სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    31.07.2018

     ბოლო წლებთან შედარებით წელს საქართველოში მასობრივად გავრცელდა ეშერიხია კოლის ნაწლავური ჩხირი - უკანასკნელად ქვეყანაში ნაწლავური ჩხირის ეპიდემია 2009-2011 წლებში იყო. სპეციალისტების განცხადებით, ეს მწვავე დაავადებაა, რომელიც გასტროენტერიტის ან გასტროენტეროკოლიტის სინდრომით მიმდინარეობს.

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი იუწყება, რომ ნაწლავური ინფექციის გავრცელების მასობრივი შემთხვევები დაფიქსირდა მესტიასა და დედოფლისწყაროს რაიონებში.

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ წელს ნაწლავური ჩხირის ინფექციით დაავადებულ ადამიანთა რაოდენობა გაცილებით მეტია გასულ რამდენიმე წელიწადთან შედარებით.

    მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ინფექციონისტ მაია გიგაურის თქმით, გავრცელებულმა დაავადებამ გამწვავების შემთხვევაში შესაძლოა, ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვიოს.

    "ნაწლავური ჩხირის ინფექციით დაავადება შესაძლოა, რომ გამოიწვიოს საკვებმა და დაუბანელმა ხელებმა. რა თქმა უნდა, სიცოცხლისთვის ძალიან სერიოზულ და საშიშ გართულებებს გამიწვევს იმ შემთხვევაში, თუ დროულად არ მიმართავენ ექიმს და არ დაიწყებენ მკურნალობას.

    "არსებული დაავადება ქრონიკულში არ გადადის, მაგრამ შესაძლოა, თირკმლის უკმარისობით გართულდეს და გადაიზარდოს ჰემოკოლიტისა და ნაწლავების დაზიანებაში, ასევე შესაძლოა, რომ თირკმლის დაზიანებაც გამოიწვიოს", - განაცხადა გიგაურმა.

    პაატა იმნაძის განცხადებით, არსებული დაავადება ტოქსინის მატარებელია და უკვე არაერთი შემთხვევაა დაფიქსირებული რამდენიმე თვის განმავლობაში.

    "ეს არის ტოქსინის შემცველი ნაწლავის ჩხირი. უკვე დადასტურდა 7 შემთხვევა. ჩვეულებრივ, ეს დაავადება ძალიან იშვიათად ვრცელდება. 2009-2011 წლებში იყო დაავადების შემთხვევების მატება. ამ დაავადებისათვის დამახასიათებელია სისხლიანი ფაღარათი. ასეთ მომენტში საჭიროა, რომ სასწრაფოდ მიმართონ ექიმს და ჩაიტარონ სათანადო მკურნალობა.

    "ამ შემთხვევაში ანტიბიოტიკების შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არასწორად არჩეულმა მედიკამენტმა შესაძლოა, დაამძიმოს სიტუაცია. ამიტომ თვითმკურნალობა დაუშვებელია, შესაძლოა, რომ თირკმელების უკმარისობაში გადაიზარდოს. ეს დაავადება იშვიათია, მაგრამ ხდება", - განაცხადა იმნაძემ.

    გიგაურის თქმით, ინფექციის თავიდან ასარიდებლად საჭიროა, რომ მოსახლეობამ ჰიგიენის ელემენტარული ნორმები დაიცვას და საკვების მიღებამდე ხილი და ბოსტნეული საგულდაგულოდ გარეცხოს.

    "მოსახლეობას ვურჩევდი ხელების ხშირ დაბანას. ასევე, მოერიდონ არასასურველი საკვების მიღებას. შესაძლოა, რომ მოწამვლა გამოიწვიოს საზამთრომ, ნაყინმა და სალათებმა, რომლებშიც მაიონეზი ურევია. ასევე, შესაძლოა, რომ პრობლემები გამიწვიოს არასათანადოდ შენახულმა ხორცის პროდუქტებმა.

    "საკვები შეინახონ ისე, როგორც წესი და კანონია - უმი საკვები ცალკე მოათავსონ, ხოლო დამზადებული - ცალკე. რაც მთავარია, ძალიან კარგად გარეცხონ პროდუქტები - ხილი, მწვანილი და ა.შ. დაამუშაონ თერმულად და, რა თქმა უნდა, პროდუქტების მაცივარში შენახვა აუცილებელი პირობაა", - აღნიშნა ინფექციონისტმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved