სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    03.10.2018

     კანადაში საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საზეიმო საღამო ქალაქ ტორონტოში, მელ ლასტმანის სახელობის სკვერში, 30 სექტემბერს ქართველ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივითა და კანადაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და ხელშეწყობით მოეწყო.

    ღონისძიებას - "აღმოაჩინეთ საქართველო - ღვინის აკვანი" - ესწრებოდნენ კანადაში მცხოვრები ქართველები, ტორონტოს მერიისა და სხვადასხვა ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები. დამსწრე საზოგადოებას მიესალმა კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე. ტორონტოს ქალთა ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თამარ შაოშვილმა კი მათი ახლად დაარსებული ორგანიზაციის მიზნებსა და გეგმებზე ისაუბრა.

    "გადავწყვიტეთ, დავეხმაროთ კანადაში ახალჩამოსულ თანამემამულეებს, განსაკუთრებით ქალებს, ხელი შევუწყოთ კანადურ საზოგადოებაში ინტეგრირებაში, რათა მიაღწიონ იმას, რაზეც ოცნებობდნენ. მხოლოდ ასე ერთად დგომითა და ერთმანეთის დახმარებით გავაძლიერებთ ქართულ სათვისტომოს", - აღნიშნა თამარ შაოშვილმა.

    ელჩმა ისაუბრა საქართველოს უძველეს ისტორიაზე, პირველ რესპუბლიკაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და სხვა საკითხებზე. მან 27 სექტემბერი - სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა.

     "საელჩო ყოველთვის მხარს უჭერს ასეთ ღონისძიებებს იმიტომ, რომ ქართული საღამო, ქართული მუსიკა, გამოფენა საქართველოს შესახებ, სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები, რომლებიც დღეს აქ იყიდება, არ არის მხოლოდ ფესტივალის შემადგენელი ნაწილი. ქვეყნებს შორის ურთიერთობებში არ არსებობს იმაზე უფრო დიდი და მძლავრი ყინულმჭრელი, ვიდრე კულტურაა, რომელიც გზას უკვალავს პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს.

    "არის კიდევ მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, ასეთ ღონისძიებებზე კანადაში მცხოვრები ქართველები იკრიბებიან ერთად. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ემიგრანტი ქართველები დგანან ერთად და ერთობლივი ძალისხმევით აცნობენ კანადელებს საქართველოს. ძალიან მიხარია, რომ ამ საღამოს ინიციატორი ტორონტოში დაფუძნებული ქართველ ქალთა ჯგუფია და მინდა, მივულოცო მათ ეს წარმატება" - განაცხადა კონსტანტინე ქავთარაძემ.

    ქალთა ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თეა თოდუამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ მსგავსი ფესტივალის მიზანია, უცხოელ მეგობრებს მოუთხროს საქართველოს უძველესი კულტურის შესახებ.

    "სამშობლოს განცდა განსაკუთრებით მძაფრდება, როდესაც მისგან შორს ხარ და როცა გინდა, მოუთხრო შენ ირგვლივ მყოფ უცხოელ მეგობრებს, რომ შენ უძველესი კულტურის მქონე ქვეყნიდან ხარ. საქართველოს კულტურა რომ უნიკალურია, ეს ფესტივალიც ამის დასტურია. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ორგანიზაციის სახელით კანადაში საქართველოს ელჩს - ბატონ კონსტანტინე ქავთარაძეს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, ასევე, რესტორან "სულიკოს" და ყველას, ვინც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა, რომ ეს ღონისძიება წარმატებით ჩატარებულიყო", - აღნიშნა თეა თოდუამ.

     ღონისძიების ფარგლებში რამდენიმე თემატური ფოტოგამოფენა მოეწყო. ტორონტოში მდებარე მოჭიდავეთა კლუბის ქართველმა ბავშვებმა შეკრებილებს ქართული ჭიდაობის ილეთები გააცნეს და იმიტირებული ორთაბრძოლა გამართეს. ტორონტოში საკმაოდ პოპულარული რესტორანი "სულიკო" კი სტუმრებს ქართული ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდა.

    ღონისძიების დასასრულს კონცერტი გაიმართა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved