სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც ზაფხულობით დედაქალაქი მთლიანად იცლებოდა
    თეო გუდავაძე
    03.08.2018

     ზაფხულის ცხელ დღეებშიც ადამინები დედაქალაქის დატოვებას ვერ ბედავენ. მიზეზი ბევრნაირია, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი მაინც ფინანსური პრობლემაა. აგვისტო დაიწყო და თბილისის მცხოვრებთა 90% ჯერაც ვერ ახერხებს ქალაქიდან გასვლას. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც ზაფხულობით თბილისი მთლიანად იცლებოდა მოსახლეობისგან. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხალხის დიდი ნაწილი თბილისში ატარებს შვებულებას.

    განსაკუთრებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში აშკარად შესამჩნევია ადამიანების სიმრავლე. აგვისტოშიც კი ავტობუსებსა და "მარშრუტკებში" ხალხმრავლობაა მაშინ, როცა გასულ წლებში ასეთ დროს ქალაქი, ფაქტობრივად, დაცარიელებული იყო. ადრე თბილისში დარჩენილი ადამიანები ზაფხულის ცხელ დღეებს თბილისის ზღვაზე, ლისისა და კუს ტბებზე ატარებდნენ, ახლა ბევრს ესეც უძნელდება.

    ჯერჯერობით მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილია ქალაქგარეთ გასული, ნაწილი კი ზაფხულის ცხელ დღეებს თბილისში ატარებს. ზღვის კურორტებზე დასვენება ბოლო წლებში საქართველოს მოსახლეობისთვის ზედმეტ ფუფუნებად იქცა და ამ ფაქტს შეგუებულიც კი იყო ხალხი, მაგრამ წელს იმაზე გაცილებით მეტი ადამიანი დარჩა დედაქალაქში, ვიდრე აქამდე. უმეტესობას ქალაქიდან გასვლისთვის ელემენტარული პირობებიც არ გააჩნდა, შესაბამისად, ზაფხულის ყველაზე აქტიურ პერიოდშიც კი სოფლები დაცარიელებულია. ხალხს იმის თავიც არ აქვს, მამაპაპისეულ კარმიდამოს ჩააკითხოს.

    თამარ გოცირიძე სადაზღვევო კომპანიის თანამშრომელია. მან ერთკვირიანი შვებულება თბილისში გაატარა იმის გამო, რომ დასვენება საკმაოდ ძვირი უჯდებოდა:

    "სამი კვირა მეკუთვნის შვებულება, თუმცა ივლისში მხოლოდ ერთი კვირა ავიღე, ვიცოდი, რომ ქალაქიდან გასვლას ვერ მოვახერხებდი და შესაბამისად, დანარჩენი ორი კვირა სექტემბრისთვის იმ იმედით შემოვინახე, რომ გაიაფდება კურორტებზე მომსახურება, დაბლა წამოვა ფასები და მეც ვეცდები, იმ პერიოდში წავიდე. რთულია, ამ ხელფასით თავის რჩენაც მოახერხოს ადამიანმა და დასვენებაც, განსაკუთრებით - თუ ოჯახი გყავს.

    ბავშვები სკოლის დამთავრების შემდეგ დედაჩემთან გავუშვი საგურამოში, ძლივს შევაგროვე ამის თანხაც, რადგან მთელი წლის განმავლობაში დანაზოგის გაკეთება ვერ მოვახერხე. თანაც, ბავშვების თბილისში დატოვებაც არ მინდოდა, რადგან აქ უკვე ისეთი ჰაერია, რომ მეც კი მეშინია დარჩენის. შესაბამისად, როგორც კი დრო უთავისუფლდებათ ჩემს შვილებს, ვცდილობ, გავუშვა დედაჩემთან.

    ჩემი მეგობრების 80% თბილისშია დარჩენილი. ქუჩებშიც კი იგრძნობა ადამიანების სიმრავლე. მე ჩემი შვილების გაშვება მაინც მოვახერხე და ადამიანები თავიანთ შვილებთან ერთად იხრუკებიან თბილისში. სოფლები დაცარიელებულია, კურორტებზე კი უმეტესად უცხოელი დამსვენებლები არიან.

    რაც შეეხება მაღალი და საშუალო ფენის წარმომადგენლებს, თუ დანაზოგი აქვთ, ცდილობენ, საზღვარგარეთ წავიდნენ დასასვენებლად, რადგან ზუსტად იგივე უჯდებათ, რაც ბათუმში დასვენება და ლოგიკურია, საზღვარგარეთ წასვლას ამჯობინებენ", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას თამარ გოცირიძემ.

    მართალია, ჩვენი ქვეყანა კურორტების ნაკლებობას არ უჩივის, პირიქით, ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, განებივრებული ვართ, მაგრამ კეთილმოწყობილ, გათანამედროვებულ ადგილებზე დასვენება საკმაოდ ძვირია. ზოგ შემთხვევაში იმდენად ძვირია, რომ იმავე თანხით შესაძლებელია ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრება. ეს განსაკუთრებით ხელსაყრელია ზღვის მოყვარულთათვის, რადგან, საქართველოსგან განსხვავებით, ამა თუ იმ უცხოურ საზღვაო კურორტზე ამინდიც მდგრადია, რასაც ვერ ვიტყვით შავიზღვისპირეთზე.

    ცისანა ქურდაგია ქობულეთში კერძო სახლის მეპატრონეა, ის ყოველწლიურად აქირავებს ოთახებს დამსვენებლებზე, თუმცა წელს, უამინდობის გამო, მისი ბიზნესი შეფერხდა:

    "წელს ძალიან ცუდად დაიწყო აგვისტო. ამბობენ, 2-3 დღე იქნება მხოლოდ მზიანი და ვინც აქ ცხოვრობს, პრობლემა შეექმნება. ხალხი ამინდის პროგნოზს ნახულობს და აღარც ჩამოდის. უცხოელი ტურისტები მყავდა 10 დღით და ისინიც უკმაყოფილონი წავიდნენ, თუმცა მათთვის მაინც ახალი ადგილი და გარემო იყო, ამიტომ დიდად გული არ დაწყვეტიათ: პლაჟზე თუ ვერ ისიამოვნეს, სხვადასხვა ადგილს ათვალიერებდნენ.

    პირდაპირ ვამბობ, ყოველწლიურად მცირდება ქართველების რაოდენობა კურორტზე. ხალხს დასასვენებელი ფული არ აქვს და ჩვენივე ქვეყნით უცხოელები იღებენ სიამოვნებას, რაზეც ძალიან მწყდება გული", - განუცხადა "რეზონანსს" ცისანა ქურდაგიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved