სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "მტაცებლების შიშით, ბავშვებიც ვეღარ ჩერდებიან სოფლებში"
    თამუნა მუკბანიანი
    02.08.2018

     ბოლო პერიოდში სოფლის მოსახლეობა გარეულმა ცხოველებმა, ფრინველებმა და ქვეწარმავლებმა ძალიან შეაწუხეს. წლების წინ, თუ მხოლოდ საბალახოდ გადენილი პირუტყვისთვის იყო მტაცებელი საშიში, ახლა უკვე საფრთხე კიდევ გაიზარდა და ნადირი სოფელში სიარულსაც აღარ ერიდება. პრობლემა პერიოდულად შუქდება მედიასაშუალებებში. მოსახლეობა ხელისუფლებისაგან შველასა და დახმარებას ელის. ისინი მოითხოვენ, მიეცეთ მტაცებლის ლიკვიდაციის უფლება, რაც დღეს კანონით დაუშვებლად მიიჩნევა.

    ადგილობრივი მოსახლეობის მტკიცებით, ლაგოდეხში, სოფელ შრომაში დაახლოებით ერთი თვეა, დაუდგენელი ჯიშის უშველებელი ქვეწარმავალი შინაურ ცხოველსა და ფრინველს ანადგურებს.

    თვითმხილველები აცხადებენ, რომ ქვეწარმავალი ხშირად სოფლის ფერმის ტერიტორიაზე ჩნდება, იგი დაახლოებით 3 მეტრის სიგრძისაა და განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა. შეშინებულ მოსახლეობას ღამე იარაღით სძინავს, რადგან იყო შემთხვევა, როდესაც ქვეწარმავალმა საკბენად ადამიანზეც გაიწია. ფერმის მეპატრონემ დასახმარებლად ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მიმართა, თუმცა, მისი თქმით, ამ დრომდე დასახმარებლად არავინ მისულა.

    მტაცებელი ცხოველების სიმრავლე, მაღალმთიან რეგიონებთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემურია გურიაში. ადგილობრივების განცხადებით, მგლები სოფლებს თავს უკვე მესამე წელია, ესხმიან, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ ხდება. მოსახლეობა მონადირეების სპეციალური ჯგუფის შექმნასა და დასახლებულ პუნქტებში მგლებზე ნადირობის აკრძალვის გაუქმებას ითხოვს.

    ეკონომიკის დოქტორი ანზორ მესხიშვილი "რეზონანსთან" ამბობს, რომ მტაცებელი ცხოველები სერიოზული საფრთხეა სოფლად მცხოვრები ადამიანებისა და მათი მეურნეობისთვის. საკითხი არა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, არამედ სამთავრობო დონეზე უნდა გადაწყდეს.

    "სოფლებსა და დაბებშიც კი ძალიან მომრავლდა გარეული ცხოველები და მათი უმრავლესობა მტაცებელია. უამრავია მგელი, რომელიც მეცხვარეების პირველი მტერია. მგლის მომრავლება კატასტროფულად უშლის ხელს ცხვრის განვითარებას, არადა, ქართული ცხვარი ერთ-ერთ მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქტად შეგვიძლია, ვაქციოთ.

    მთავრობა იმაზე უნდა აწესებდეს და იღებდეს კანონებს, თუ რა არეალში შეიძლება მტაცებლების გავრცელება და სად უნდა ჩაერიოს მონადირეთა კავშირი. ასევე უნდა მოხდეს აღწერა, რამდენი შეიძლება იყოს და ა.შ. ხომ არ აჭარბებს დადგენილ რაოდენობას... ასეთ შემთხვევაში კი მონადირეთა კავშირს მათზე ნადირობის უფლება უნდა ეძლეოდეს.

    ხალხი ზარალობს. ცხვრის გარდა, მტაცებელი ეტანება მსხვილფეხა საქონელსაც. სოფლები ისედაც იცლება და ახლა გარეული ცხოველების შიშით ბავშვებიც ვეღარ ჩერდებიან სოფლებში. მაღალმთიან რეგიონებში, ზაფხულში ხალხი საკუთარ კარმიდამოში ვეღარ ჩადის ამ შიშის გამო. ამას სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს, არა მხოლოდ რაიონისა და მუნიციპალიტეტების დონეზე, არამედ - ცენტრალური მთავრობისგანაც. რაც მთავარია, ამ თემაში სერიოზულად უნდა იყოს ჩართული მონადირეთა კავშირი", - აცხადებს მესხიშვილი.

    შოთა ზოიძე გურიის მკვიდრია. "რეზონანსთან" საუბრისას იგი მოითხოვს, რომ საცხოვრებელი ზონიდან მგელზე ნადირობის აკრძალვა მოიხსნას და მოსახლეობას ცხოველის ლიკვიდაციის უფლება უნდა მიეცეს.

    "ხალხი ითხოვს მონადირეების დაქირავებას ან ტყვიაწამლის დარიგებას, რომ მგლების შემოსევისგან თავი დაიცვან. სოფელში თუ საქონელი და ფრინველი ვერ შეინარჩუნე, რა გამოვა? ღორია და ჭირმა გაწყვიტა, საქონელია და მგელი ანადგურებს, ფრინველი ტურამ შეჭამა...

    გაუსაძლისი სიტუაციაა. ამიტომ საცხოვრებელი ზონიდან უნდა მოიხსნას მგელზე ნადირობის აკრძალვა. როცა დასახლებულ პუნქტებში ასეთი შემთხვევებია, უნდა მიეცეს უფლება მოსახლეობას, რომ მოვახდინოთ ცხოველის ლიკვიდაცია", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ზოიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved