სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    იმდენად გაძვირდა მომსახურება, რომ ქალბატონებიც კი ბევრ რამეზე უარს ამბობენ
    თეო გუდავაძე
    13.06.2018

     დედაქალაქში სალონური მომსახურება თვალში საცემად გაძვირდა. მომხმარებელი უკმაყოფილოა, ხოლო დასაქმებული პერსონალი იმ სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც იძულებულნი გახდნენ, ფასი გაეზარდათ. რაც სილამაზის სალონების მკაცრი კონტროლი დაიწყო და მეპატრონეები იძულებულნი გახდნენ, შეეძინათ აპარატები, რომლებიც უზრუნველყოფენ დეზინფექციას, მათი ხარჯიც ერთბაშად გაიზარდა.

    ყველა ადამიანს მოსწონს და სიამოვნებას ანიჭებს თავის მოვლა, დღეს ამის საშუალებას უამრავი სილამაზის სალონი იძლევა. ასევე, ქალბატონები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კომფორტს, თუმცა ბოლო პერიოდში ნაწილი უარს ამბობს ამ სიამოვნებაზე, რადგან მომსახურება გაძვირებულია და სრული პაკეტის შეძენას ძალიან ბევრი ვერ ახერხებს. ამიტომ ისინი ცდილობენ, მხოლოდ აუცილებელი პროცედურები ჩაიტარონ, რასაც თავად ვერ ახერხებენ.

    ნუკი ლომსაძე 28 წლისაა და სალონს კვირაში სამჯერ მაინც სტუმრობს: "კარაოკე ბარში ვმუშაობ წამყვანად, კვირაში ორი დღე და როდესაც ამდენ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა, აუცილებელია, კარგად გამოვიყურებოდე. ელემენტარულად, თმის დავარცხნა მაინც მიწევს სალონში, რაც მიჯდებოდა, მინიმუმ, 15 ლარი, ახლა კი 20 გახდა. როგორც ვაკვირდები, ფრჩხილების გაკეთებაც, წარბებიც 2-3 ლარით არის გაძვირებული. მესმის, რომ იმდენი ხარჯი აქვთ, სხვანაირად ვერ ახერხებენ, თუმცა ჩემთვისაც ძალიან რთულია ერთ შესვლაზე 20 ლარის გადახდა. თუ სრული პაკეტი მჭირდება, 150 ლარიც არ მყოფნის.

    ხელფასი დაბალია და სხვა ყველაფერი იმდენად ძვირი ღირს, რომ ერთმანეთს არ მიესადაგება. როდესაც სალონში მივდივარ და სტილისტებს ვესაუბრები, მათგან ხშირად მესმის, რომ ძალიან დიდი ხარჯი აქვთ. გამკაცრების შემდეგ აპარატების შეძენა გახდა სავალდებულო. დღის განმავლობაში ეს აპარატები სულ ჩართული აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ თვეში დენის გადასახადიც ბევრად მეტი მოსდით, ვიდრე მანამდე. ეს პატარ-პატარა დეტალები კი ერთმანეთს ემატება და, საბოლოო ჯამში, დიდ ხარჯამდე მიდის.

    ალბათ ძალიან მალე სალონური მომსახურება იმდენად გაძვირდება, რომ ქალბატონებს ბევრ რამეზე უარის თქმა მოუწევთ. მაგალითად, ყოველი ლაქის გადასმაზე რომ სალონში გავრბივარ, ვეღარ ვივლი და თავად მომიწევს ამის გაკეთება სახლის პირობებში", - აღნიშნა ნუკი ლომსაძემ "რეზონანსთან" საუბრისას.

    დღეს უამრავი სილამაზის სალონია გახსნილი და ყველა მათგანი ცდილობს, განსაკუთრებული მომსახურება გაწიოს, რათა ბევრი მომხმარებელი ჰყავდეს. სწორედ ამ განსაკუთრებულ მომსახურებაში შედის ის დეტალები, რაც, საერთო ჯამში, იწვევს სიძვირეს და იმდენად ლოგიკურია, რომ მომხმარებლები ვერც აპროტესტებენ.

    სადეზინფექციო აპარატების გარდა, სალონური მომსახურების ფასების ზრდაზე იმოქმედა პროდუქციის გაძვირებამაც. ალინა წულაია სალონში სტილისტად მუშაობს. მისი თქმით, გაძვირებულია თითქმის ყველა საჭირო პროდუქცია, რის გამოც მოუწია, 3-5 ლარით გაეზარდა ფასი.

    "საბურთალოზე ვმუშაობ ერთ-ერთ სალონში და ახალი კანონი რომ შემოვიდა, მაშინ შევიძინეთ ყველანაირი სადეზინფექციო აპარატი. უკვე თვის ბოლოს გარკვეულ მომსახურებაზე გავზარდეთ ოდნავ ფასი, მაგრამ ბოლო პერიოდში სხვა რაღაცებიც გაძვირდა - მაკიაჟის მასალა, თმის მუსები და ა.შ. რასაც აქამდე ვიწერდით 20 ლარად, ის ახლა 25 გვიჯდება. იძულებულები გავხდით, კიდევ გაგვეძვირებინა. ერთადერთი თმის შეჭრასა და დავარცხნაზე ძველი ფასი დავტოვეთ, რომ კლიენტები ძალიან არ განაწყენებულიყვნენ.

    ჩვენს ქუჩაზე არის ისეთი სალონებიც, რომლებმაც აბსოლუტურად ყველაფრის ღირებულება გაზარდეს. როდესაც სრულ პაკეტს იღებს მომხმარებელი და ყველა პროცედურაზე დამატებით 2-3 ლარს იხდის, საბოლოო ჯამში, ბევრი გამოდის და ძნელი გადასახდელია", - აღნიშნა "რეზონანსთან" ალინა წულაიამ.

    ჯანდაცვის კუთხით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანთა ინფიცირების ძირითადი წყარო სილამაზისა და ტატუ სალონებია. ამიტომ სილამაზის სალონებს დაავალდებულეს ისეთი აპარატების შეძენა, რომელთა გამოყენების შემთხვევაში რისკი მინიმუმამდე იქნებოდა დასული. სწორედ ასეთი რეგულაციის შემდეგ დაიწყო ფასების ზრდა ბაზარზე, რამაც პრობლემა შეუქმნა როგორც მომხმარებელს, ასევე, სალონის მფლობელებსაც.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved