სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    დასაქმებულმა 12 წლის განმავლობაში მთელი ხელფასი უნდა გადადოს, რომ პატარა ფართი შეიძინოს
    თეო გუდავაძე
    03.10.2018

     საქართველოში მცხოვრებ ყოველ მოქალაქეს სურს, შეიძინოს საკუთარი ბინა, სახლი ან თუნდაც მცირე უძრავი ქონება, რომელშიც დროებით მაინც თავს შეაფარებს. რაც დრო გადის, ეს სულ უფრო შეუძლებელი ხდება. ექსპერტებისა და მოსახლეობის აზრით, საქართველოში საშუალო ხელფასის გათვალისწინებით, საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეს, მინიმუმ, 10-12 წელი სჭირდება, რათა დააგროვოს თანხა, რომელიც დედაქალაქის გარეუბნებში ერთოთახიანი ბინის შესაძენად იკმარებს. ესეც იმ შემთხვევაში, თუ მთელ ხელფასს დანაზოგისკენ მიმართავს.

    უამრავი ოჯახი ცხოვრობს დღესდღეობით ქირით და გირაოთი, რადგან ძალიან ცოტა ახერხებს, შეიძინოს უძრავი ქონება. ქვეყანაში, სადაც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, არავის უკვირს, რომ ადამიანებს საკუთარი ჭერი არ აქვთ. ვისაც საკუთარი უძრავი ქონება აქვს, უმეტესწილად იგი მემკვიდრეობითაა მიღებული. ახლადშექმნილ ოჯახებს კი, ვისაც საკუთარი ჭერი არ აქვს, უახლოესი ათი წელი ბინის შეძენის იმედიც არ აქვთ, რადგან მათი თვიური შემოსავალი არ არის იმ ოდენობისა, რომ დანაზოგის გადადება მოახერხონ.

    გიორგი სუბელიანი 28 წლის იურისტია. ერთი წელია, რაც მან ოჯახი შექმნა და იმის გამო, რომ ყოველთვიურად ბინის ქირას იხდის, ვერ ახერხებს დანაზოგის გადადებას ბინის შესაძენად.

    "ერთი წლის წინ შევქმენი ოჯახი და როგორც კი თაფლობის თვიდან დავბრუნდით, მე და ჩემი მეუღლე ქირით გადავედით საცხოვრებლად. არც ისე დაბალი შემოსავალი გვაქვს, ორივე ვმუშაობთ, მაგრამ ყოველთვე 300 დოლარს ვიხდით და ასე დაზოგვა ძალიან რთულია.

    უამრავი ოჯახია, ვისაც ასეთი შემოსავალი არ აქვს და ხშირად ნახევარი ცხოვრება აგროვებენ ფულს, რომ რაღაც 40 კვადრატული მეტრი ოთახი იყიდონ და საკუთარი ჭერი ჰქონდეთ. რთულია ამ ქვეყანაში ცხოვრების აწყობა, უძრავი ქონების შეძენა და მშვიდად ცხოვრება. ბანკები, იპოთეკა ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ისეთი ხელფასი, რომ ახერხებდნენ თუნდაც 30 წლის ასაკში დამოუკიდებელ ცხოვრებას, საკუთარი ჭერის შეძენას და უზრუნველყოფას.

    არ მინდა, ბანკს ვუხადო მთელი ცხოვრების განმავლობაში სესხის თანხა და ამაზე მქონდეს სანერვიულო, რადგან არ მიყვარს ბანკები და კრედიტები. სურვილი მაქვს, დამოუკიდებლად მოვახერხო პირველადი შენატანის შეგროვება და ამის შემდეგ მოვიფიქრებ, რისი გაკეთება შემეძლება. უამრავი ადამიანი მთელი ცხოვრება ქირით ცხოვრობს და ბინიდან ბინაში უწევს გადასვლა. ასე როდემდე უნდა "გაქაჩო"? ამიტომაა ამდენი აგრესია, ჩხუბი, მკვლელობა ამ ქვეყანაში. სოციალური გაჭირვება ანადგურებს ადამიანის ფსიქიკას, მთავრობა კი ჩვენზე საერთოდ არ ზრუნავს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას გიორგი სუბელიანმა.

    ზრდასრული ადამიანები სწავლა-განათლების დასრულების შემდეგ, მინიმუმ, 40 წლამდე ვერ ახერხებენ იმ ოდენობით დანაზოგის გადადებას, რომ საკუთარი ბინა იყიდონ. ამიტომ საქართველოში ძალიან ბევრი უსახლკარო ადამიანია. თინა ცხოვრებოვა 50 წლის პედაგოგია, რომელიც თავისი ოთხი შვილით, 20 წელია, ქირით ცხოვრობს და ვერ ახერხებს ფულის დაზოგვას ბინის შესაძენად ან დასაგირავებლად.

    "ძალიან ბევრი მეუბნება, სახლ-კარი თუ არ მქონდა, რატომ ვაჩენდი ამდენ შვილს, მაგრამ ეს არავის საქმე არ არის. ბედნიერი ვარ ჩემი ოთხი შვილით. უფროსები უკვე დიდები არიან, მეხმარებიან მატერიალურად და მალე გირით გადავალთ. 20 წლის განმავლობაში ყოველთვე ვღელავდი იმაზე, რომ ქირის გადახდას ვერ მოვახერხებდი. ასე რომ, დაგირავება ძალიან დიდი შეღავათი იქნება, თვიდან თვემდე ეს სანერვიულო მომაკლდება.

    პედაგოგი ვარ, საჯარო სკოლაში ვმუშაობ. 400 ლარით შვილების მოვლაც მიჭირდა, რა დანაზოგზეა საუბარი. დავდიოდი და დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ვამზადებდი, შემდეგ კი რუსულში დავიწყე აბიტურიენტების მომზადება და შემოსავალმა როდესაც იმატა, სწორედ მაშინ დავიწყე დაზოგვა. 50 ლარს ვინახავდი, ვიფიქრე ბანკიდან სესხის გამოტანაზეც, მაგრამ ჩემნაირებს არავინ აძლევს თანხას იმ რაოდენობით, რამდენიც არის საჭირო.

    ახლა შვილები მეხმარებიან და მოვახერხებ რამეს. მთელი ცოხვრება ნერვიულობაში და საკუთარ ბინაზე ფიქრში გავატარე და არ მინდა, ჩემი შვილებიც ასე იყვნენ. ამ ქვეყანაში ადამიანებს უკვე სუნთქვაც კი უჭირთ. ამდენი უსახლკარო, მგონი, არსად არ არის, რამდენიც საქართველოშია. მთელი ცოხვრება უნდა იწვალო, რომ ერთოთახიანი ბინა შეიძინო და ესეც თუ მოახერხე, ბედნიერი ადამიანი ხარ.

    სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ვართ და დახმარებასაც ვიღებთ უკვე სამი წელია, მაგრამ ეს არაფერია, სამარცხვინო თანხაა და საკვებში არ გვყოფნის, ნამდვილად შემიძლია ამის თქმა. ზუსტად ვიცი, არც ერთი ხელისუფლება არ იქნება ჩვენთვის, უბრალო ადამიანებისთვის და ასე მთელი ცხოვრება წვალება მოგვიწევს ხალხს. გული მტკივა და მეცოდება ყველა დედა, რომელსაც ის აქვს გამოვლილი, რაც მე. რამდენი ახლადშექმნილი ოჯახია ქირით, ვისაც არავის იმედი არ აქვს და სახელმწიფო უნდა აძლევდეს ახალგაზრდებს ბიძგს ახალი ცხოვრების დასაწყებად", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას თინა ცხოვრებოვამ.

    სპეციალისტები ადასტურებენ, რომ უძრავი ქონების შეძენა ხალხს სულ უფრო უჭირს. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ, საშუალოდ, ადამიანებს 10-12 წელი სჭირდებათ პატარა ბინის შესაძენად.

    "მთელი შემოსავალი ვერ წავა ბინის დანაზოგზე. ადამიანს სჭირდება კვება, ტანსაცმელი, ჯანდაცვა და სხვა მრავალი ხარჯი. ამ ყველაფრის გარეშე კი, თუ საშუალო სტატისტიკური ხელფასის მქონე პირი მის სრულ თანხას ბინის შესაძენად მიმართავს, 50 კვ/მ ბინის ყიდვას 10-12 წელი სჭირდება. ეს არის უხეში დაანგარიშება. თუმცა რეალურად ბევრად მეტი ხარჯის გაწევა უწევთ ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად ადამიანებს და დროც, შესაბამისად, უფრო მეტია საჭირო, რომ მათ საკუთარი საცხოვრისი შეიძინონ", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას არჩვაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved