სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოწევის აკრძალვით გამოწვეული პრობლემები უახლოეს 2-3 კვირაში განსაკუთრებული სიმწვავით იჩენს თავს
    თეო გუდავაძე
    17.10.2018

     პირველ მაისს მიღებული კანონის შემდეგ, რომელიც მოწევის აკრძალვას შეეხო, ხალხი ამ თემას ახლა მეორედ მიუბრუნდა. საქმე ისაა, რომ აცვიდა და მწეველებს გარეთ გასვლისა და აივანზე დგომა-ჯდომის პრობლემები დაუდგათ. განსაკუთრებით უჭირთ კაფე-ბარებისა და რესტორნების კლიენტებს. თავის მხრივ საგონებელში არიან კვების ობიექტების მეპატრონეებიც. ვისაც ვერანდა არ გააჩნია, უკვე კანონის შეცვლაზე აქტიურად საუბრობს.

    პირველი მაისიდან საქართველოში მწეველებისათვის ცალკე ზონები გამოიყო, სადაც მათ არ ეკრძალებათ მოწევა, თუმცა ამ კანონმა საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მით უფრო პრობლემური გახდა ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ზამთარი მოახლოვდა, საგრძნობლად აცივდა და რესტორანში მისულ ადამიანს აღარ სიამოვნებს ვერანდაზე დაჯდომა ან ხშირ-ხშირად სუფრიდან ადგომა და გარეთ სიარული.

    გიორგი თვალაბერიძეს, ვინც 46 წლისაა, ამ პრობლემაზე სანამ აცივდებოდა, არც კი უფიქრია და მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა ვერანდაზე მაგიდის დაჯავშნა ანდა შენობიდან გარეთ გასვლა მოსაწევად, თუმცა ცივმა ამინდებმა ყველაფერი შეცვალა:

    "კომფორტი ყველა ადამიანს უყვარს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვისვენებთ და ვცდილობთ განტვირთვას. მე 20 წლის ასაკიდან ვეწევი და ახლა სულ რომ საკუთარ სახლში გამომკეტონ, მაინც ვერ გადავეჩვევი. ეს უაზრო კანონი გადასახედია ან რესტორნის მეპატრონეებმა უნდა შეიძინონ სპეციალური გამწოვები.

    ძალიან უსიამოვნოა ჯერ ახლაც კი გარეთ დგომა და ზამთარში საერთოდ ვინ გავა გარეთ მოსაწევად, ნამდვილად არ ვიცი. ამ კანონის შემოღებას არ მგონია, რამე დადებითი ეფექტი ჰქონდეს. მესმის, რომ ბავშვების თავშეყრის ადგილებში არ შეიძლება მოწევა, მაგრამ მე თუ რესტორანი "დავხურე" და ძმაკაცებთან ერთად ვქეიფობ, რატომ მეკრძალება იქ მოწევა, რა უაზრობაა.

    ზამთარში კანონს ბევრი რესტორანი დაარღვევს. მართალია, ჯარიმები დიდია, მაგრამ ადმინისტრაციას წინააღმდეგობაც ბევრი აქვს სტუმრების მხრიდან. უკვე ორჯერ შევესწარი მსგავს ფაქტს, რომ დარბაზში ეწეოდნენ სიგარეტს და დაცვას მოუხდა უხეშად ჩარევა", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას გიორგი თვალაბერიძემ.

    არავინ დავობს იმაზე, რომ მოწევა მავნე ჩვევაა და ჯანმრთელობას აზიანებს. განსაკუთრებით ცუდია პასიური მწეველებისათვის ის ბოლი, რომელიც მოწევის შემდეგ დგება, თუმცა ასე ერთიანად მოწევის აკრძალვა საჯარო სივრცეებში რთულად გასათვალისწინებელი კანონი აღმოჩნდა. ამიტომ ყველა მიიჩნევს, რომ უნდა იყოს მწეველებისა და არამწეველების დარბაზები, განსაკუთრებით - დაზამთრების პერიოდში.

    მარიამ ჩოლოღაშვილი საუბრობს იმ მიზეზებზე, რომელთა გამოც კაფე-ბარის დახურვა მოუწია ბარნოვის ქუჩაზე სწორედ პირველი მაისის შემდეგ:

    "პატარა კაფე მქონდა ჩემი სახლის ქვემოთ - "მითინგ რუმი". ნორმალურად მუშაობდა, ყოველ შემთხვევაში, დამატებითი შემოსავალიც მქონდა და ვაკეთებდი იმ საქმეს, რაც მიყვარდა. რაც ეს კანონი შემოვიდა, მეც ისევე, როგორც ყველა დაწესებულების მეპატრონეს, მომიწია, შევგუებოდი მას და ჩემი სტუმრებისათვის ამეკრძალა კაფეში მოწევა. შესაბამისად, განსაკუთრებით ცუდ დღეში აღმოვჩნდი, რადგან არ მქონდა ვერანდა და ცალკე ზონაც ვერ გავაკეთე მწეველებისათვის.

    ნელ-ნელა სტუმრების რაოდენობამ იკლო და ივლისში უკვე დღეში ორი-სამი სტუმარი შემოდიოდა. მივხვდი, რომ კაფე ვეღარ მუშაობდა და უნდა დამეხურა. ვფიქრობ, უამრავი ადამიანია ჩემსავით, ამიტომ რამე შეღავათი უნდა გააკეთონ ასეთ დროს. მე მირჩევნია, მხოლოდ მწეველების კაფედ გადავაკეთო. ასეთ შემთხვევაში ვიცი, რომ ჩემი ერთგული სტუმრები დამიბრუნდებიან.

    ასეთ ყინვაში, როდესაც ადამიანი ცხელი ჩაის დასალევად შემოდის, რომ გათბეს და თავი მყუდროდ იგრძნოს, ისევ გარეთ უნდა გააგდო მოსაწევად? ეს უდიდესი დისკომფორტია და ამიტომ კანონში ცვლილებების შეტანა საჭიროა", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მარიამ ჩოლოღაშვილმა.

    არამწეველებს ეს თემა ნაკლებად აინტერესებთ და დიდად არც აწუხებთ, მაგრამ ფაქტია, ამ კანონმა უამრავი კერძო ბიზნესი დააზარალა. დაწესებულების მეპატრონეები ჯერჯერობით ცდილობენ, დაემორჩილონ კანონს და სტუმრებს აუკრძალონ დახურულ სივრცეში მოწევა.

    შეგახსენებთ, რომ პირველი მაისიდან სიგარეტისა და ელექტროსიგარეტის მოწევა აიკრძალა დაწესებულებების, რესტორნებისა და კაფე-ბარების შენობებში, ასევე - ტრანსპორტში (ტაქსის გარდა). კანონის დარღვევის შემთხვევაში მოქმედებს ფულადი ჯარიმები

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved