სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    31.10.2018

     სათხეს, ძველი დიდების უნიკალურ ტაძარს, რესტავრაცია უტარდება. მან ახალი სიცოცხლე უნდა შეიძინოს! სათხის მონასტრის რეაბილიტაციის პროექტის ავტორთა შეფასებით, ერთ-ერთი სამაგალითო რესტავრაცია ჩატარდება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. შემორჩენილი არტეფაქტებიდან ტაძარი ისტორიულ სახეს აღიდგენს, რაც პროფესიონალთა გუნდისაგან გასაოცარ ტექნიკას მოითხოვს. საუკუნის პროექტს ისტორიკოსების, არქეოლოგებისა და რესტავრატორების გუნდი ერთად ეჭიდება. მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა, მაგრამ წინ ურთულესი გამოცდაა...

    სათხე - ისტორიული შტრიხები

    ტაძარი ბოლნისის მიდამოებში, დაბა კაზრეთის სამხრეთით მდებარეობს. იგი რამდენიმე ეპოქის სამშენებლო ფენას შეიცავს. მდიდარია მორთულობითა და წარწერებით, შემორჩენილი აქვს კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. თავის დროზე ინტერიერს შესანიშნავი კანკელიც ამკობდა, რომელიც ახლა ხელოვნების მუზეუმშია დაცული. სათხის ეკლესია იმ იშვიათ ძეგლთა სიას მიეკუთვნება, რომლის ლაპიდარულ წარწერებში ნაგებობის "გალატოზის" (ხუროთმოძღვარი) სახელიც იხსენიება.

    თვით ეკლესია წარმოადგენს დიდი ზომის (15ყ6.7მ) ერთნავიან შენობას, რომელსაც გარს ეკვრის დამატებითი სადგომები, სამხრეთით, დასავლეთითა და ჩრდილოეთით. ყველა ერთად გართულებული მოხაზულობის გეგმას იძლევა: მთავარი, შუა კორპუსის სწორკუთხედის აღმოსავლეთი ნაწილი გამოწეულია გვერდითი სადგომების მიმართ, დასავლეთით კი მათი კედლები ერთ ხაზზეა.

    სადგომებს კამარა ჩაქცეული აქვს. სიძველისაგან ჟანგმოკიდებული კედლებიც არაა სრულად მოღწეული ჩვენამდე, მაგრამ არც შეკეთება-გადაკეთების კვალია სადმე (გამონაკლისს ჩრდილოეთი ეკვდერი წარმოადგენს).

    ტაძრის გადასარჩენად

    სათხის ეკლესიის გადარჩენის ინიციატორია საყდრისის კომიტეტი, სარესტავრაციო სამუშაოებს ხელმძღვანელობს და აფინანსებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებაში ჩართულია კომპანია "არემჯი". რამდენიმე დღის წინ "რეზონანსს" შესაძლებლობა ჰქონდა, სწვეოდა სათხის ეკლესიას და თვალი მიედევნებინა პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის.

    ნატაძრალ ტერიტორიაზე მეგზურობა სარესტავრაციო სამუშაოების მწარმოებელმა არჩილ ყიფიანმა გაგვიწია. დრო-ჟამის სიავისაგან გაცრეცილ ფრესკასთან შევჩერდით. სამწუხაროდ, ფრესკისაგან მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტია შემორჩენილი. ფრესკა ჯერ გაშიფრული არ არის. მეცნიერებს წინ რთული სამუშაო ელით. ვანდალიზმის კვალი კედლებზე საკმაოდ ბევრია.

    "გასუფთავების სამუშაოები დასრულდა. ძალიან საფრთხილო იყო, რადგან მცირეოდენი დეტალიც კი, რომელიც მეცნიერებს მისცემდა ახალ მასალას კვლევისა და შესწავლისათვის, მაქსიმალურად უნდა დაგვეცვა. სწორედ ამ ნანგრევებში აღმოვაჩინეთ კანკელის ფრაგმენტი, რომელზეც მხოლოდ თარიღი იყო ამოტვიფრული და მან ისტორია შეცვალა. ხშირად ასეა - თარიღებს ისტორიისათვის მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე თვით განძს. მოკრძალებული ქრისტიანული ტაძარია, აქ მატერიალური განძი არ იქნება, მაგრამ ეროვნული მნიშვნელობის ფასდაუდებელ საუნჯესთან გვაქვს საქმე. საფლავები რომ დათარიღდება და შეისწავლება, მეტ ინფორმაციას მოგვცემს.

    მთავარი პირობაა, რომ ძეგლის ავთენტიკურობა შენარჩუნდეს. თავის დროზე მოძველებული მეთოდით გაკეთდა - რკინაბეტონია გამოყენებული, რომელსაც მსგავსი სამუშაოებისას ევროპაში არ იყენებენ. ტაძრის ზედა ნაწილში, ბეტონის სიმძიმე უარყოფითად ზემოქმედებს ქვაზე, ამიტომ, სავარაუდოდ, გამოვიყენებთ უჟანგავ არმირებას. როცა პროექტირების მეორე ნაწილს დავასრულებთ, კირი და რაღაც უფრო მსუბუქი შემავსებელი უნდა მოვიხმაროთ. მინაშენებიც ისეთ მდგომარეობაშია, რომ დანგრევის რისკი დიდია. ჩვენი გათვლით, კედლებს ასეთ მდგომარეობაში შევინარჩუნებთ და ზემოდან გავმართავთ კამარას, რაც კონსტრუქციულ და საუკეთესო გადაწყვეტილებად მიგვაჩნია", - ამბობს ყიფიანი და საუბარს სამარხების თაობაზე აგრძელებს.

    "ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში ერთი საფლავია, დანარჩენი სამარხი რამდენიმეა როგორც სამხრეთის, ასევე სამხრეთ-დასავლეთის მინაშენში, მათ შორის ბავშვის სამარხიც უნდა იყოს, მაგრამ გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობისას დავაკონსერვეთ. წარწერა გვამცნობს, რომ აქ ასვენია კალონა პეტრეს ძე, რომლის სახელსაც ისტორიულ წყაროებში არაერთხელ ვხვდებით.

    ტაძრის კედელზე რამდენიმე ქრისტიანული სიმბოლიკაა. აღმოსავლეთის ფასადზე ბორჯღალოს ანალოგია, მუდმივი არსებობის სიმბოლო... მიმაჩნია, რომ სათხის რეაბილიტაცია ნებისმიერი პროფესიონალისათვის მნიშვნელოვანი და საოცარი გამოცდაა.

    გამოწვევაა, ტექნოლოგიურად როგორ გადაწყვიტო ეს საკითხი, რომელიც უზადოდ ფაქიზია. ადვილი არ არის, ამა თუ იმ სიმძიმის ქვა როგორ შემოდო თავის ადგილზე, რომელიც შენს წინაპარს 10 და მეტი საუკუნის წინ საკუთარი მხრებით აქვს აზიდული... რაღაც შეუცნობელი გაბრკოლებს და ტექნოლოგიური გადაწყვეტა გიჭირს. ის რწმენით აკეთებდა ამ ყველაფერს და შენც რწმენით უნდა მიუდგე, სხვანაირად, უბრალოდ, არ შეიძლება!" - ამბობს არჩილ ყიფიანი.

    სათხის კანკელი

    1900 წელს, სათხის მონასტერს დიდი ქართველი - ექვთიმე თაყაიშვილი სტუმრობდა. კანკელი სწორედ მან გადაარჩინა, თუმცა ზედა მარჯვენა კუთხეში მას აკლდა ფრაგმენტი, რომელზეც მისი შექმნის თარიღი იყო ამოკვეთილი. სარესტავრაციო სამუშაოებისას მიაკვლიეს კანკელის დაკარგულ ფრაგმენტს, რაც თამამად შეიძლება საუკუნის ერთ-ერთ უნიკალურ აღმოჩენად ჩაითვალოს, რამდენადაც მან ტაძრის ქრონოლოგია რადიკალურად შეცვალა. კერძოდ, აღმოჩენილი ფრაგმენტით გაირკვა, რომ ამ ეკლესიის წარწერებში მოხსენიებული მეფე გიორგი, ვინც აქამდე ლაშა-გიორგისთან ასოცირდებოდა, სინამდვილეში, მეფე გიორგი მესამე ყოფილა...

    კანკელის ფრაგმენტი დიდი თაღოვანი კამარის ქვეშ იყო მოყოლილი. ცხადია, რომ იმდროინდელი ტექნიკური აღჭურვილობით ექვთიმე მას ვერანაირად იპოვიდა. ამბობენ, რომ ექვთიმე თაყაიშვილი აქ 4 კაცით მოსულა... მარხილით, რადგან საურმე გზაც არ იყო. როგორც არჩილ ყიფიანი ამბობს: "დიდი პატივია, რომ ექვთიმეს დაწყებული საქმე გააგრძელო!"

    სათხე - ახალი სიცოცხლე...

    საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ ანთიძის შეფასებით, სათხეს თამამად შეიძლება ეწოდოს ქართული ხუროთმოძღვრების ქრესტომათიული ძეგლი. იგი უნდა გახდეს რეაბილიტირებული, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ტაძარი, რომელიც აღფრთოვანებას გამოიწვევს.

     "სათხე მნიშვნელოვანი ძეგლია თავისი შინაარსით, არქიტექტურით, ქრისტიანული სიმბოლიკებითა და სხვა მრავალი ღირსებით. არსებითი მნიშვნელობის საკითხია მისი სწორად რეაბილიტაცია, რომელიც ისტორიული აღმოჩენის საფუძველი გახდა. პროექტს "არემჯი" გვიფინანსებს, მნიშვნელოვანია "საყდრისის კომიტეტის" ინიციატივაც. ერთად შევეჭიდეთ ამ ეროვნულ საქმეს.

    მნიშვნელოვანია ტაძართან დაკავშირებული მრავალი დეტალი, რომელთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მოხატულობა. ჯერ გაკეთდება მხატვრობის კონსერვაცია, ხოლო კვლევა შემდგომ ეტაპზე გაგრძელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად ფრესკაც გაიშიფრება. აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო პროცესში ჩართული გვყავს საერთაშორისო ექსპერტი, რომელიც ქვის კონსერვაციისა და არქიტექტურული ძეგლების რესტავრაციის საუკეთესო სპეციალისტად ითვლება მსოფლიოში.

    ჩვენ მიერ დაგეგმილი სამუშაოები არ არის უბრალოდ ძეგლის აღდგენა, ეს არის მთელი რიგი სამეცნიერო პროცესი, რომლის შემდეგაც ტაძარი ჩვეულებრივ გააგრძელებს ფუნქციონირებას. ჩვენთვის საამაყოა, რომ დანგრეული, უძველესი ტაძარი სიცოცხლეს იბრუნებს. ის თამამად შემიძლია დავაყენო ისეთი ძეგლების გვერდით, როგორიცაა სვეტიცხოველი, მცხეთის ჯვარი და სხვა. მნიშვნელობით არანაკლებია, ისევე როგორც გეოგრაფიული მდებარეობით, მოკაზმულობითა და ისტორიით. ბევრი რამის მეტყველი ძეგლია - კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ქმნილებაა", - აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე.

    სათხის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების მნიშვნელობაზე საუბრობს "საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისათვის" წარმომადგენელი ნინო ბურჭულაძე.

    "პირველად სათხის მონასტერს 2016 წელს მივაგენით. იმხანად გზა არ იყო, გზამკვლევიც კი არ არსებობდა, როგორ მივსულიყავით ტაძრამდე. მონასტერი ძალიან ცუდ მდგომარეობაში დაგვხვდა. ფაქტობრივად, მცენარეები იყო კედლებზე გადასული. ალაგ-ალაგ შემორჩენილი ფრესკა ნაწვიმარზე შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. მიზნად დავისახეთ, რომ ტაძარი გადაგვერჩინა, მაგრამ არ ვიცოდით, როგორ! იმ დღიდან დავიწყეთ კონსულტაციები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და დარგის სხვადასხვა სპეციალისტთან, რაც ადვილი პროცესი არ ყოფილა. სათხის რეაბილიტაცია დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს, თანაც დროულად თუ არ დაიწყებოდა რეაბილიტაცია, შესაძლოა, ძეგლის გადარჩენის შანსი კიდევ უფრო ნაკლები ყოფილიყო.

    2017 წლის დეკემბერში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსაგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ სათხის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სააგენტო დააფინანსებდა, ამასთანავე, პროექტის ფინანსურ მხარდაჭერაში ჩართული იქნებოდა კერძო კომპანიაც.

    2018 წლის ზაფხულში ჩვენმა ორწლიანმა შრომამ შედეგი გამოიღო და სათხის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. აღსანიშნავია, რომ რესტავრაციის პროექტს კონსულტაციას უწევს მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტი შტეფანო ვოლტა.

    ორმაგად სასიხარულო ფაქტია - გარდა იმისა, რომ მონასტერი გადარჩება, ისტორიული აღმოჩენის მომსწრე გავხდით - მიწის ქვეშ კანკელის ერთადერთი დაკარგული ფრაგმენტი აღმოჩნდა, რამაც საბოლოოდ დააზუსტა სათხის უნიკალური კანკელის დათარიღების საკითხი (1171წ.).

    საყდრისის კომიტეტის მოთხოვნით ტაძარზე დამაგრდა ყალაურები (მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული ტერიტორია სეისმურად აქტიური ზონაა), რაც საშუალებას მოგვცემს, მოვახდინოთ მიწისძვრის ან სამთო ბიძგების დროს მონასტრის დაზიანების რისკების პრევენცია", - ამბობს ნინო ბურჭულაძე.

    კომპანია "არემჯის" აღმასრულებელი დირექტორი ჯონი შუბითიძე აღნიშნავს, რომ სათხის მონასტრის აღდგენა უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომლითაც კომპანიის თითოეული თანამშრომელი ამაყობს, თუმცა აქვე დასძენს, რომ ეს ერთადერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის, რომელიც უახლოესი სამი წლის განმავლობაში "არემჯის" მხარდაჭერით აღდგება:

    "ჩვენს კომპანიას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ოთხ ეპარქიას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, 2018-2021 წლებში რეაბილიტაცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უნიშვნელოვანეს ძეგლებს - ბოლნისის სიონს, ფიტარეთის მონასტერს, სათხის მონასტერს, სამშვილდის ნაქალაქარს, ნიკორწმინდას, შუამთის მონასტერსა და ალავერდის ტაძარს ჩაუტარდება. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ჩვენ 1 700 000 ლარი გამოვყავით. პარალელურად, აქტიურად ვთანამშრომლობთ სამუშაო ჯგუფთან, რომელიც "არემჯის", კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და "საყდრისის კომიტეტს" აერთიანებს. ჯგუფის საქმიანობა მიზნად რეგიონში მდებარე კულტურული ძეგლების მდგომარეობის შეფასებასა და მათ მონიტორინგს ითვალისწინებს. ვფიქრობ, რომ ერთობლივი ძალებით, მომავალში ჩვენი კულტურისათვის ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ", - განაცხადა ჯონი შუბითიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ზურა   (05.11.2018)
    კარგი იქნება თუ ამ ტაძარს ისეთი ქვებით აღადგენენ.....შესაფერისი იქნება არსებულთან და არა ....ბაგრატივით ,,თეთრი ქვებით,,ააჭრელებენ


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved