრიგოს ქალაქში მდგომარეობა. პარკირების პრობლემას რომ მოაგვარებენ, შეიძლება ეს ადამიანებიც დასაქმდნენ იქ.

    ქალაქში ამ მხრივ პრობლემა მართლაც გვაქვს. ახალი საპარკინგე ადგილები უნდა შეიქმნას, საათობრივი გადასახადი დაწესდეს და საერთოდაც უამრავი ფაქტორია შესაცვლელი. თუ გონივრულად მიუდგებიან, ეს არ გულისხმობს თვითდასაქმებული ადამიანებისთვის ფულის შოვნის ერთადერთი წყაროს დაკარგვას, ეს იქნება ვითარების მოწესრიგება და კანონიერ ფარგლებში მოქცევა", - განუცხადა "რეზონანსს" კვაშილავამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved