სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    06.08.2018

     2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს დასრულდა და სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ გამოცდებზე მიღებული შედეგების გამოქვეყნება 2 აგვისტოდან დაიწყო.

    შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძის თქმით, ჯერჯერობით ყველა საგნის შეფასება არ გამოქვეყნებულა, თუმცა შესაძლოა იმის აღნიშვნა, რომ რიგ საგნებში წლევანდელმა აპლიკანტებმა 2017 წლის აბიტურიენტებზე უკეთესი შედეგები დააფიქსირეს.

    ასევე მინდაძემ აღნიშნა, რომ ორშაბათიდან გაგრძელდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების მიერ მიღებული შედეგების გამოქვეყნება, რის შემდეგაც დაიწყება სააპელაციო პროცესი.

    შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე აღნიშნავს, რომ განათლების სისტემის დონის შესაფასებლად არ კმარა მხოლოდ ეროვნულ გამოცდებზე აპლიკანტების მიერ მიღებული შედეგები:

    "ვფიქრობ, რომ არც სკოლის გამოსაშვები გამოცდები და არც ერთიანი ეროვნული გამოცდები არ გამოდგება იმის გასარკვევად, გაუმჯობესდა თუ გაუარესდა მოსწავლეთა ცოდნის დონე. ამისთვის არსებობს საერთაშორისო და სახელმწიფო კვლევები, რომელთა მიზანია სწორედ ასეთი შედარების გაკეთება. ასე რომ, თავს შევიკავებდი მხოლოდ ეროვნულ გამოცდებზე დაყრდნობით მსგავსი დასკვნების გაკეთებისაგან", - განაცხადა მინდაძემ.

    მისივე თქმით, წელს გამოცდებზე გამოყენებული ტესტები საშუალო სირთულის იყო.

    "გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის კონკურსი-შეჯიბრება, აქვე არსებობს პირობა, რომ, მაგალითად, ფაკულტეტზე გამოცხადებული 100 ადგილზე უნდა მოხვდეს მხოლოდ 100 საუკეთესო აპლიკანტი. გამოცდები, როგორც წესი, ერგება პოპულაციას და ვცდილობთ, საშუალო სირთულის ტესტები შევთავაზოთ აბიტურიენტებს.

    "პირველადი შედეგების გამოქვეყნების საფუძველზე შეიძლება იმის თქმა, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდების მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა აპლიკანტების დაახლოებით 6%-მა; მათემატიკის გამოცდა ვერ ჩააბარა დაახლოებით 20%-მა, მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი ტესტი შარშანდელთან შედარებით გამარტივებული იყო.

    "გეოგრაფიის გამოცდაზე ერთ ვარიანტში 10%-მა ვერ გადალახა ბარიერი, ხოლო მეორე ვარიანტში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აპლიკანტების დაახლოებით 16%-მა. რაც შეეხება ზოგად უნარებს, საერთო ჯამში დაახლოებით 13%-მა ვერ ჩააბარა გამოცდა.

    "თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ეს არის პირველადი შედეგები და აპელაციების განხილვის შემდეგ შესაძლოა, ვითარება შეიცვალოს", - აღნიშნა ივა მინდაძემ.

    რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, მინდაძემ თქვა, რომ დაახლოებით ასეთივე შედეგები იყო, თუმცა ზოგიერთი საგნის წლევანდელი მაჩვენებელი 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებთან შედარებით გაუმჯობესდა.

    "შარშან ზოგადი უნარების გამოცდაზე ჩაჭრილ აბიტურიენტთა რაოდენობა დაახლოებით ასეთივე იყო - 12%-ზე ოდნავ მეტი. წელსაც ასეა თითქმის, ერთ პროცენტშია სხვაობა.

    "რაც შეეხება მათემატიკას, გასულ წელს აბიტურიენტთა დაახლოებით 33%-მა ვერ გადალახა ზღვარი; ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ვერ ჩააბარა 5.5%-მა; უცხოური ენების - 4.1%-მა; ლიტერატურის - 16.6%-მა; გეოგრაფიის - 9.8%-მა; ისტორიის - 8.1%-მა; სამოქალაქო განათლების - 13.9%-მა; ფიზიკის - 22.4%-მა; ქიმიის - 13.6%-მა; ბიოლოგიის - 8%-მა; ხოლო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდა ვერ ჩააბარა 2.4%-მა", - გაიხსენა მინდაძემ.

    "მთელ კვირასთან" საუბრისას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, რომ ორშაბათიდან გაგრძელდება საგნებში მიღებული ქულების გამოქვეყება, რის შემდეგაც დაიწყება სააპელაციო განცხადებების მიღება:

    "ორშაბათიდან გაგრძელდება შედეგების გამოქვეყნება. სავარაუდოდ, ჯერ გამოქვეყნდება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების ქულები. შემდეგ, ალბათ, ამას მოჰყვება ბიოლოგიის გამოცდის შედეგების გამოქვეყნება, ხოლო ამის შემდეგ ეტაპობრივად გახდება ცნობილი ქიმიის, ფიზიკისა და ლიტერატურის შედეგები.

    "შეფასებების გამოქვეყნების შემდეგ იქნება აპელაციის პროცესი. ხუთი სამუშაო დღეა დებულებით გათვალისწინებული აპელაციის შეტანისთვის,მაგრამ რამდენი დღე დასჭრიდება აპელაციის შედეგების განხილვას, ვერ გეტყვით, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია მათ რაოდენობაზე. თუმცა, როგორც წესი, სააპელაციო ნამუშევრების განხილვა 3-4 დღის განმავლობაში გრძელდება", - განაცხადა ივა მინდაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved