სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მძღოლებისა და "თბილისის მიკროავტობუსის" ინფორმაცია ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდება
    თამუნა მუკბანიანი
    07.07.2018

     დედაქალაქში მოძრავი მიკროავტობუსების როგორც ტექნიკურ, ასევე მოძრაობის წესებისა და გრაფიკის გაუმართავობაზე მგზავრების დიდი ნაწილი მუდმივად საუბრობს. პრობლემებს ვეღარ მალავენ მძღოლებიც. ქალაქის მერიც მიიჩნევს, რომ "ყვითელი მარშრუტკების" ავტოპარკი მთლიანად გასაახლებელია. "თბილისის მიკროავტობუსში" კი ამბობენ, რომ 1600-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც დედაქალაქს ემსახურება, სრულიად მოწესრიგებულია.

    ყვითელ სამარშრუტო ტაქსების ტექნიკური გაუმართავობა, ქალაქის გამონაბოლქვით დაბინძურება, კონდიცირების უქონლობა, მოუწესრიგებელი გრაფიკი თუ ხაზებზე ტრანსპორტის სიმცირე წლიდან წლამდე თვალში საცემი ხდება.

    2018 წლის 3 იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება 38 199-მა სამგზავრო და სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, საიდანაც 858 სატრანსპორტო საშუალებას გზაზე მოძრაობა აეკრძალა, მათ შორის იყო მიკროავტობუსებიც. ამ ფაქტს "თბილისის მიკროავტობუსში" უარყოფენ და ამბობენ, რომ მათ ბალანსზე არსებულ ავტომობილებს დიდი პროლემები არ აქვთ და მხოლოდ მცირე ხარვეზები იყო, რისი გამოსწორებაც მყისიერადაა შესაძლებელი.

    მიკროავტობუსების მუშაობას უარყოფითად აფასებს ქალაქის მერიც. იგი რამდენიმე თვის წინ ამბობდა, რომ კომპანიას მოუწევს ფიქრი ავტოპარკის განახლებაზე. სულ ახლახან კი კალაძემ მიანიშნა, რომ შეიძლება "ყვითელი მარშრუტკები" თბილისს აღარც კი დასჭირდეს.

    უკმაყოფილებას ვერ მალავენ მგზავრებიც. მაკა მელქაძე მოსკოვის გამზირზე ცხოვრობს და საბურთალოზე მუშაობს. მისთვის 2 მიკროავტობუსია ხელსაყრელი, თუმცა ორივე გაუმართავად მუშაობს.

    "140 და 169 ნომერი "მარშრუტკით" ვმგზავრობ, თუმცა ბოლო დროს არც ერთი არ მუშაობს გამართულად. გუშინ 169-ის მძღოლს ვკითხე, რატომ დადიან ასე დაგვიანებთ, რაზეც მიპასუხა, მხოლოდ 4 მანქანაა ხაზზე ტექნიკური გაუმართავობისა თუ სხვა მიზეზებით და რომელ გრაფიკზეა ლაპარაკიო.

    როცა ძალიან ცხელოდა, მძღოლს ეჩხუბებოდნენ მგზავრები, რატომ არ რთავდა კონდიციონერს. პასუხი მაშინაც იგივე იყო - ამხელა ხაზზე ძალიან ცოტა ავტომობილი დარჩა, სხვა მანქანები გაჩერებული არიან და კიდევ კარგად დავდივართ, რა დროს კონდიციონერიაო. ყოველდღე მესმის ასეთი ამბები და როგორ შეიძლება, დედაქალაქში ასეთი მოუწესრიგებელი იყოს ტრანსპორტი", - ამბობს მაკა მელქაძე.

    სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა შალვა ურიადმყოფელმა რადიო "პალიტრის" გადაცემაში "საქმე" განაცხადა, რომ 2018 წლის 3 იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება 38 199-მა სამგზავრო და სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, საიდანაც 858 სატრანსპორტო საშუალებას გზაზე მოძრაობა აეკრძალა და მათ შორის იყო ყვითელი მიკროავტობუსებიც.

    "თბილისის მიკროავტობუსში" კი აცხადებენ, რომ დღეს დედაქალაქს ემსახურება 1600-მდე მიკროავტობუსი, რომლებსაც ტექნიკურად გამართულობის პრობლემა არ აქვს.

    "ყველა მიკროავტობუსი არის ხაზზე, გამორიცხულია, რომელიმე მარშრუტზე 1 საათის ინტერვალით დადიოდეს. რაც შეეხება ტექნიკურ გამართულობას, რა თქმა უნდა, ავტოფარეხში მოწმდება მიკროავტობუსები და ისე გადიან ხაზზე, რომ მგზავრებისა და მძღოლის უსაფრთხოება იყოს დაცული.

    არც ერთი მიკროავტობუსი ტექდათვალიერების გარეშე არ მოძრაობს დედაქალაქში და რაც შეეხება "პალიტრაში" გასულ ინფორმაციას ტექდათვალიერების გაუვლელობასთან დაკავშირებით, ეს იყო ჟურნალისტის ინტერპრეტაცია. ხარვეზად შეიძლება ჩაითვალოს მინის გაბზარვა, გატეხილი სარკე და ა.შ. ამის გამოსასწორებლად კი არსებობს კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა. ამ დროში ხარვეზს ასწორებენ და გადიან ტექდათვალიერებას", - განუცხადეს "რეზონანსს" კომპანიაში.

    "რეზონანსი" თავადაც დაუკავშირდა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის უფროს შალვა ურიადმყოფელს, რომელმაც ამჯერად განაცხადა, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია, რომელ კომპანიას ეკუთვნის ესა თუ ის მიკოავტობუსი, თუმცა დაადასტურა, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედებიდან დღემდე 1084 ავტოსატრანსპორტო საშუალებას აეკრძალა გზაზე მოძრაობა, რაც საერთო მოცულობის 2.5 პროცენტია.

    "კონკრეტული ინფორმაცია იმის თაობაზე, "თბილისის მიკროავტობუსის" რამდენმა მანქანამ როგორი შედეგით გაიარა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, აქვს უშუალოდ კომპანიას. ჩვენ გავცემთ ზოგად ინფორმაციას", - განაცხადა ურიადმყოფელმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved