სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი გოცირიძე
    14.09.2018

     2017 წლის აგვისტოში ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ტყის აღდგენითი სამუშაოები იწყება.

    მემორანდუმი"თიბისი ბანკს", გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სატყეო სააგენტოსა და "ეროვნულ საშენ მეურნეობას" შორის უკვე გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისი ბანკი 2017 წელს ბორჯომში გაჩენილი ხანძრის შედეგად გადამწვარი ტყის 10 ჰექტარს სრულად აღადგენს.

    როგორც "თიბისი ბანკში" განმარტავენ, ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენა და ეკოსისტემაზე ზრუნვა ეროვნული საქმეა, რომელიც საზოგადოების მხრიდან აქტიურ მხარდაჭერას საჭიროებს.

    ტერიტორიაზე ნიადაგის მომზადების, სარგავი ადგილების მონიშვნის და სხვა მოსამზადებელი სამუშაოები სატყეო სააგენტოსთან ერთად უკვე ერთი წელია მიმდინარეობს. ნერგების დარგვის პროცესი სექტემბრიდან დაიწყება და 2018 წლის ბოლომდე"თიბისი ბანკის" ინიციატივით ტერიტორიაზე ჯამში 17 500 კავკასიური ფიჭვი დაირგვება, რომელიც ეროვნულ საშენ მეურნეობაშია გამოყვანილი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ტყის აღდგენა სპეციფიურ და ხანგრძლივ პროცესს წარმოადგენს, ტერიტორიაზე სამუშაოები მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით განხორციელდება.

    "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილის ნიკა ქურდიანის შეფასებით, მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მეტი ჩართვა, რომ ჩვენი დროის ერთ-ერთი მწვავე პრობლემის მოგვარებას შევუწყოთ ხელი.

    "ბორჯომის ტყისთვის პირვანდელი იერსახის დაბრუნება მისი უნიკალური ეკოსისტემის შენარჩუნებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამიტომ, ჩვენი დიდი სურვილია, რაც შეიძლება მეტი კომპანია ჩაერთოს ამ ეროვნული საქმის განხორციელებაში. ამ ეტაპზე ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ძალიან დიდ მიზანს ემსახურება. ბორჯომის ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენის პროცესი არ არის მარტივი, თუმცა"თიბისი ბანკმა" ინიციატივა გამოიჩინა და იმ დღეებშივე განაცხადა, რომ ჩვენ აღვადგენდით 10 ჰა ტერიტორიას, სადაც ნერგების შესაბამის რაოდენობას დავრგავდით. სამწუხაროდ, ბევრად მეტი ტერიტორიაა აღსადგენი, ამიტომ ძალიან გაგვიხარდება ჩვენც და ყველა გულშემატკივარს, რომ ამ საქმეში უფრო აქტიურად ჩაერთონ, რადგან ამ ეკოსისტემის აღდგენა და მისი ხელშეწყობა მნიშვნელოვანია. 10 ჰა ნახანძრალი ფართობი ჯერ მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს, რადგან ტერიტორია ვრცელია. მოვუწოდებთ ყველას, ვისაც ჰგონია, რომ ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა, მათაც გამოიჩინონ ინიციატივა და დაეხმარონ შესაბამის პროფესიონალებს ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენაში", - განაცხადა ნიკა ქურდიანმა.

    პირველ ეტაპზე (2018-2019 წლები) აღდგენას 250 ჰა ფართობი ექვემდებარება. 2018 წლის სექტემბრის ბოლოდან დაიწყება ნერგების დარგვისა და თესვის სამუშაოები. ტყის აღდგენა განხორციელდება 144 ჰა ფართობზე, დარგული იქნება 400 000-მდე ნერგი.

    როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, ტერიტორიის გაწმენდის, პერიმეტრზე ღობის მთლიანობის აღდგენის, ეროზიასაწინააღმდეგო და, გარკვეულ მონაკვეთებზე, ნიადაგის აღდგენის, ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო ბილიკების შეკეთება-გაწმენდის სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის თვეში დასრულდა. ხანძრით

    დაზიანებული ტყის აღდგენის პროცესში კერძო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.

    უწყებაში განმარტავენ, რომ "თიბისი ბანკი" იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელიც დამწვარი ტყის მასივის განახლების ღონისძიებებში ჩართვის ინიციატივით გამოვიდა.

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის განცხადებით, მსგავსი ტიპის აქტივობებში მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მეტი ჩართვა, რომ სამომავლოდ ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენის პროცესი დაჩქარდეს.

    "მოგეხსენებათ, რომ 2008-2017 წლებში ხანძრის შედეგად რამდენიმე ასეული ჰექტარი ტყის მასივი დაზიანდა. მნიშვნელოვანია, რომ ტყის აღდგენის პროცესში სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად კერძო საზოგადოებაა ჩართული, რათა ერთად აღვადგინოთ როგორც ნახანძრალი, ასევე დეგრადირებულკი ტყის მასივები. ძალიან ინტენსიურად მუშაობს ეროვნული სატყეო სააგენტო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია კერძო ინიციატივები, კონკრეტულად, "თიბისი ბანკმა" გამოხატა ინტერესი, რომ ამ ეტაპზე 10 ჰა დააფინანსოს ბორჯომის ხეობაში. ვფიქრობ, რომ ეს იქნება კარგი მაგალითი სხვა კერძო სექტორისთვისაც. ჩვენ ყველა ერთად - სახელმწიფო, კერძო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება, შევძლებთ, რომ აღვადგინოთ ნახანძრალი ტერიტორია ბორჯომის ხეობაში, რაც დადებითად წაადგება ჩვენი ქვეყნის სატყეო სისტემის გაუმჯობესებას", - განაცხადა იური ნოზაძემ.

    ტყის აღდგენის პროექტის ძირითადი მიზანი ხეობაში პირვანდელი ტყის ეკოსისტემის აღდგენაა, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივი, სტანდარტული ნერგი გამოიყენება. ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყის შემქმნელი სახეობის ნერგების გამოყვანა ეროვნული სატყეო სააგენტოს სანერგეებში ხდება, რომლებიც იმავე ზონაშია მოწყობილი. ტყის აღდგენისთვის ეროვნულ საშენ მეურნეობაში გამოყვანილი კონტეინერული ნერგის გამოყენებაც ხდება.

    შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი 2017 წლის 20 აგვისტოს გაჩნდა. არსებული მონაცემებით, ნახანძრალი ფართობი 752 ჰექტარს შეადგენს, საიდანაც 525 ჰექტარი 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ხანძრით განადგურებული ტყის ტერიტორიაა.

    (ბიზნესპრესი)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved