სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "პატრულის გამოძახება არ შველის, გაფრთხილებას აძლევენ და მიდიან, მეტი არაფრის უფლება არ აქვთ"
    თეო გუდავაძე
    26.09.2018

     დედაქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების უმრავლესობა კერძო საქმიანობისათვის არის გამოყენებული და შიგნით მაღაზიები და სალონებია გახსნილი. მოუწესრიგებელი მიწისქვეშა გადასასვლელები ყოველთვის აქტუალური პრობლემა იყო და მას მერე, რაც თბილისის მერიამ ეს საკითხი ნაწილობრივ მოაგვარა, იქ მომუშავე ადამიანები სხვა პრობლემაზე ალაპარაკდნენ. კომერციული ფართების მეპატრონეები ცუდი თვალით უყურებენ ადამიანებს, რომლებიც გადასასვლელებში ფულის სანაცვლოდ მღერიან. ისინი აწუხებენ მათ, ვინც მაღაზიებსა და სალონებში მუშაობენ.

    "ვარკეთილის", "ახმეტელისა" და "რუსთაველის" მეტროსადგურებთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელები ყველაზე მეტად გადატვირთულია მაღაზიებითა და სალონებით. აქ მომუშავე ადამიანები უფრო მეტად გრძნობენ იმ პრობლემას, რასაც ქუჩის მუსიკოსები იწვევენ გადასასვლელებში მუდმივი ხმაურით.

    ნანა სალაყაია "ახმეტელის" მეტროსთან მდებარე ერთ-ერთ სალონში სტილისტად მუშაობს. იგი მთელი დღე ისმენს სიმღერებს, რომელთა ხმაც სალონში აღწევს. ბოლო დროს მუშაობა გაუსაძლისი ხდება:

    "წლებია, ამ სალონში ვმუშაობ, მაგრამ მსგავსი პრობლემები არ გვქონია. დილის თერთმეტიდან მოდიან ეს ბიჭები და ქართულ სიმღერებს მღერიან, ფანდურით ხელში. თავიდან გვსიამოვნებდა, ვუსმენდით კიდეც, ვიდეოებს ვუღებდით, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან მოსაბეზრებელი გახდა, უკვე პრობლემებიც კი გამოიწვია ამ ყველაფერმა. მუდმივი კონფლიქტია მომღერლებსა და იმ ადამიანებს შორის, ვინც მიწისქვეშ ვმუშაობთ და ეს ხდება ყოველდღიურად.

    პატრულის გამოძახება არ შველის, გაფრთხილებას აძლევენ და მიდიან, მეტი არაფრის უფლება არ აქვთ. ჩვენი თხოვნა მათთვის არაფერს ნიშნავს და გვეუბნებიან, რომ ისინიც ისე მუშაობენ და შოულობენ ფულს, როგორც ჩვენ. საუბარსაც არ აქვს აზრი. მესმის, რომ ეს მათი არსებობის წყაროა, მაგრამ ხომ შეიძლება, ეს ისეთ ადგილას იმღერონ, სადაც სხვის უფლებებს არ დაარღვევენ? მერწმუნეთ, მთელი დღის განმავლობაში როდესაც ამდენი სამუშაოა, ამდენი კლიენტი მოდის და პლუს ამას, გამუდმებით ფანდურისა და ტამტამის ხმა ემატება, თავს გვატკიებს და ისე ცუდად ვხდებით, რამდენჯერმე სასწრაფოს გამოძახებაც კი დაგვჭირდა.

    ამის შემდეგ კი წავიდნენ, მაგრამ სხვები მოდიან. ასე ჯგუფ-ჯგუფად არიან და ინაწილებენ ადგილებს საათების მიხედვით. პატრულის გამოძახების შემდეგ, ეკიპაჟი რომ გაფრთხილებას მისცემს, ესენი მიდიან და სხვები მოდიან. არც კი ვიცი, ეს ყველაფერი როგორ უნდა დარეგულირდეს ან ვინ უნდა მოაგვაროს. ფაქტია, რომ ეს არის დიდი პრობლემა, ადამიანები ზღვარს გადადიან და ასე სხვებს აზარალებენ, რაც, ჩემი აზრით, მიუღებელია. ფაქტია, პატრონი და მომხედავი არავინ არის", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ნანა სალაყაიამ.

    მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებული პრობლემა გათავისებული აქვს ხალხსაც. ისინი ხშირად გადაადგილდებიან ასეთ ტერიტორიებზე. მათი თქმით, ძნელია მუსიკის მოსმენა მაშინ, როდესაც ეს სულ არ გინდა, თუმცა ესმით იქ მდგომი ახლაგაზრდებისაც, რომლებიც გარკვეულ საზღაურს იღებენ.

    შოთა წიკლაურს მუსიკალური შვიდწლედი აქვს დამთავრებული და სხვადასხვა ანსამბლში მღეროდა, თუმცა დღესდღეობით ქუჩაში, მეტროსა და მიწისქვეშა გადასასვლელებთან მღერის თავის მეგობრებთან ერთად:

    "სტუდენტი ვარ და ვმუშაობ კიდეც, უბრალოდ, ზედმეტი თანხა არასდროს არის ცუდი, შესაბამისად, ჩემს ნიჭს ვიყენებ ამ საქმისთვის. მეგობრებს ერთად, ვისთანაც გავატარე მთელი ბავშვობა, ყველას გვეხერხება ცეკვაც სიმღერაც და სხვადასხვა ინსტუმენტზე დაკვრაც. ამ შანსის ხელიდან გაშვება როგორ შეიძლებოდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკმაოდ ნორმალურ თანხაც ვშოულობთ იმ საქმის კეთების პარალელურად, რისი კეთებაც ისედაც ძალიან გვიყვარს.

    უმეტესად მაღაზიაში მომუშავე ადამიანები იძლევიან შენიშვნებს და ჩვენც ვცდილობთ, იმ ადგილს გავეცალოთ, სხვაგან გადავდივართ, მაგრამ ძალიან გვწყინს, როდესაც არ ესმით და უსაქმურებს გვიწოდებენ და გვლანძღავენ. როგორც ისინი მუშაობენ და ლუკმაპურის ფულს შოულობენ, ზუსტად ასევე ვმუშაობთ ჩვენც. ხალხს ეს მოსწონს, ჩერდებიან, ვიდეოებს გვიღებენ, გვლოცავენ და მაშინ კიდევ უფრო გვეძლევა სტიმული.

    ჩემი ჯგუფის ყველა წევრი ნამდვილად კარგად მღერის და უკრავს და ამიტომ არ მგონია, რომ ეს შეიძლება იყოს შემაწუხებელი. თუკი ვინმეს ადგილი უნდა ერქვას ამ ტერიტორიას, სწორედ ასეთი ადამიანების საქმიანობისთვისაა. პირდაპირი მნიშვნელობით "ანდერგრაუნდია" და უნდა დაგვითმონ ჩვენ, ქუჩის მუსიკოსებს და ეს სივრცე მაინც აგვათვისებინონ. ჩვენი ადგილი ხომ მერიამ ვერსად იპოვა და არც ისეთი დაფასებული პროფესიაა, რომ ამით რომელიმე ჩვენგანმა ფული იშოვოს.

    საქართველოში ყოველი მეორე მღერის და ცეკვავს, ეს აღარავის უკვირს, საჭმლის ფული კი ყველას აკლია, გვაცადონ, იმით გამოვიმუშაოთ, რითაც შეგვიძლია", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას შოთა წიკლაურმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved