სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    15.10.2018

     საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების შექმნის იდეა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ჩაისახა. ვინ იდგა ამ საშვილიშვილო საქმის სათავეებთან, ამის შესახებ რამდენიმე საინტერესო ამბავს შევთავაზებთ მკითხველს დღევანდელ სტატიაში.

    ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა დიმიტრი ბაქრაძემ შეიმუშავა საქართველოს ისტორიის შესწავლის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა რამდენიმე პრინციპს. კერძოდ, მოეძიათ საქართველოს ისტორიის ქრონიკები; გადმოეწერათ და გადმოეხატათ ისტორიული მინაწერები ტაძრებიდან, მანუსკრიპტებიდან, საეკლესო სამკაულებიდან; შეესწავლათ სიგელ-გუჯრები, სასულიერო და საერო ნაწარმოებები უცხოურ წყაროებში, ბერძნული, არაბული, რომაული და სხვა.

    რა თქმა უნდა, ამ დიდი საქმის შესრულებას სჭირდებოდა სპეციალური სამეცნიერო საზოგადოების დაარსება. პირველი სხდომაც გაიმართა, სადაც შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც, საზოგადოება დაიცავდა "ნივთიერსა და ნაწერს ნაშთებს, გამოსცემდა დროგამოშვებით ჟურნალებს, წიგნაკებს, ატლასებს, ლექსიკონებს".

    წესდების მიხედვით, საზოგადოების საქმეს მართავდა საბჭო. საჭირო იყო ფინანსების მოძიება და 1907 წლის 9 სექტემბერს, საღამოს 9 საათზე, თბილისის თავად-აზნაურთა დეპუტატების საკრებულოში შეიკრიბნენ ქალაქის დაწესებულებებიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული დელეგაციები ილია ჭავჭავაძის დაკრძალვის საკითხთან დაკავშირებით და აქვე მიიღეს გადაწყვეტილება ქალაქის თვითმმართველმა, თავად-აზნაურთა საკრებულომ, მრეწველებმა, ბანკირებმა და კერძო პირებმა ყოველწლიურად ან ერთდროულად "გამოიღონ თავისი წვლილი ილია ჭავჭავაძის თანხის შესადგენად, რომელიც კულტურულ-საგანმანათლებლო საქმეებს მოხმარდება".

     იმავე საღამოს ექვთიმე თაყაიშვილმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც წერდა, რომ "ილია ჭავჭავაძის სახსოვრად უნდა გაკეთდეს ის, რაც ჩვენთვის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს - ქართული მუზეუმი უნდა აშენდეს".

    1909 წელს ექვითმე თაყაიშვილმა მიიღო თანხმობა ეროვნული ბიბლიოთეკისა და მუზეუმის დაარსების თაობაზე. საზოგადოებამ დაიწყო საცავ-ბიბლიოთეკისთვისა და მუზეუმისთვის სხვადასხვა შემოწირულობით წიგნებისა და ნივთების შეძენა.

    "პირველ წლებში მუზეუმისთვის ნივთები არ გვქონდა. მეორე წლისთვის დავიწყეთ შეგროვება. მესამე წელს გვქონდა სულ 79, ახლა კი გვაქვს 2 432 საეთნოგრაფო ნივთი - 550 ნაქსოვ-ნაკერი, 62 ქანდაკება, 585 მხატვრული ნაწარმოები, ისტორიულ პირთა პორტრეტები", - წერდა ექვთიმე თაყაიშვილი.

    შემოწირულობა გაიღო გიორგი ერისთავმა. მან საზოგადოებას აჩუქა "6 ბეჭედი, არაბული ფული, საკალატოზო შვეული (მინანქრიანი), დასაკეცი ხატის პატარა ძვლის კარი" და სხვა. მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანმა - "ვერცხლით მოჭედილი კეხი, ოქროთი დაფარული ხატი, ვერცხლის ხატი, ქალის ოქრომკედით ნაკერი პირსაბური, სამღვდო ფილონი, სტიქარი, ქამარი, ოლარი, მარგალიტით შემკული საბუხრეები". ნუმიზმატიკის განყოფილებას კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონ მეორემ თავისი კოლექცია გადასცა.

    1917 წლისთვის საზოგადოების წიგნთსაცავში ინახებოდა 9 875 ნაბეჭდი წიგნი, ხელნაწერები, რომელთა შორის ბევრი იყო ეტრატზე ნაწერი და დასურათებული; მეათე საუკუნიდან მოყოლებული, სიგელ-გუჯრები, მათ შორის უძველესი მე-12 საუკუნისა.

     საზოგადოებამ მიმართა საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებსაც. ექვთიმეს ბაქოში მცხოვრებმა შეძლებულმა ქართველებმა 3 500 მანეთი შემოწირულობა აღუთქვეს.

    აკაკი წერეთელმა ნოტარიული წესით საზოგადოებას დაუმტკიცა "100 დესეტინა მიწა, დიდი ეზო და სახლი სოფელში, ვენახი მისი ეზოს მახლობლად და ტყე". ასევე, უანდერძა მისი ნაწერების გამოცემის უფლებაც. ეს ქონება მაშინ 1300 მანეთს უდრიდა.

    პეტრე თუმანიშვილმა საზოგადოებას შესწირა ვერაზე ერთი დესეტინა მიწა, რომელიც 2 800 მანეთად ჰქონდა ნაყიდი. მანვე საზოგადოებას მისცა თანხა, ჩაეტარებინათ არქეოლოგიური ექსპედიცია სვანეთში. მუზეუმის აშენება ითავა დავით სარაჯიშვილმა და ანდერძით დაავალა თავისი ნების აღმსრულებელთ, მისი მამულებიდან აღებული ფულის ნახევარი, 600 ათასი მანეთი, მუზეუმის ასაგებად გამოეყოთ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved