სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    აბიტურიენტები და მშობლები ფიქრობენ, რომ საგამოცდო სისტემა ყოველმხრივ გაუმართავი და დაუმუშავებელია
    თეო გუდავაძე
    04.07.2018

     2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ხმაურიანად დაიწყო. პირველი გამოცდა აბიტურიენტებს 2 ივლისს ჩაუტარდათ. მოზარდებისა და მშობლების პროტესტი უამრავმა საკითხმა გამოიწვია, თუმცა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ტემპერატურა და საგამოცდო ცენტრების კონდიციონერებით აღჭურვის მოთხოვნაა. საზოგადოების უმეტესი ნაწილი ფიქრობს, რომ საგამოცდო სისტემა ყოველმხრივ გაუმართავი და დაუმუშავებელია, რადგან ერთ-ერთი პრობლემა არის არასწორი განლაგება მისამართების მიხედვით. წლევანდელი გამოცდების განრიგი უკვე შეიცვალა, თუმცა მომავალში შესაძლოა, უფრო მასშტაბური ცვლილება მოხდეს.

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ტრადიციულად ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. მაღალი ტემპერატურისა და გამაგრილებელი სისტემის არარსებობის გამო, აბიტურიენტებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, თუმცა ბევრს ვერაფერს მიაღწიეს. საბა ავლაკაშვილი ერთ-ერთი აბიტურიენტია, ვინც იმ საპროტესტო აქციაშიც იღებდა მონაწილეობას, სადაც აბიტუნრიენტები და მათი მშობლები სკოლების გამაგრილებელი სისტემით აღჭურვას ითხოვდნენ.

    "ეს განსაკუთრებული სიცხე მაინცდამაინც ბოლო დღეებში დაემთხვა და რატომღაც იქამდე არავის აზრად არ მოსვლია, რომ 40 გრადუსში კონდიციონერის გარეშე მოგვიწევდა ორ- და სამსაათიან გამოცდებზე სხომა. სახლშიც კი მიჭირს მეცადინეობა და აზროვნება, როდესაც ყველანაირი პირობა მაქვს შექმინილი და იმაზე არ ფიქრობენ, ასეთ პატარა ოთახში, სტრესულ გარემოში და პლუს სიცხეში, როგორ უნდა ვაბაროთ ასეთი მნიშვნელოვანი გამოცდები.

    სად იყვნენ აქამდე ან სკოლები რატომ არ უნდა იყოს აღჭურვილი გამაგრილებელი სისტემებით? პრემიერ-მინისტრმა სანამ არ გააკეთა განცხადება, იქამდე ის ოთხი კონდიციონერიც ვერ მოიფიქრეს, რომ დაეყენებინათ, თუმცა ეს კიდევ უფრო გამაღიზიანებელი იყო. რას ნიშნავს შერჩევითი პრინციპით დამოტაჟება, აბიტურიენტებმა არათანაბარ პირობებში რატომ უნდა წერონ ერთი და იგივე გამოცდა?

    საბოლოო ჯამში, ამ ხმაურმა ისევ ჩვენ დაგვაზარალა, სამინიტრომ კი, ვითომ გამოსავალი მოძებნა და, დილით გადმოგვიტანა გამოცდების ნაწილი. მე ვცხოვრობ ვარკეთილში და გამოცდის ჩასაბარებლად ქალაქის მეორე ბოლოში, გლდანში მომიწია წამოსვლა. ეს ართულებს ყველაფერს განსაკუთრებით, როდესაც დილით ტარდება გამოცდები. ხომ უნდა გაანაწილონ საცხოვრებელი ადგილების მიხედვით, რომ ერთი ბოლოდან მეორეში წასვლა არ მიწევდეს, გზაში არ ვიღლებოდე და დაგვიანების არ მეშინოდეს? ყველამ კარგად იცის, თუნდაც ორი წუთი რომ დაგაგვიანდეს, მოგხსნიან გამოცდიდან.

    გაუმართავია ეს სისტემა და იმდენად მარტივ გზებს ეძებენ მოსაგვარებლად, რომ კარგა ხანი არაფერი გამოვა. როგორც ჩანს, ხარჯების თავიდან ასარიდებლად აპირებენ, შემდეგ წელს გაზაფხულზე ჩაატარონ გამოცდები", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას საბა ავლაკაშვილმა.

    წელს ეროვნულ გამოცდებში 39 000 აბიტურიენტი მონაწილეობს. მათ პირველად ეძლევათ შესაძლებლობა, გამოცდაზე საკუთარი კალმები გამოიყენონ, რადგან წინა წლებში ამაზეც პრობლემა იყო. კალმები მაღალ ტემპერატურაზე სკდებოდა და აბიტურიენტებს მელნით ესვრებოდათ ნაშრომები, ეს ყველაფერი კი დროის ფლანგვასა და ნერვიულობას იწვევდა.

    სესილი ხუჯაძე აბიტურიენტის დედაა. ის არა მხოლოდ კონდიცირების სიტემის უქონლობაზე, არამედ სხვა პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას:

    "წელს ჩემი უმცროსი გოგო აბარებს გამოცდას, 5 წლის წინ კი უფროსმა ჩააბარა. რა მდგომარეობაც მაშინ იყო, ზუსტად იგივე მდგომარეობაა ახლა. წლები გადის და არაფერი იცვლება. მუხიანში ვცხოვრობთ და მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ჩვენს უბანშია საგამოცდო ცენტრი, ვარკეთილის სკოლაში აქვს ჩემს შვილს გამოცდა, უფროსს კი "გეპეის" მეექვსე კორპუსში ჰქონდა. ვერ ანაწილებენ მისამართების მიხედვით თუ რა ხდება, ვერ ვხვდები.

    ამას რომ თავი დავანებოთ, იციან, რომ ყოველ წელს მშობლების უწყვეტი ნაკადი ელოდება თავიანთ შვილებს და არანაირი პირობები ამისთვის არ არის. დავუშვათ, პატარ-პატარა საგამოცდო ცენტებთან ვერ ახერხებენ, მაგრამ ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსთან 40 გრადუს სიცხეში ასობით მშობელი რომ იწვის, ხომ შეიძლება, ელემენტარული ქოლგები მაინც გაშალონ ან რომელიმე დარბაზში შეუშვან შიგნით.

    მგონია, რომ ჯარში ვაცილებ ბავშვს, არანაირი ლოიალური მოპყრობა არც მათ და არც ჩვენ. უბრალოდ, სირცხვილია ასეთი პირობები, რა გახდა, თუნდაც კარგი ვენტილატორები რომ დაუდგან. პატარა ოთახებში ესეც ეყოფათ ბავშვებს, პირველ ჯერზე თუ კონდიციონერებს ვერ დგამენ. პროტესტი რომ არ გამოეთქვათ ამ ბავშვებს, თვითონ ვერ ხვდებიან, როდის რა უნდა გააკეთონ და როგორ მოიქცნენ? სირცხვილია ასეთი დამოკიდებულება მათი მხრიდან", - აღნიშნა "რეზონანსთან" სესილი ხუჯაძემ.

    განათლების სამინისტროში ეროვნული გამოცდების სხვა სეზონზე ჩატარებაზე დაიწყეს ფიქრი. საჯარო განცახდებებში კი ისინი აღნიშნავენ, რომ ახლა მიმდინარე პრობლემებზე მუშაობენ და შეეცდებიან, რაც შეიძლება მალე გადაჭრან ყველა საკითხი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved