სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    05.11.2018

     ლონდონის "სოტბის" აუქციონზე ქართველი მხატვრის - ნიკო ფიროსმანის ფერწერული ტილო "ქართველი ქალი ლეჩაქით" 27 ნოემბერს გამოიფინება. როგორც აუქციონის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნახატის საწყისი ფასი 500 000-დან 700 000-მდე ფუნტი სტერლინგია და რუსული ნახატების სექციაში გაიყიდება, თუმცა "სოტბის" ვებ-გვერდზე ნიკო ფიროსმანი ქართველ მხატვრად არის მოხსენიებული.

    ეს ნახატი ნიკო ფიროსმანმა 1906 წელს შექმნა და როგორც ხელოვნებთამცოდნეები აღნიშნავენ, საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობილია. იგი იმდროინდელი ქართველი ქალის იერსახეს წარმოაჩენს.

    სურათის ფერადოვნება ძირითადად 4 ფერისგან შედგება - შავი, თეთრი, ოქროსფერი და ცისფერი და დერმატინზეა შესრულებული, რასაც იყენებდა ფიროსმანი.

    ფიროსმანის ნახატი "ქართველი ქალი ლეჩაქით" 1928 წელს მოსკოვში ყოფნისას ცნობილმა ავსტრიელმა მწერალმა შტეფან ცვაიგმა შეიძინა. 1942 წელს, ცვაიგის გარდაცვალების შემდეგ, იგი მისი პირველი მეუღლის - ფრედერიკე მარია ცვაიგის საკუთრება გახდა, რომელმაც 1952 წელს თავის მეგობარ ჰარი ცონს აჩუქა. 1981 წელს ცონმა ნიუ-იორკის ფრედონიას სახელობის უნივერსიტეტის კოლეჯში არსებულ შტეფან ცვაიგის მუზეუმს აჩუქა, სადაც დღემდე ინახება.

    თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორ გია გუგუშვილის თქმით, ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენაა, როდესაც ქართველი მხატვრის ნამუშევარი ასეთ პრესტიჟულ აუქციონზე გამოიფინება, რაც ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

    "რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, როცა ქართველი მხატვრის ნახატები ასეთ პრესტიჟულ აუქციონებზე გამოიფინება, რაც ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციას უწყობს ხელს, მაგრამ არანაკლებ ამაღელვებელია, როცა პრესტიჟულ აუქციონზე გამოფენილ ქართველი მხატვრის ნახატს ქართველი შეიძენს. მით უმეტეს, რომ ჩვენ ამის არაერთი მაგალითი გვაქვს; თუნდაც ის რომ საქართველოს დაუბრუნდა ფიროსმანის ნახატი "არსენალის მთა", რომელიც ასევე "სოტბის" აუქციონზე გაიყიდა. ამ დღეებში საქართველოს დაუბრუნდა თეიმურაზ მეფის პორტრეტი.

    "მიუხედავად დიდი სურვილისა, სამხატვრო აკადემიას არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, რომ ფიროსმანის ეს ნახატი შეიძინოს და საქართველოში დააბრუნოს", - განაცხადა "მთელ კვირსთან" გია გუგუშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved