სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "როგორც ჩანს, გაძვირების პროცესს ნამდვილად არ აქვს დასასრული"
    თეო გუდავაძე
    28.09.2018

     შემოდგომის დასაწყისში სეზონური პროდუქტის სიძვირე მოსახლეობას ზამთრის შიშს უჩენს. ყველასათვის ცნობილია, რომ გაძვირება შეუქცევად ხასიათს მიიღებს შემოდგომის ბოლოდან, რაც ისედაც რთულ ეკონომიურ მდგომარეობას უფრო დაუმძიმებს მოსახლეობას. ზამთრისთვის ადამიანები პროდუქტის საჭირო მარაგს ვერ ინახავენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ წლევანდელი ზამთრის გადატანა კიდევ უფრო მეტად გაუჭირდებათ.

    აგრარულ ბაზრებში ზოგიერთ პროდუქტზე ფასი ბოლო წლების განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალია. შემოდგომა დაიწყო, ამ დროს კი, წესით, იაფდება სოფლის მეურნეობის პროდუქტები და სხვა სეზონური საქონელი, მაგრამ წელს მსგავსი არაფერი მომხდარა. მეტიც, ზოგიერთ პროდუქტზე ფასი, შარშანდელთან შედარებით, თვალში საცემად მომატებულია. აქამდე კიტრისა და პომიდვრის შეძენას ყოველ ზაფხულს ნებისმიერი ოჯახი უპრობლემოდ ახერხებდა, წელს კი მათი ფასიც ისე იყო გაზრდილი, რომ მოხმარება მკვეთრად დაეცა. ძვირადღირებული კიტრის შემოტანისგან მოვაჭრეები თავს იკავებდნენ, რადგან ნაკლებად იყიდებოდა.

    58 წლის ნანა გელეყვა, სამი წელია, ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე ბაზარში ვაჭრობს. იგი ადასტურებს, რომ წელს, შარშანდელთან შედარებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ნამდვილად სიძვირეა.

    "მე კიტრი, პომიდორი, კარტოფილი და სტაფილო მაქვს უმეტესად გასაყიდად. საუკეთესო ხარისხისა რომ შემოვიტანო, ამას ვერ ვახერხებ, რადგან ხალხი არ ყიდულობს. ურჩევნიათ, ცოტათი შელანძღული იყიდონ, გათლა-დაჭრის დროს გამოაკეთონ და ის მიირთვან, ვიდრე ნარჩევ ბოსტნეულში ორმაგი გადაიხადონ.

    აგვისტოს ბოლოდან შუშა კიტრი აღარც მომიტანია, რადგან 2 ლარად მიწევდა გაყიდვა და ხალხი ამ ფასში არც ეკარება. გლეხის მოყვანილი უბრალო კიტრი მაინც უფრო დაბალ ფასადაა. როგორც ვატყობ, ხალხი გემოს აღარ აქცევს ყურადღებას, მთავარია, რამე შეჭამონ. მესმის მათი, ყველა მსგავს სიტუაციაში ვართ, რადგან ცხოვრება ძალიან გართულდა.

    განსაკუთრებით მაშინ არ აქცევენ პროდუქტის ხარისხს ყურადღებას, როდესაც შესანახად უნდათ. ამიტომაც მეც იძულებული ვარ, ცოტა შემოვიტანო, რომ დახლზე არ დამილპეს. რაც ზუსტად ვიცი, რომ გამეყიდება, ყოველთვის ის მომაქვს.

    ხილი საგანგაშოდ ნამდვილად არ იყო წელს გაძვირებული, მაგრამ რა ემურაბება ხალხს, როდესაც საჭმელი არ არის ოჯახებში. ვაკვირდები და უმეტესად ბადრიჯანი მიაქვთ, რადგან იაფიც ღირს და შესანახადაც კარგია. წლიდან წლამდე მდგომარეობა უარესდება, შარშანაც ვამბობდით, ბაზარში ცეცხლის ფასიაო, თუმცა წელს შარშანდელზე მეტად გაძვირდა ყველაფერი და როგორც ჩანს, ამ პროცესს ნამდვილად არ აქვს დასასრული", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მოვაჭრე ნანა გელეყვამ.

    კარგი პომიდვრის ფასი წელს ყველაზე მაღალია - 2.50 ლარიდან 3 ლარამდე. მაღალია კიტრისა და მწვანილის ფასიც. მოსახლეობას აქვს ლოგიკური შიში, რა იქნება ზამთარში, როცა ზაფხულის ბოლოს ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზეც კი ფასი საგრძნობლად გაზრდილია.

    ვითარებას ართულებს ბოლო დროს ფქვილის ფასის ზრდაც, რაც საბოლოოდ პურის გაძვირებასაც გამოიწვევს. ეროვნული ვალუტის მუდმივი მერყეობის გათვალისწინებით, მოსახლეობას ზამთრის პანიკური შიში აქვს, თანაც ყველა ამ ფაქტორს კომუნალური გადასახადების ხარჯიც ემატება.

    ცირა ხაფთანი 43 წლის ეკონომისტია. იგი ამბობს, რომ საქართველოში ეკონომიკური აღმასვლა საერთოდ არ შეინიშნება იმ სფეროებშიც კი, სადაც ეს ყველაზე მეტად მოსალოდნელია.

    "თითქოს ამ პერიოდში სამომხმარებლო ბაზარზე სიიაფე უნდა იყოს, მაგრამ ეს არსად იგრძნობა. სამწუხარო ისაა, რომ ფასების ზრდა ყველაზე მეტ პრობლემას საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობას შეუქმნის. ღარიბი კიდევ უფრო გაღარიბდება, საშუალო ფენა სიდუხჭირეს იგრძნობს. ყოველ ზაფხულს, ზამთარს, შემოდგომაზე და გაზაფხულზე ვწუწუნებთ, რომ ეს წელი წინაზე უარესია, მაგრამ ეს ყოველივე სიმართლეა.

    საქართველოში აგრარული დარგის განვითარება ყველაზე კარგად არის შესაძლებელი, იმდენად კარგადაც კი, რომ ქვეყნის ეკონომიკაში დიდი ძვრა და ბიძგი მოხდეს, მაგრამ არასწორად ვიყენებთ შესაძლებლობას. მაღაზიებში რა ფასებიც იყო ვაკეში, საბურთალოზე და სხვა ცენტრალურ უბნებში, იგივე ფასია ახლა აგრალურ ბაზრებში.

    დასავლეთიდან მეუღლის მანქანით რომ მოვდიოდი (აგვისტოს შუა რიცხვებში), ვაჩერებდით გზადაგზა და ვიძენდით პროდუქტებს. როდესაც გამოველაპარაკე მოვაჭრეებს, მათ გაუკვირდათ თბილისის ფასები, რადგან ამბობდნენ, რომ ბევრად იაფად აბარებენ გადამყიდველებს. კლანივითააა მგონი - ყველა მოვაჭრე შეთანხმდა ფასების ერთდროულ გაზრდაზე.

    ზამთრისთვისაც დიდი მარაგი მჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახის შემოსავალი არ არის ცოტა, მაინც ვერ ვახერხებ, საჭირო რაოდენობის პროდუქტი შევიძინო და ამ დროს ვიწყებ ფიქრს იმ ოჯახებზე, ვისაც უჭირს და ვინც მრავალშვილიანია. იმათ რა უნდა ქნან, სად წავიდნენ და ვის მიმართონ. ყოველ წელს მთელი მოსახლეობა წუწუნებს კატასტროფულ სიძვირეზე, მაგრამ შედეგი არ არის და უარესობისკენ მივდივართ.

    ლოგიკურია, რომ საზოგადოებას ეშინია ზამთრის მოახლოების, რადგან საერთოდ არ არიან ამისთვის მზად. ყველაფერი გაძვირდა, საკვები, ტანსაცმელი, ბენზინი, ალბათ კომუნალური გადასახადების მომატებასაც უნდა ველოდოთ", - აღნიშნა "რეზონანსთან" ცირა ხაფთანმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved