სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    22.10.2018

     "ყოველ ქუჩას თავის ისტორია აქვს. ქუჩაც ადამიანივით ცოცხლობს, იცვლის ფერს, სახეს და ადამიანივით კვდება... ჩვენი თბილისის ქუჩები თავისი შთაგონებით სხვადასხვა ჯგუფად შეიძლება დაიყოს - "ჯეელის ქუჩა", "ბებერი", "უიღბლო", "რევოლუციური", "ტალახის ქუჩა", "გლეხის ქუჩა", "პოლიციის ქუჩა" - წერდა ძველი თბილისის ქუჩების მოტრფიალე პოეტი იოსებ გრიშაშვილი.

    დღევნდელ სტატიაში, ჩვენც გვინდა, გავიხსენოთ თბილისის ძველ უბანში - სოლოლაკში მდებარე ერთი ქუჩა და მისი სახელების ისტორია. დღეს ეს ქუჩა გალკტიონის სახელს ატარებს, ადრე კი ბარონ განის ქუჩა ერქვა და მე-19 საუკუნის ქართველი და უცხოელი ინტელიგენციის თავშეყრის ადგილი იყო. სწორედ ამ ქუჩაზე აიგო პირველად იმ პერიოდის ცნობილი ევროპელი არქიტექტორების მიერ საშემოსავლო თუ კერძო სახლები ცნობილი მაგნატების - თამამშევების, მანთაშოვების, ბებუთოვებისა და სხვათა ფინანსებით.

    პირველი სახლი ბარონ განის ქუჩაზე ააშენა ცნობილმა გერმანელმა არქიტექტორმა ალბერტ ზალცმანმა, რომელიც საქართველოში ჩამოსახლებულ ემიგრანტ ფრიდრიხ ზალცმანის ოჯახში დაიბადა; დაამთავრა პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემია, მისი პედაგოგი იყო ალექსანდრე შტანკენშნაიდერი.

    ეს იყო ევროპული ტიპის პირველი საცხოვრებლი სახლი, რომელიც არქიტექტორმა ზალცმანმა ქართული ორნამენტებით შეამკო. როგორც ხელოვნებათმცოდნეები აღნმშნავენ, იგი ეროვნული ხეროთმოძღვრების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, რომელიც სამთავისისა და სხვა ქართული ტაძრების კედლების მორთულობას იმეორებს.

    მეორე სახლი თამბაქოს მწარმოებლებს, ძმებ სეილანოვებს, ეკუთვნოდა. ამ სახლის სადარბაზო მოხატა სახელგანთქმულმა მხატვარმა ბენიტო ტელინგატერმა, რომელიც ბაქოს თეატრის დეკორატორად მუშაობდა. ვესტიბიული მოხატული იყო ქვეყნების ალეგორიული გამოსახულებებით, კიბის უჯრედი კი - დეკორატიული ორნამენტებით.

    მესამე სახლის ავტორი, რომელიც დღეს გალაკტიონის 17-ში მდებარეობს, უცნობი არქიტექტორია და ამ სახლში 1920-1921 წლებში საქართველოს რესპულიკაში რუსეთის საელჩო განთავსდა. ამბობენ, რომ გასაბჭოების შემდეგ, 1921-1926 წლებში, იქ სერგო ორჯონიკიძე ცხოვრობდა.

    დღევანდელი გალაკტიონის ქუჩის #21-ში ცხოვრობდა ნიკო ნიკოლაძის ოჯახი - ნიკო ნიკოლაძეს სამსართულიანი სახლის მთელი მესამე სართული შეუძენია. მეზობლად კი, 20 ნომერში, სმირნოვების ოჯახი ცხოვრობდა. ეს სახლი 1860 წელს შვედი არქიტექტორის - ოტო სიმენსის პროექტით აშენდა. სმირნოვების ოჯახის ხშირი სტუმარი ყოფილა ილია ჭავჭავაძე.

    გალაკტიონისა და ლადო ასათიანის ქუჩების კუთხეში კი ერთმანეთის პირისპირ დგას ორი სახლი, რომელთა აშენების ისტორია ასეთია - ისინი ორი ვაჭრის მეტოქეობის წყალობით აშენდა. ერთმა მათგანმა, რომელიც მეზობელივით მდიდარი არ იყო და იცოდა, რომ ძვირფას დეკორატიულ ფასადს ვერ გააკეთებდა, ფანჯრების თავზე ენაგამოყოფილი მასკარონები (გროტესკული ნიღბები) გამოაქანდაკებინა და მეტოქეს შეუთვლა - მე რომ გამოვალ ჩემს აივანზე, შენი მდიდრული სახლის ფასადით დავტკბები, კარგ ხასიათზე დავდგები და საქმეც კარგად წამივა, შენ კი შენი სახლის აივნიდან ამ დამცინავად ენაგადმოგდებულ სახეებს დაინახავ, გუნება გაგიფუჭდება და საქმეები ცუდად წაგივაო.

    ბედის უკუღმართობით, ორივე ვაჭარს საქმე ცუდად წასვლია. თბილისში ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ ორივე სახლის მეპატრონეს ქონება დაუკარგავს. ამბობენ, მათგან ერთ-ერთი სახლი სტალინისა და ბერიას ფარული შეხვედრების ადგილი ყოფილა, მაგრამ არავინ იცის, დამცინავი ნიღბებით მოპირკეთებულ სახლში ხვდებოდნენ თუ მეორეში ბოლშევიკების ბელადები.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved