სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რა იწვევს ყველაზე მეტად თბილისში ჰაერის დაბინძურებას
    თეო გუდავაძე
    01.11.2018

     ჰაერის დაბინძურების მიმართულებით ჯარიმები გამკაცრდება. ამჯერად აქცენტი სამშენებლო მტვერზე კეთდება. ჯერჯერობით არავის მოსდის თავში აზრად, ყურადღება მიაქციო გათბობა-გაგრილების სისტემების მოწესრიგებას. არადა, ავტომობილებთან ერთად, საოჯახო ტიპის დანადგარები ერთ-ერთი დიდი საფრთხეა ეკოლოგიისთვის.

    თბილისის მერიამ, საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით, მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ჰაერის დაბინძურების მიმართულებით სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს შემდეგი მიმართულებით: მშენებლობის პროცესში ამტვერებისგან დამცავი ბადეების განუთავსებლობისთვის; მშენებლობის პროცესში ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებისთვის; ამტვერებადი მასალის გადაუხურავი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვისთვის; განთავსებისას ამტვერებადი მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრისთვის; ამტვერებადი მასალის გადაუხურავ სივრცეში განთავსებისა და რეალიზაციისთვის.

    "ეს ის მიმართულებებია, რომელზეც სანქციები გამკაცრდება. დიდი იმედი მაქვს, რომ პარლამენტში ამ კანონპროექტს მხარდაჭერა ექნება. რა თქმა უნდა, ქალაქში მხოლოდ ეს არ არის პრობლემა. ასევე, სერიოზული თავსატეხია ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაზეც ვთქვით, რომ 2019 წლის ბოლოსთვის სრულიად ახალი ავტოპარკი გვექნება.

    ასევე, ვსაუბრობთ მეტროს განახლებასა და მოწესრიგებაზე, სადგურების სრულ რეაბილიტაციაზე და მიწისზედა მეტროს პროექტზე. რა თქმა უნდა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც, რომელიც, მთლიანობაში, შედეგს მოგვცემს. იგეგმება საქალაქო პარკების მშენებლობა-რეაბილიტაცია და მათი მოვლა-პატრონობაც", - განაცხადა თბილისის მერმა.

    მისივე თქმით, დედაქალაქის მერია პასუხისმგებლობას მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობაზეც აიღებს, რომელშიც მოქალაქეთა ჩართვა მნიშვნელოვანი იქნება.

    აღმოჩნდა, რომ ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით სხვა უფრო დიდი პრობლემების წინაშეა დედაქალაქი. განსაკუთრებით საშიშია გათბობა-გაგრილების სისტემები, რომელთა ნამწვიც უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანების ჯანმრთელლობაზე. ამ კუთხით არც ქალაქის მერიას და არც გარემოს დაცვის სააგენტოს ჯერჯერობით ყურადღება არ გაუმახვილებია.

    "რეზონანსთან" საუბრისას აკადემიკოსი სიმონ ბარამიძე სწორედ გათბობა-გაგრილების სისტემის მომწამლავ მხარეზე საუბრობს და ფიქრობს, რომ ეს თემა განსაკუთრებით ყურადსაღებია, როდესაც რეგულაციაზე ვსაუბრობთ.

    "გათბობა-გაგრილების სისტემები არის ძალიან საშიში და ეს უნდა იცოდეს ყველამ. საშინელი სანახავია ქალაქი, მეზობლები პირდაპირ წამლავენ ერთმანეთს. თანამედროვე და არათანამედროვე სისტემა არ არსებობს - გაზი არის მომწამლავი და ჰაერს ყველგან თანაბრად აბინძურებს. თბოტექნოლოგი ვარ და მაქვს ამ ყველაფერთან იმდენი შეხება, რომ ამის თქმა დანამდვილებით შევძლო.

    აუცილებელია, კორპუსებში გაკეთდეს კოლექტიური საკვამლე მილი, რომელიც ევროპაში უკვე შემოიღეს და სასურველია, სახურავებზე საქვაბეები დამონტაჟდეს. აუცილებლად უნდა იყოს ამ თემაზე საუბარი, რომ რეგულაცია მხოლოდ სამშენებლო მტვერს არ შეეხოს. უნდა გაიაზრონ - არანაკლებ საშიშია ამ სისტემების დამაბინძურებელი ნაწილაკები", - აღნიშნა "რეზონანსთან" სიმონ ბარამიძემ.

    ეკონომისტი სოსო სიმონიშვილიც ადასტურებს, რომ ქალაქში ამ მხრივ რთული მდგომარეობაა. ჰაერის დაბინძურება ნამდვილად არის უწყვეტი მშენებლობებისგან წარმოქმნილი პრობლემა და სანქციების გამკაცრება აუცილებელია.

    "გათბობა-გაგრილების სისტემები ჰაერისთვის ნაკლებად სახიფათოა იმ შემთხვევაში, თუკი სისტემები თანამედროვეა. აქ ხელშეწყობა მოქალაქეების მხრიდანაც არის საჭირო, გაზქურები და ძველი კარმები ის დანადგარებია, რაც უშუალოდ აბინძურებს ჰაერს. ასევე, რაც უფრო ხარისხიანია საწვავი, გაცილებით უსაფრთხოა.

    მთავარი დამაბინძურებელი არის მტვერი. ევროპაში თითქმის არ არის მტვერი, მაგრამ საქართველოში ძალიან დაბინძურებულია გარემო, რაც მშენებლობის ბუმით არის გამოწვეული. რეგულაციის გამკაცრება ამ კუთხით დროულია.

    სატვირთო მანქანებს უნდა ჰქონდეთ სპეციალური ბადეები, რაც ხელს უშლის ჰაერის დაბინძურებას. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ რეგულაციების შემოღება საქართველოში არის ძალიან დაბალ დონეზე. არ შეიძლება, ჩვენნაირ ღატაკ ქვეყანაში ევროპული მდიდარი სახელმწიფოების რეგულაციების გატარება, ფიზიკურად ამის რესურსი არ გვაქვს", - აღნიშნა სიმონიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    დათუნია   (01.11.2018)
    ისევ ტყუილად რატომ საუბრობთ? იმას ვიზამთ, ამას ვიზამთ! ხომ იცით რომ ყველაფერი ისევ ისე დარჩება?


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved