სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა - ანბანით მოთხრობილი საქართველო
    ია აბულაშვილი
    11.10.2018

     "საქართველოს გაცნობა შეიძლება მოგზაურობით, მაგრამ მაინც ჯობია, ქართულმა ლიტერატურამ მოგახსენოთ თავისი ძველი და უცვლელი სათქმელი იმის თაობაზე, რომ სიყვარული, მეგობრობა, სიკვდილი და სიცოცხლე, ომი და მშვიდობა, ტკივილი და სითბო ისევეა ჩვენი თხრობის ნაწილი, როგორიც თქვენი და ამაზე ლაპარაკი და თხრობა ისე შეგვიძლია, როგორც ბევრს არავის დედამიწის ზურგზე.

    ქართული ლიტერატურა ამ სიტყვებით წარდგა ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის გახსნით ცერემონიაზე, რომლის ავტორია თანამედროვე ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე, რომელიც, ასევე, ანბანით მოთხრობილი საქართველოს ტექსტის ავტორია.

    ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომელსაც 500-წლიანი ისტორია აქვს, ყველაზე პრესტიჟული და დიდი საერთაშორისო ღონისძიებაა არა მხოლოდ ლიტერატურისა და საგამომცემლო, არამედ მთლიანად კულტურის სფეროში. იგი ყოველწლიურად 300 ათას სტუმარს მასპინძლობს და დაახლოებით 400 ათასი წიგნია წარმოდგენილი.

    ტრადიციულად, გამოფენაზე ერთ-ერთი ქვეყანა საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს და წლევანდელ ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველო წარდგა.

    ქართულმა მხარემ ამ სტატუსზე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებთან მოლაპარაკება 2010 წელს დაიწყო, ხოლო ოფიციალური შეთანხმება 2014 წელს გაფორმდა.

    საქართველოს პავილიონის 2 სცენაზე 72 ქართველი ავტორი უცხოელ მკითხველს შეხვდება და ქართულ ლიტერატურას გააცნობს. სპეციალურად მოწყობილ სივრცეში კი გამოფენილი იქნება ქართული ლიტერატურის 300-მდე უცხოენოვანი თარგმან, ასევე, უცხოელი გამომცემლების მიერ სხვადასხვა ენაზე საქართველოს შესახებ გამოცემული 600-მდე წიგნი.

    ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ერთი დღით გამოიფინა საფრანგეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მოქანდაკის - გუჯი ამაშუკელის მიერ მოჭედილი "ვეფხისტყაოსანი", ვიდრე ნიუ- იორკში გაერო-ს არტკოლექციაში გამოიფინება, როგორც ქართული კულტურის უნიკალური ნიმუში. "ვეფხისტყაოსნის" სამუზეუმო ეგზემპლარი 2017-2018 წლებში თბილისსა და პარიზში მხატვრებისა და კალიგრაფების ჯგუფმა შექმნა.

    უნიკალური ხელნაწერი "ვეფხისტყაოსნის" ყდა დამზადებულია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე სახეობის ძვირფასი ქვა: სერპანტინი, პირინეის ქვა, ნაცრისფერი და წითელი იასპი, ამეთვისტო, მთის ბროლი, ვარდისფერი კვარცი, აქატი, სოდალიტი, ქალცედონი, ლაზურიტი, შევარდნის თვალი, ამაზონიტი, ავანტურინი, ტანზანიტის იასპი. ნამუშევარში გამოყენებულია მეტეორიტის ქვებიც.

    დღევანედელ სტატიაში გავიხსენებთ რამდენიმე საინტერესო ამბავს, როგორ დაიბეჭდა პირველი ქართული წიგნი ევროპაში და ევროპელების დაინტერესებით როგორ მზადდებოდა ნიადაგი ქართული წიგნის საქართველოში დასაბეჭდად.

    1629 წელს რომში, სარწმუნოების გამავრცელებელ სასულიერო სტამბა "პოლიგლოტში", დაიბეჭდა პირველი ქართული წიგნი - "ქართულ-იტალიური ლექსიკონი", რომელიც შეიცავს 300-მდე ქართულ სიტყვას.

    წიგნის თავფურცელს აწერია, რომ იგი შეადგინა სტეფანე პაოლინიმ, თეიმურაზ პირველის ელჩ ნიკიფორე ირბახის (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის) დახმარებით, რომელმაც ჩამოასხმევინა ქართული შრიფტი.

    ლექსიკონი განკუთვნილი იყო საქართველოში კათოლიკობის საქადაგებლად წამოსული მისიონერი ბერებისთვის. იგი არაერთხელ გადაუბეჭდავთ და ერთი მათგანი დაცულია ვატიკანში.

    იმავე წელს რომში დაიბეჭდა მეორე ქართული წიგნი - "ქართული ანბანი ლოცვებითურთ". 1643-1670 წლებში მისიონერმა ფრანცისკო მარიო მაჯიომ ორჯერ გამოსცა "ქართული ენის გრამატიკა". წიგნები აწყობილია მხედრული და ნუსხური შრიფტით.

    1681 წელსაც დაიბეჭდა ქართული წიგნი, რომელზეც მიხეილ თამარაშვილი წერსს: "საქრისტიანო მოძღვრება სიმბოლოებით დარიგებული კარდინალ ბელარმინოსგან და გადათარგმნილი პატრი ბერნარდო, მარიო ნეაპოლისა, კაპუჩინი, მქადაგებელ და ღვთის მეტყველი იტალიანურის ენისაგან მხედრული ქართული ენით".

    ბერნარდო ერთი იმ მისიონერთაგანი ყოფილა, რომელიც საკმაოდ კარგად ფლობდა ქართულს და წიგნებსაც თარგმნიდა. ჰუგო მუხატეს ტორე-დელ გრეკოში, კაპუცინთა ძველ ეკლესიაში, უნახავს 14 ქართული ხელნაწერი, ბერნარდო ნეაპოლელის ხელით გადაწერილი.

    როგორც იმ დროის მეცნიერები წერდნენ, ევროპაში ქართული წიგნის ბეჭდვას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ევროპელი მისიონრები ძალიან დაინტერესებული ყოფილან ქართული კულტურით, რამაც ნიადაგი მოამზადა ქართული წიგნის საქართველოში დასაბეჭდად.

    1708-1709 წლებში, როცა ვახტანგ მეექვსემ თბილისში პირველი ქართული სტამბა დააარსა, მის გასამართავად ბულგარეთიდან მოიწვია სახელგანთქმული ოსტატი მიხაილ იშტვანოვიჩი, წარმოშობით ქართველი ბულგარელი განმანათლებლის, სასულიერო მოღვაწისა და მესტამბე ანთიმოზ ივერიელის მოწაფე.

    სწორედ ანთიმოზ ივერიელმა გამოუგზავნა ვახტანგ მეფეს სტამბის გამართვისთვის საჭირო მასალა და ტექნიკა. შეიქმნა და ჩამოისხა პირველი ქართული შრიფტი და 1709 წელს ვახტანგისეულ სტამბაში დაიბეჭდა პირველი ქართული წიგნები: სახარება-ოთხთავი და "დავითიანი", რომლებიც შავი საღებავებით ნუსხური შრიფტით იყო დაბეჭდილი.

    როგორც ისტორიკოსები აღნიშნავენ, თბილისის სტამბაში დაბეჭდილი წიგნები ტოლს არ უდებდა ევროპაში დაბეჭდილს. 1712 წელს თბილისში, ვახტანგისეულ სტამბაში, დაიბეჭდა შოთა რუსთაველის უკვდავი "ვეფხისტყაოსანი".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved