სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ხალხს დაგირავებაც კი უჭირს და ყველა ერთიანად ბინის ქირაობაზე გადავიდა
    თეო გუდავაძე
    02.08.2018

     დედაქალაქში უძრავი ქონების ბაზარი ყოველწლიურად ძვირდება, თუმცა ამ მხრივ ტენდენცია სხვადასხვაგვარია. წელს მომატებულია ქირის ფასი და ამის მიზეზი ისაა, რომ ადამიანები ბინების არათუ შეძენას, არამედ გირაობასაც ვეღარ ახერხებენ. შესაბამისად, მოთხოვნა გაიზარდა ქირაზე, რამაც ფასზე გავლენა მოახდინა.

    თბილისში მცხოვრებთა რიცხვი მუდმივად იმატებს. თანდათან უფრო ბევრ ადამიანს უჩნდება საჭიროება, სწორედ დედაქალაქში შეიძინოს, იქირაოს ან გირით აიღოს უძრავი ქონება. შესაბამისად, ბაზარზე ფასები მუდმივად იზრდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ძირითადად, რაიონებიდან ჩამოსული ადამიანები ეძებენ საჭირო ფართს და დაქირავებაზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ მესაკუთრეები თამამად უმატებენ 50-100 ლარს.

    უძრავი ქონების ბაზარზე ცვლილებას სპეციალისტები მოახლოებულ სეზონსა და მოთხოვნის ზრდასაც უკავშირებენ. ისინი ამბობენ, რომ მსურველებს არ აქვთ დანაზოგი დაგირავების ან ქონების შესყიდვისთვის, შესაბამისად, იძულებულნი არიან, ქირით აიღონ ბინები.

    საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი, სხვა სექტორებთან შედარებით, ყველაზე მეტად არის განვითარებული, რადგან უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მუდმივად არის. ამაზე მეტყველებს გაცხოველებული მშენებლობაც.

    მაკლერი უჩა შავგულიძე "რეზონანსთან" საუბრისას ბინებისა და კომერციული ფართების გაძვირებას სეზონურობას უკავშირებს:

    "ბინის შეძენას სჭირდება დანაზოგი, რომელსაც ადამიანები ვერ აკეთებენ, განსაკუთრებით ისინი, ვინც რაიონებიდან არიან ჩამოსული. თუ გავითვალისწინებთ მოსავლის სიმცირეს, მათ უკვე გირის ფულის შეგროვებაც უჭირთ, ამიტომ იძულებულნი არიან, თვიურად მოძებნონ ბინები და ამას გამქირავებელიც კარგად ამჩნევს. შესაბამისად, მის ინტერესებში შედის, ფასი გაიზარდოს, დამქირავებელსაც სხვა არჩევანი არ რჩება და იძულებულია, იმ ფასში იქირაოს, რასაც სთავაზობენ.

    ახლა მით უმეტეს სეზონია, სტუდენტები ჩამოდიან სასწავლებლად. ზოგიერთი უნივერსიტეტი აგვისტოშიც კი იწყებს სასწავლო წელს და ფასის ზრდა შეიძლება, პირდაპირ კავშირში იყოს ამ ყველაფერთან. 50 ლარზე მეტი სხვაობა მე ჯერჯერობით არ შემიმჩნევია, მაგრამ ბევრი ამას ვერ უმკლავდება.

    სავარაუდოდ, სექტემბრის მერე ისევ დაიკლებს ფასები და გაზაფხულამდე მყარად იქნება გაჩერებული. რაც შეეხება ბინების გაყიდვას, საგრძნობლად არის შემცირებული, რადგან უამრავი კორპუსი შენდება და კონკურენციის ამბავია. რომელი კომპანიაც უფრო შეღავათიან ფასს შესთავაზებს მომხმარებელს, ის წავა წინ", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მაკლერმა.

    დედაქალაქში უძრავი ქონების გაქირავება წლებია, შემოსავლიან ბიზნესად იქცა. მოქალაქეების ნაწილი უძრავ ქონებას სპეციალურად, გაქირავების მიზნითაც ყიდულობს ხოლმე, რამდენიმე ბინისგან მიღებული თანხა კი ხშირად საკმაოდ სოლიდური ყოველთვიური შემოსავალია. ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად, ბინის გაქირავების ფასმა მოიმატა. უძრავი ქონების სააგენტოების ინფორმაციით, წლევანდელ სეზონზე გასაქირავებელი ბინები 50-100 ლარით გაძვირდა - გააჩნია ფართსა და ადგილმდებარეობას.

    მაკლერები და ბინის მფლობელები თვის ბოლოსთვის ემზადებიან. ისინი 20 აგვისტოდან ელიან მსურველთა დიდ ნაკადს. სექტემბერში ყველაფერი აქტიურ ფაზაში გადადის, განსაკუთრებით ეს ეხება უძრავ ქონებას. გაზრდილი ფასი შემაშფოთებელი აღმოჩნდა სტუდენტებისთვის და მათი უმრავლესობა იძულებული ხდება, ბინა იქირაოს ძველ იტალიურ ეზოში ან გარეუბანში, უნივერსიტეტიდან საკმაოდ შორს, რაც ტრანსპორტირების თვალსაზრისით ძალიან მოუხერხებელია.

    ნიკოლოზ პერტაია ერთ-ერთი უძრავი ქონების სააგენტოს დირექტორია. "რეზონანსთან" საუბრისას ის აღნიშნავს, რომ ქირის ფასის მომატება უშუალო კავშირშია ტურისტების მომრავლებასთან, რადგან უცხოელები დიდ ფულს იხდიან ბინის დაქირავებაში, შესაბამისად, მესაკუთრეებმა ფასები ასწიეს და ბოლო დროს უმეტესად ტურისტებზე მუშაობენ:

    "ირანელები ძალიან დიდ ფულს იხდიან ქირაში. უცხოელები იმდენად მომრავლდნენ და იმდენი მსურველია, რომ დამქირავებელიც ლოგიკურად ფასს ზრდის, რადგან ზუსტად იცის, ფართის გაქირავება არ გაუჭირდება. პირადად მე მირჩევნია, უცხოელებს ნაკლებად მივაქირავო, რადგან აზიანებენ ბინებს და უდიერად ეპყრობიან, თუმცა არიან ისეთი სააგენტოები, რომლებიც თვიურ შემოსავალს უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე შედეგებს. რაც შეეხება ყიდვა-გაყიდვას, იგივე ვითარებაა, რაც ადრე იყო", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ნიკოლოზ პერტაიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved