სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სიმსივნური დაავადებების "გაახალგაზრდავებას" საქართველოში ვერაფერს უპირისპირებენ
    თეო გუდავაძე
    11.10.2018

     ბოლო წლების განმავლობაში სიმსივნით დაავადების მკვეთრი გახშირება და "გაახალგაზრდავება" შეინიშნება. ექიმები სხვადასხვა გამომწვევ მიზეზზე საუბრობენ, თუმცა მათ შორის უპირველესია ეკოლოგიის პრობლემა. დაავადებამ საგანგაშოდ იმატა ბავშვებშიც და წლებთან ერთად ონკოლოგიური პაციენტების რიცხვიც იზრდება.

    ექიმების მიერ დადგენილია მიზეზები, რაც ონკოდაავადებებს იწვევს. ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებაზე შეიძლება გავლენა იქონიოს მემკვიდრეობითობამ, ცუდმა ეკოლოგიურმა პირობებმა ან მავნე სამუშაო გარემომ, როცა ადამიანი დიდხანს იმყოფება კიბოს მაპროვოცირებელი ტოქსიკური ნივთიერებების (კანცეროგენების) ზემოქმედების ქვეშ. სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ ონკოლოგიასა და ადამიანის ნეგატიურ ფსიქოსომატურ მდგომარეობას შორის კავშირზეც.

    ხანგრძლივი დაკვირვებით დადგინდა, რომ პაციენტების დიდ უმრავლესობას სხვადასხვა დაავადება, მათ შორის, კიბოც, საკუთარი თავის უსარგებლობის მწვავე შეგრძნების შედეგად განუვითარდა. ფსიქოთერაპევტი მაია სოლომონიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ დაავადებასთან გამკლავების ერთ-ერთი მთავარი გზა არის ადრეული დიაგნოსტიკა და სწორი მიდგომა.

    "სიმსივნე "გაახალგაზრდავებულია", სოციალური ქსელები გადატვირთულია ახალგაზრდებისა და ბავშვების ფოტოებით, რომლებიც დახმარებას ითხოვენ, რადგან დაავადება აღმოაჩინეს საკმაოდ გვიან და უდიდესი თანხა სჭირდებათ მკურნალობისთვის. თანამედროვე ტექნოლოგიები, კვება, ეკოლოგია, გარემო, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს, მაგრამ უმთავრესი მიზეზია ის, რომ ახალგაზრდები არ უფრთხილდებიან საკუთარ თავს, არ უყვართ ექიმები და გამოკვლევები. მხოლოდ მაშინ, როდესაც ძალიან ცუდად იგრძნობენ თავს, მიდიან დიაგნოსტიკაზე და, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში აგვიანდებათ.

    21-ე საუკუნემ, ბევრ ცუდთან ერთად, უამრავი კარგიც მოიტანა და ერთ-ერთია ის, რომ ჩვენ უკვე ვიცით - სიმსივნე არ არის განაჩენი, თუ მას მალევე აღმოაჩენ და სწორად უმკურნალებ. მესმის, გამოკვლევა ხარჯთან არის დაკავშირებული, თუმცა სიცოცხლეს წინ არაფერი უდგას და თუ ადამიანები შეეჩვევიან ჯანმრთელობის დაცვის იმ მეთოდს, რაც ევროპაში კარგად არის დანერგილი და თავს თვეში ერთხელ მაინც გაუწევენ კონტროლს, ეს უკვე კარგი შედეგის მომცემი იქნება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მაია სოლომონიშვილმა.

    ბოლო დროს ძალიან გახშირდა ახალგაზრდებში კიბოთი დაავადების შემთხვევები. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი ექიმს კიბოს უკანასკნელ სტადიაზე მიმართავს, როცა მკურნალობა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ახალგაზრდა არასოდეს აქცევს ყურადღებას ჯანმრთელობას, რადგან მიიჩნევს, რომ ასეთ ასაკში ავადმყოფობა ნაადრევია.

    სიმსივნით დაავადების შემთხვევები აღარც უფრო პატარა ასაკშია იშვიათობა. არაერთი სამეცნიერო კვლევით დადასტურებულია, რომ ბავშვებში სიმსივნური დაავადებების გახშირება კომპიუტერისა და მობილური ტელეფონების აქტიურ მოხმარებას უკავშირდება.

    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და კიბოს შემსწავლელმა საერთაშორისო ორგნანიზაციამ მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერული ტექნიკის გამოსხივება პოტენციურ კანცეროგენად აღიარეს და ქლოროფორმის, დდტ-ს, ბენზინის მსგავსად, მიაკუთვნეს "ადამიანისთვის შესაძლო კანცეროგენური" ფაქტორების ჯგუფს.

    "რეზონანსთან" საუბრისას ონკოჰემატოლოგმა ნინო მღვდლიაშვილმა ყურადღება გაამახვილა მობილურ ტელეფონებთან და კომპიუტერთან გადაჭარბებულ კავშირზე, რაც სერიზულ საფრთხეს უქმნის ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯანმრთელობას და პირდაპირ უკავშირდება მძიმე დაავადებებს.

    "ორი წლის ასაკში ბავშვს უკვე მრავალფუნქციური მობილური ტელეფონი აქვს, რომელსაც დღედაღამ მოიხმარს. ორ წლამდე კი მშობლები ბავშვებს ტელევიზორის და ტელეფონის ხათრით აჭმევენ საჭმელს. ბავშვი წამოიზრდება თუ არა, პირველ კლასში ლეპტოპთან აქვს კავშირი. ასეთი ტექნოლოგიები რამდენადაც კარგია, ზუსტად იმდენადვე ანგრევს ადამიანების ჯანმრთელობას და განსაკუთრებით ერევა პატარების ორგანიზმს.

    რთულია, აუხსნა პაციენტს, რა ტიპის ელექტრონული მოწყობილობის დაშვება შეიძლება მცირეწლოვნისთვის ან დროში შეზღუდვა როგორ უნდა მოხდეს. საქართველოში ეს წესი არ არსებობს. ამასობაში დადგინდა, რომ თავის ტვინის სიმსივნეების მატება სწორედ ამას უკავშირდება", - განაცხადა მღვდლიაშვილმა.

    როგორც ამერიკის პედიატრიული მეცნიერების აკადემიამ და კანადის ბავშვთა ინსტიტუტმა საკუთარ გამოკვლევებზე დაყრდნობით დაასკვნეს, 2 წლამდე ასაკის ბავშვებს ტექნიკასთან შეხება საერთოდ არ უნდა ჰქონდეთ. 3-5 წლის პატარებისთვის დღეში მხოლოდ ერთი საათია დასაშვები, ხოლო 6-18 წლის ასაკში ეს დრო შეიძლება 3 საათამდე გაიზარდოს. ამავე გამოკვლევების თანახმად, თანამედროვე ბავშვები ტექნიკას დასაშვებზე 5-ჯერ მეტხანს იყენებენ, რაც მეცნიერებს ყოვლად დაუშვებლად მიაჩნიათ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved