სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "თანხები არ იხარჯება არც პედაგოგებსა და არც მოსწავლეებზე"
    თეონა დევიძე
    08.08.2018

     კარგი განათლება წარმატებული კარიერისა და მომავალი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მშობლები ცდილობენ, შვილებს შეუქმნან მომავალი, არჩევენ კერძო სკოლებს საუკეთესო პირობებით, სადაც ისინი დღის უმეტეს ნაწილს ატარებენ და იღებენ სათანადო ცოდნას, თუმცა სწავლის გადასახადი ყოველწლიურად იზრდება და ისიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რამდენად შეესაბამება მიღებული ცოდნა მუდმივად მზარდ გადასახადს. ბევრი მშობელი არჩევანის წინაშე დგება - რა უფრო პრიორიტეტულია, სწავლის ხარისხი თუ გარემო პირობები.

    სად შეიძლება ცოდნის გაღრმავება და საჭირო განათლების მიღება ისე, რომ მკვეთრად აცდენილი არ იყოს საქართველოში არსებულ სოციალურ მდგომარეობას. კერძო სკოლებში დაწესებული ყოველთვიური გადასახადი იმდენად მაღალია, რომ, რაც დრო გადის, მშობლები სულ უფრო მეტად აწყდებიან ფინანსურ პრობლემებს. საქართველოში უამრავი კერძო სკოლა არსებობს და წლიური გადასახადი, საშუალოდ, 1500 ლარიდან 18-19 ათას დოლარამდე მერყეობს.

    გურამ ნანიაშვილი უკვე სტუდენტია და ფიქრობს, რომ საქართველოში კერძო სკოლებში კოლოსალური თანხის გადაყრა სრული სისულელეა:

    "პირადად მე საჯარო სკოლა დავამთავრე, თუმცა ჩემი უამრავი ნაცნობი დადიოდა კერძო სკოლებში და მათ შორის, ბევრი დამატებით რეპეტიტორთანაც ემზადებოდა. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ, ზედმეტად გაბერილი გადასახადებია კერძო დაწესებულებებში, სადაც სწავლის ხარისხი დიდად არ განსხვავდება საჯაროსგან. ის სკოლები კი, სადაც ღირებულება დოლარებშია, მხოლოდ გავლენიანი მშობლების შვილებისთვისაა განკუთვნილი.

    ჩვენთან საგანმანათლებლო პრობლემა ბევრად მწვავეა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. გამოსავალი სკოლიდან სკოლაში სირბლი და მეტი თანხის გადახდა ნამდვილად არაა", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ნანიაშვილმა.

    კერძო და საჯარო სკოლებს შორის განსხვავება რასაკვირველია, არსებობს. გარდა პედაგოგების მომზადების დონისა, კლასებში მოსწავლეთა რაოდენობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც ნაკლები მოსწავლეა, მით უკეთესია, რადგან მასწავლებელი მეტად ორიენტირებული ხდება თითოეულზე და გაკვეთილიც გაცილებით პროდუქტიული გამოდის.

    როგორც სასკოლო კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი მუხრან გულიაშვილი ამბობს, მშობლებს შვილები კერძო სკოლებში უფრო მეტად პრესტიჟისთვის დაჰყავთ:

    "უამრავი კვლევაა ჩატარებული, რომლის მიხედვითაც განსხვავება ამ ორ სეგმენტს შორის არის ის, რომ კერძოში შედარებით კარგი პირობებია, მოსწავლეები აჩვენებენ უკეთეს შედეგებს და უახლოვდებიან საშუალო ევროპულ დონეს, ერთვებიან სხვადასხვა წრეში და ამით ავითარებენ თავიანთ ნიჭს. ვინაიდან კლასში 15 ბავშვზე მეტი იშვიათადაა, შედეგი სწორედ ამით მიიღწევა.

    განსხვავებად შეიძლება ჩაითვალოს, რომ კერძო სკოლა ვერ იზიდავს მაღალ კვალიფიციურ მასწავლებლებს, რადგან მათთვის პირობები დიდად არ განსხვავდება საჯაროსგან. გარდა ამისა, კერძო სკოლებში მათ არ აქვთ საზაფხულო ანაზღაურება", - განუცხადა "რეზონანსს" გულიაშვილმა.

    მას ხშირად მოუსმენია მშობლებისგან, რომ ამა თუ იმ სკოლაში იმიტომ დაჰყავთ შვილები, პირობები მოსწონთ, ინფრასტრუქტურა აკმაყოფილებთ და ა.შ. იშვიათად თუ ვინმე იტყვის, რომ ეს განათლების დონის გამო ხდება. გამოდის, ასეთი მშობლები მაღალ გადასახადს იხდიან გარემოსთვის და არა - შედეგებისა და სწავლის ხარისხისთვის.

    "რაც შეეხება გადასახადების მატებას, ამით ორგანიზაციები თავიანთ შემოსავალს ზრდიან, ვინაიდან წლიდან წლამდე არ ემატებათ მასწავლებლებს ხელფასი და პირობები არ იცვლება. შესაბამისად, თანხები არ იხარჯება მოსწავლეებსა და მათ განვითარებაზე", - აღნიშნა გულიაშვილმა.

    მშობლები იმასაც აღნიშნავენ, რომ საჯარო სკოლებშიც შეიძლება უკეთესი შედეგების ჩვენება, თუკი იქ მცირე რეფორმები გატარდება. მათი აზრით, მასწავლებლების დონეს შორის დიდი განსხვავება არაა. მეტიც, საჯარო სკოლის პედაგოგები უფრო მეტად აქტიურნი არიან და მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სახის გადამზადებაში.

    "უამრავ მშობელს დაჰყავს ბავშვი კერძო სკოლაში, იკლებენ ყველაფერს და იხდიან მაღალ გადასახადს, თან არც ყოველწლიურად გაზრდის გამო აქვთ დიდად პრეტენზია. ხშირად მომისმენია, თუ რომელიმე ძვირად ღირებულ სასწავლებელში ასწავლიან, საზღვარგარეთ მათ შვილებს გზა გაეხსნებათ.

    რა თქმა უნდა, შედეგები უკეთესია ხოლმე და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან კერძო სკოლებში მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობაა და მასწავლებელი მეტადაა ორიენტირებული თითოეულზე. თუმცა უამრავია ისეთი, ვისაც დამატებით რეპეტიტორთან დაჰყავს შვილები და ასეთ შემთხვევაში ლოგიკური კითხვა ჩნდება ამ არალოგიკურ სიტუაციებში", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას თბილისელმა ხატია მახარაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ბელა ქემოკლიძე   (14.08.2018)
    სოფლებში საჯარო სკოლაში ერთ კლასში 5-6მოსწავლე ზის, თავისთავად უკეთეს შედეგებს აღწევენ მოსწავლეები, დაცლილი რომაა სოფელი და ყველა ქალაქში გარბის, თითქოსდა იქ უკეთესი სწავლაა, არ სჯობს დარჩეს სადაც სწავლობს და იქ მიაღწიოს შედეგს? რად უნდა მას კერძო სკოლა და ფულის გადაყრა?


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved