სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ჭელიძე, ჟურნალისტი
    10.08.2018

     საქართველოში დემოგრაფიული დაბერების პროცესი 1990 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. ერი დაბერებულად ითვლება, თუ მოსახლეობის 7% გადაცილებულია 65 წელს.

    2012 წლის მონაცემებით, ქვეყნის დემოგრაფიაში 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 13.7 %-ია.

    ამ ფონზე, სახელმწიფოს არ გააჩნია ხანდაზმულთა მიმართ უფლებებისა და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფის სტრატეგია. მადრიდის საერთაშორისო სამოქმედო გეგმის დოკუმენტი ავალდებულებს სახელმწიფოს, იზრუნოს ხანდაზმულ ადამიანთა ცხოვრების ადეკვატური პირობების, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფაზე და მოახდინოს სიღარიბის დონის შემცირება.

    ხანდაზმულთა ქრონიკული დაავადებები საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ოჯახებს ტვირთად აწვებათ ხანდაზმულთა ავადმყოფობის სამედიცინო ხარჯები, რომელთა დაფარვასაც, ერთი შეხედვით, საყოველთაო დაზღვევა უზრუნველყოფს. მაგრამ იმ საჭირო სერვისების სია, რომელსაც დაზღვევა არ ფარავს, საკმაოდ ვრცელია: მოხუცის ფიზიკური და ფსიქიკური შეზღუდვების დროს ხარჯები იზრდება და მოიცავს არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ ტრანსპორტირების სერვისის საჭიროებასაც. ცხოვრების ყოველდღიურ საჭიროებებს: საკვები, ჩაცმა, დაბანა, საწოლიდან წამოდგომა, ასევე - საკვების მომზადება, მედიკამენტების მიღება და ა.შ.

    საქართველოში მოსახლეობის 2%, რაც 80 000 ადამიანზე მეტია, საჭიროებს ხანგრძლივ მოვლას. ხანდაზმულთა შინ მოვლის სერვისები ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში არაა გათვალისწინებული, გარდა პალიატიური ზრუნვის პროგრამისა და ძირითადად უცხო ქვეყნების ქველმოქმედების ხარჯზე ხორციელდება. პალიატიური ზრუნვის ოპერირებას თბილისში რამდენიმე დაწესებულება, მათ შორის ფერიცვალების დედათა მონასტერი ახორციელებს. პალიატიური ზრუნვის ყველა დაწესებულებაში საწოლების დეფიციტია, რეალობა კი მწარე - პაციენტის ოჯახს უწევს ლოდინი, თუ როდის გარდაიცვლება სხვისი უმწეო მოხუცი, რომ საკუთარი ოჯახის წევრისთვის ადგილი მოიპოვოს.

    კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხანდაზმული ადამიანებისათვის ეფექტური პირველადი ფსიქიკური დახმარების გაწევა თემში.

    60 წლისა და უფროსი ადამიანების 20% იტანჯება ფსიქიკური და ნევროლოგიური დარღვევებით. ამ ასაკობრივ ჯგუფში ყველაზე მეტად გავრცელებულ ნეიროფსიქიკურ დარღვევად დემენცია და დეპრესია გვევლინება. შფოთვითი აშლილობები აღენიშნება ხანდაზმული ადამიანების 3.8%-ს; ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბოროტად მოხმარებით გამოწვეული დაავადებები კი თითქმის 1%-ია. 60 წლისა და უფროსი ადამიანების სიკვდილობის 25% გამოწვეულია თვითდაზიანებებით; ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება ხანდაზმულ ადამიანებში ხშირად ყურადღების მიღმა რჩება ან არასწორი დიაგნოზის შედეგია.

    სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და თვითონ ხანდაზმული ადამიანები არასაკმარის ყურადღებას აქცევენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო სტიგმა, რომელიც უკავშირდება ფსიქიკურ დაავადებებს, აიძულებს ხანდაზმულთა ოჯახის წევრებს, არ მოითხოვონ და არავის მიმართონ დასახმარებლად.

    ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ პრობლემებისა, რომლებიც საქართველოში ხანდაზმულ ადამიანებს აწუხებთ. ღირსეული სიბერე, რაც ასე ხშირად გაისმის ყოველი საარჩევნო დაპირებისას, გადაიქცევა განაჩენად, რომელიც გარდაუვალია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved