სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    იყო თუ არა სერბეთი-შვეიცარიის მატჩის რეპორტაჟისას რასისტული და ქსენოფობიური განცხადებები - იურისტთა შეფასება
    თამარ შუკვანი
    02.07.2018

     "არა ფობიას" სამოქალაქო პლატფორმამ პირველი არხის სპორტული კომენტატორები დისკიმინაციასა და ქსენოფობიური ენის გამოყენებაში დაადანაშაულა. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, სპორტული ჟურნალისტები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირებისას რასისტულ გამონათქვამებს მიმართავდნენ.

    იყო თუ არა ეს ქსენოფობიური ენის გამოყენება და კანონის რომელი მუხლი დაარღვიეს ჟურნალისტებმა, ამ საკითხზე "მთელი კვირა" იურისტ ლევან ალაფიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მედიასაშუალებებმა უფრო "მეტად უნდა იზრუნონ ჟურნალისტების განათლებაზე."

    "წმინდა სამართლებრივი კვალიფიკაციით, მტიცებით ფორმაში რთული იქნება ამაზე საუბარი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ლაპარაკია ისეთ თემებსა და წმინდა სამართლებრივი შინაარსის საკითხებზე, რომელშიც საზოგადოების ფართო ფენები, მათ შორის ჟურნალისტები, ვერ ერკვევიან და გაუმართლებელია, მოსთხოვო, რომ სრულად იცოდნენ ეს ყველაფერი.

    "შეფასება გამიჭირდება, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიცია არ ვიცი და სწორედ ამიტომ, კარგი იქნება, თუკი დისკრიმინაციული მიმართულებით ჟურნალისტების მეტ განათლებაზე იზრუნებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. შესაძლოა, ალბათობის მაღალი ხარისხით, სწორედ ამით იყოს ეს ჭუჭყი გამოწვეული," - განაცხადა ალაფიშვილმა.

    მისი თქმით, ჟურნალისტები უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ისეთ საკითხებს, რომლებიც ფართო აუდიტორიამდე მიდის და სამომავლოდ იზრუნონ დისკრიმინაციული ტერმინების გამოყენების აღკვეთაზე.

    "პროდუქტი მიეწოდება საზოგადოებას, მათ შორის ასეთი ხარვეზიანი პროდუქტიც და მომხმარებელზეც გადადის ანალოგიური განწყობა. მეტი პასუხისმგებლობა კარგი იქნებოდა," - აღნიშნა ალაფიშვილმა.

    ამ საკითხთან დაკავშირებით "მთელი კვირა" იურისტ ქეთი ბექაურსაც ესაუბრა, რომელმაც გვითხრა, რომ ეს იყო ფეხბურთის მატჩის ჩვეულებრივი განხილვა და ისე არ უნდა იყოს აღქმული, როგორც დისკრიმინაციული ფაქტი.

    "ეს იყო ჩვეულებრივი მსჯელობა და არა ქსენოფობიური განცხადებები და სიძულვილის ენით ლაპარაკი. ეს ფეხბურთელები საქართველოში არ არიან და მათ მიმართ ქართველებს არ გამოუთქვამთ არანაირი დისკრიმინაციული აზრი და კომენტარი. ეს იყო ფეხბურთის მატჩის ჩვეულებრივი გარჩევა. მე ვერ ვხედავ აქ ვერანაირ დისკრიმინაციას, შეურაცხყოფასა და ქსენოფობიურ განცხადებას. ასე ხელაღებით ყველა ჩვენი ჟურნალისტი არ უნდა დავადანაშაულოთ ქსენოფობიურ ენაში," - განაცხადა მან.

    გთავაზობთ "არა ფობიას" მიერ ციტირებულ საფეხბურთო კომენტატორთა ტექსტებს, რომლებიც, მათი შესაფებით, ქსენოფობიურ განცხადებებს შეიცავს:

    გიგა გვენცაძე: "...და შვეიცარიის ნაკრებში, წმინდასისხლიანი შვეიცარიელი ძალიან ცოტაა, ვინც ძირითად ნაკრებში თამაშობს. მეკარე ზომერზე თუ ვიტყვით ამას და რამდენიმე მოთამაშეზე."

    დავით ბანაშვილი: "შანჟირი, ბაკა, ჯეჰრამი, ჯემაილი - ნახევარი გუნდი შვეიცარიის ნაკრებისა წარმოშობით ალბანელები არიან."

    გიგა გვენცაძე: "არც რიკარდო როდრიგესია სუფთა სისხლის შვეიცარიელი, ესპანელ-ჩილელია, აკანჟი ნიგერიელია."

    "ფეხბურთელთა რასობრივი კუთვნილების მიხედვით დაყოფა და პიროვნების დახასიათება ბიოლოგიური წარმომავლობის ნიშნით ("სუფთა (წმინდა) სისხლის") ქსენოფობიური და რასისტული განწყობის მატარებელია," - ნათქვამია "არა ფობია"-ს განცხადებაში.

    ამის საპასუხოდ პირველი არხის სპორტულმა კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებას "მორიგი ცილისწამება" უწოდა.

    "პირველ რიგში, საერთოდ, არასწორად არის ციტატები მოყვანილი, რაც ვითომ ბრჭყალებში აქვთ ჩასმული, სინამდვილეში ეგრე არ იყო ნათქვანმ. ასეთი ცილისწამება და ამხელა სიცრუე ნამდვილად არ ეკადრება ასეთ ორგანიზაციებს.

    "თვითონ იმ ფაქტის დაფიქსირება, რომ შვეიცარიის ნაკრებში წარმოშობით ალბანელი ფეხბურთელები თამაშობენ, დისკრიმინაციაა?! ჯაკამ და შაჩირიმ შვეიცარიის მაისურით გოლები გაიტანეს და აღნიშვნის დროს ხელებით ალბანური არწივი გამოსახეს. ეს არ უნდა ახსნას კომენტატორმა? კონტექსტს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა? სად დაინახეს აქ რასიზმი ან რაიმე სახის დისკრიმინაცია? რა მარაზმია?

    "ჯერ ტყუილი, არასწორი ციტირება და ელემენტარული არაპროფესიონალიზმი და მერე ეს სისულელე... გვარებიც მაგრა აქვთ დაწერილი. ციტირების დროს სხვა სფეროებშიც თუ ასე კომპეტენტურად მუშაობენ ეს ორგანიზაციები, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე", - წერს გიორგი ზურაბიშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved