სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "რომელი მანქანაც კი მოვიდა, თითქმის ყველას პრობლემები ჰქონდა და სტანდარტებს არ შეესაბამებოდა"
    თამუნა მუკბანიანი
    07.08.2018

     გაზზე მომუშავე მანქანების სავალდებულო ტექდათვალიერება 1-ლი იანვრიდან სავალდებულო გახდა. მანქანების საკმაოდ დიდი რაოდენობა უკვე შემოწმებულია. დათვალიერების ცენტრებში ამბობენ, რომ 98% სტანდარტებთან აბსოლუტურად შეუსაბამოა და დარჩენილი 2%, რომელიც შედარებით მწყობრშია, სავალდებულო ინსპექტირების კანონის შემოღების შემდეგ არის გადაკეთებული. განსხვავებულია ეკონომიკის სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური ინფორმაცია.

    გაზზე მომუშავე ავტომობილების პერიოდული ინპექტირება, რომელიც დაგვიანებით დაიწყო, უკვე ნახევარ წელიწადზე მეტია, ძალაშია. 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 6 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გაიარა 56 906-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ. არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, სულ რამდენი მანქანა მოძრაობს საქართველოში ბუნებრივი თუ თხევადი აირით, შესაბამისად უცნობია ისიც, კიდევ რამდენმა პროცენტმა უნდა გაიაროს სავალდებულო შემოწმება.

    ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მანქანების დიდი უმრავლესობა გამართულია. სხვაგვარია თავად ამ სფეროში მომუშავე იმ სპეციალისტების ინფორმაცია, რომლებსაც ტექნიკურად გამართულობისთვის მიმართავენ ავტომფლობელები.

    "ბიზნეს-რეზონანსმა" ეკონომიკის სამინისტროსგან გამოითხოვა სტატისტიკური მონაცემები და გაირკვა, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 6 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გაიარა 56 906-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ. აქედან გამართულია 41 998 (73%) მანქანა, ხოლო დახარვეზდა 13 360 (23%).

    დახარვეზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან, 2018 წლის 6 აგვისტოს ჩათვლით, განმეორებითი ტესტირება გაიარა 9 655-მა ავტომობილმა, საიდანაც განმეორებით დახარვეზდა 440. 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 6 აგვისტოს ჩათვლით გზაზე გადაადგილება აეკრძალა 1 539 (2.7%) სატრანსპორტო საშუალებას.

    ეს არის ზოგადი და მშრალი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე ინსპექტირების პროცესზე. გაცილებით საყურადღებო ცნობები აქვთ იმ ადამიანებს, რომლებსაც უშუალოდ შეხება აქვთ ტექდათვალიერების პროცესთან.

    შპს "აირბალონის" წარმომადგენელი გიორგი ხვედელიძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ გაზზე მომუშავე მანქანების 98% გაუმართავი და შეუსაბამოა ნორმებთან. უმეტესად ერთი სახის პრობლემა აქვს ყველა მანქანას:

    "რომელი მანქანაც კი მოვიდა, თითქმის ყველას (98%-ს მაინც) პრობლემები ჰქონდა და სტანდარტებს არ შეესაბამებოდა, რაც გასაკვირი ნამდვილად არ ყოფილა ჩვენთვის. ის 2%, რომელიც, ერთი შეხედვით, სტანდარტებს პირობებს აკმაყოფილებდა, იყო გადაკეთებული მანქანები. უმეტესობას მანომეტრები ჰქონდა საბარგულში, გაზის მილი არასწორად იყო შეფუთული, შეერთებაშიც იყო ხარვეზი, რაც ძალიან საშიშია.

    აყველა მანქანას, რომელსაც დარღვევა ჰქონდა, დაახლოებით ერთი ტიპის პრობლემა აღმოაჩნდა გაზის მოწყობილობასთან დაკავშირებით. იმედია, მდგომარეობა ნელ-ნელა გამოსწორდება და მანქანები სტანდარტების შესაბამისი იქნება, რომ დაცული იყოს მოქალაქეების სიცოცხლე", - აღნიშნა გიორგი ხვედელიძემ.

    მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების უმრავლესობა იაზრებს იმ რისკებს, რომლებიც პრობლემურ და არასტანდარტულ ავტომანქანებს ეხება, მაინც არ გადიან ტექდათვალიერებას თავიანთი ნება-სურვილით. ამის მიზეზი ისაა, რომ ეს გაურკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული.

    შეგახსენებთ, რომ ტექდათვალიერება სავალდებულოა სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილებისთვის. მსუბუქმა ავტომობილებმა, რომელთა ძრავას მოცულობა 3.0-ზე მეტია, ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის ოქტომბრიდან უნდა გაიარონ, 3.0-ზე ნაკლები ძრავას მქონე მსუბუქი ავტომობილებისთვის განსაზღვრული ვადა კი 2019 წლის იანვარია. მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების საფასური 60 ლარს, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების 100 ლარს შეადგენს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved