სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "თუკი რამე სარგებელი არსებობს, უნდა გამოვიყენოთ ჩვენი მოქალაქეებისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ"
    მარი ჩიტაია
    05.11.2018

     უცხოელი მოქალაქეების, კერძოდ, ირანელების მხრიდან საქართველოს მოქალაქეობის მიღების ერთ-ერთი ძირითადი მოტივი C ჰეპატიტის უფასო პროგრამაში ჩართვაა. სავარაუდოდ, ამით აიხსნება ირანელთა მოზღვავება საქართველოში, რასაც ბოლო 3 წელიწადში სისტემატურად აქვს ადგილი. იმისათვის, რომ უფასო მკურნალობის შესაძლებლობა მიეცეთ, ისინი უძრავ ქონებას ყიდულობენ, იღებენ მოქალაქეობას და გზას უხსნიან თანამოქალაქეებსაც, რომელთა ნაწილიც შესაძლოა, ინფიცირებული იყოს.

    ამის შესახებ "ბიზნეს-რეზონანსმა" ინფორმაცია სანდო წყაროსაგან მიიღო და სცადა, იგი ჯანდაცვის სამინისტროსთან გადაემოწმებინა, თუმცა, რატომღაც, დაპირებული ინფორმაციის მიღება ვერ მოხერეხდა. ეს ხდება მხოლოდ იმის გამო, რომ უწყების წარმომადგენლები არ ასრულებენ თავიანთ ელემენტარულ მოვალეობას, რომ კომუნიკაცია ჰქონდეთ მედიასთან და დასმულ კითხვებზე პასუხი გასცენ.

    ამდენად, იძულებული გავხდით, არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით გაგვეგო ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების მოსაზრება და მათი დამოკიდებულება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით.

    როგორც აღმოჩნდა, სწორედ პროგრამის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით არის კითხვის ნიშნები. არაეფექტურობა ჩანს იმაშიც, რომ 100 ათასი ადამიანი პროგრამის მიღმა დარჩა. აქედან 90-მა პროცენტმა არ იცის, რომ დაავადებულია და თავისი სტატუსის დადგენას არ ჩქარობს. ეს ცნობილი ფაქტია. სახელმწიფო ერთი ხელით აკეთებს ძალიან კარგ საქმეს, რასაც ელიმინაცია ჰქვია, მაგრამ, მეორე მხრივ, უშლის და ბლოკავს ძირითად პროცესს, რამაც უნდა გამოიწვიოს ამ ადამიანების ჩართვა უფასო პროგრამაში.

    რაც შეეხება უცხოელი მოქალაქეების მონაწილეობას პროგრამაში, სპეციალისტების მოთხოვნაა, რომ ეს პროცესი მკაცრად გაკონტროლდეს და რეზერვი, რაც პროგრამით გათვალისწინებულია, საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობას მოხმარდეს.

    როგორც ორგანიზაციის "გახსოვდეს ჰიპოკრატე" წარმომადგენელი მარინა ბერიძე ამბობს, ხელისუფლების მხრიდან უცხო ეროვნების მოქალაქეების C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვა არის დიდი შეცდომა (მეტი თუ არა), რადგან ეს საქართველოსათვის ეკონომიკურად წამგებიანია და პოლიტიკურადაც მიზანშეწონილი არ არის.

    "ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და იქ მცხოვრებ ადამიანებთან კომუნიკაცია რეალურად ჯანდაცვის პროგრამებით არის შესაძლებელი. ასეთ შემთხვევაში, თუკი რამე სარგებელი არსებობს, უნდა გამოვიყენოთ ჩვენი მოქალაქეებისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ. ჩვენთვის ყველაზე გამოუსწორებელი შეცდომაა, რომ ს ჰეპატიტით სარგებლობენ ადამიანები, რომლებმაც უკვე მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა და აქვთ ბინადრობის უფლება.

    ერთი შეხედვით, ეს კანონს არ ეწინააღმდეგება, მაგრამ საქმე ეხება ინფექციას და პრევენციის მიზნით აუცილებელია, რომ ყველა ადამიანი ნამკურნალევი იყოს. ევროპაში, როცა საქართველოდან ჩადიოდნენ ინფეცირებული ადამიანები, მათ მკურნალობდნენ, რადგან ეს იყო პრევენციის ნაწილი, თუმცა ევროპას აქვს ამის ფუფუნება და ჩვენ ეს შესაძლებლობა არ გაგვაჩნია.

    ეს მიზნობრივად ქართველებისათვის გაკეთებული პროგრამაა, ჩვენი მოქალაქეებისათვის და რაც არ უნდა ჰუმანურები ვიყოთ, არსებობს ფინანსები, რომელიც დათვლადია და უნდა განისაზღვროს პრიორიტეტები. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ პოლიტიკურადაც არ არის მიზანშეწონილი, მოქალაქეობის მანდატს ამოფარებულ, უცხო ეროვნების ადამიანებს უფასოდ ვუმკურნალოთ", - ამბობს ბერიძე და დასძენს, რომ ყველა რესურსი მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული, რათა პროგრამამ ეფექტურად იმუშაოს.

    "უამრავი პრობლემაა ჯანდაცვის მიმართულებით გასაკეთებელი, რომ ჩვენი პაციენტები არ მიდიოდნენ საზღვარგარეთ და იქაც არ იხარჯებოდეს ფული. მით უმეტეს, აქ სხვების ჩამოსვლისათვის სპეციალურად ამ პროგრამაში ჩასართველად დიდი ბარიერი უნდა იყოს. ამიტომ სანამ ადამიანი მოქალაქეობას მიიღებს, მკაცრად უნდა შემოწმდეს, რაც ერთგვარი პრევენციაა მსგავსი მაქინაციებისაგან დასაცავად.

    უნდა გამკაცრდეს კონტროლი მოქალაქეობის მიღებაზე. სახელმწიფოს ევალება არა მარტო საზღვრების დაცვა, არამედ - მასში მცხოვრები ადამიანების დაცვაც ყოველგვარი მსგავსი საფრთხისაგან. ჯანდაცვის განვითარების ნომერი პირველი ამოცანა სწორედ ეს გახლავთ. სხვანაირად შედეგს ვერ მივიღებთ", - აღნიშნავს ბერიძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

    პროგრამაში ირანელი ეროვნების მოქალაქეების უფასოდ მონაწილეობას რისკ-ფაქტორად მიიჩნევს ჯანდაცვის დარგის ეკონომისტი კახაბერ ჯაყელი. მისი აზრით, სახელმწიფოში უნდა ფუნქციობდეს უცხოელთა აღრიცხვის პოლიცია, რომელიც მოქალაქეობის მიმღებ ადამიანებზე მკაცრ კონტროლს განახორციელებს.

    "სახელმწიფო ვალდებულია, ყველანაირად გააკონტროლოს უცხოელთა შემოსვლა, მათი წარმოშობა და მიზნები, ასევე მოქალაქეობასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი დეტალი. ჩემი აზრით, უნდა შეიქმნას სპეციალური ორგანო, რომელსაც დაერქმევა უცხოელთა აღრცხვის პოლიცია, რომელიც ცალკე დაინტერესდება მათი შემოსვლით, დასახლებითა და კავშირებით. ყველა ქვეყანაში არსებობს ასეთი ორგანიზაცია და საქართველოშიც უნდა შეიქმნას.

    არ ვამბობ, რომ მათ ავუკრძალოთ ქვეყანაში შემოსვლა, მაგრამ ირანელების თუ სხვათა დასახლება რაიმე ეკონომიკურ ეფექტთან უნდა იყოს დაკავშირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში რისკი ძალიან მაღალია. ისინი ჩამოვლენ, ჩამოიყვანენ თავიანთ მოქალაქეებს, ახლობლებს და ნახევარი ირანი რომ საქართველოში გამოიქცეს, საქართველო აღარ იქნება!

    C ჰეპატიტის პროგრამაში უცხო ეროვნების მოქალაქეების ჩართვამ შეიძლება, დიდი პრობლემა მოუტანოს პროექტს, რადგან ხარჯვითი ნაწილი გაიზრდება. ჩვენი ქვეყანა ამას აფინანსებს საშემოსავლო გადასახადებითა და საბიუჯეტო სახსრებით და თითოეულ თეთრს უნდა გავუფრთხილდეთ. მთავარია, რომ პროგრამა არსებობს და იგი ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისაკენ უნდა მივმართოთ", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" კახაბერ ჯაყელი.

    ეს არ არის ერთ-ერთი პრობლემა, რასაც ქვეყანა პროექტთან დაკავშირებით აწყდება. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე, გარდა იმისა, რომ ამ ფაქტორს რისკად მიიჩნევს, ამბობს, რომ პროგრამის განხორციელებისას ბევრი ხარვეზი დაუშვეს.

    "ადამიანმა, ირანელი იქნება თუ სხვა ეროვნების, თუკი მოქალაქეობა მიიღო, პროგრამაში მონაწილეობას ვერ დაუშლი, მაგრამ ვინ მიიღო და რისთვის, ეს ცალკე საკითხია. რა თქმა უნდა, რისკი არის. როგორ მიიღო მოქალაქეობა და რა მიზნით შემოვიდა ქვეყანაში, ეს ნამდვილად გამოსაკვლევია.

    ელიმინაცია მაღალბიუჯეტიანი პროგრამაა და მასში მონაწილეობისათვის ბევრი რისკზე წავა, ეს ბუნებრივია. თუ რაღაც დარღვევა ხდება, შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა იზრუნონ მის აღმოფხვრაზე. ეს პრობლემა ჯანდაცვას არ უკავშირდება, მაგრამ პროგრამაში ბევრი ხარვეზი სწორედ ამ უწყების არაეფექტური მუშაობის შედეგია", - ამბობს ჩიხლაძე.

    მისი თქმით, ს ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებისათვის საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა, სპეციალური პოპულაციური კვლევით, 150 000 ადამიანი უნდა ყოფილიყო. სამი წლის განმავლობაში მკურნალობა 50 000-მდე პაციენტმა დაასრულა. მათი განკურნების მაჩვენებელი 98 პროცენტია. პოტენციურად დარჩენილია კიდევ 100 000 ადამიანი, რომელთა გამოვლენასაც სახელმწიფო პრაქტიკულად გეგმავს. ისინი ჯერაც გამოსავლენია, თუმცა, ამასობაში, ძვირად ღირებული მედიკამენტების გარკვეულ რაოდენობას, რომელიც 2000 პაციენტისთვის იყო გათვლილი, ვადა გაუვიდა.

    "სახელმწიფომ ამ კონკრეტული ფაქტით ათეულობით მილიონის ზარალი ნახა. სწორედ ეს არის პრობლემა, რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფო ამბობს, რომ თავის თავზე იღებს პაციენტების მოძიებას და ჩართვას პროგრამაში, მაგრამ ამ ვალდებულებას ვერ ასრულებს. არადა, ვიცით, რომ ბევრია ინფიცირებული და სერიოზული პრობლემა. ცალკე საკითხია დიაგნოსტირების ფასი. მართალია, თითქმის სამჯერ შემცირდა ეს თანხა, მაგრამ ბევრისათვის ეს 100-120 ლარიც დიდი ფულია.

    აღსანიშნავია ასევე პირველადი ჯანდაცვის რგოლისა და ოჯახის ექიმის არაეფექტური მუშაობა, რადგან მათი მოვალეობაა, მოიძიონ პაციენტები და დაეხმარონ პროგრამაში ჩართვაში, მაგრამ არ აკეთებენ. ვერც საინფორმაციო კამპანია აწარმოეს, რაც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმაც დაადასტურეს. ყველაფერი ეს ერთად განაპირობებს იმ გარემოებას, რომ ვალდებულება ვერ სრულდება და საბოლოოდ ჩვენი მოქალაქეები ზარალდებიან. ასე ვერანაირ ელიმინაციას ვერ მივაღწევთ", - განუცხადა ჩიხლაძემ "ბიზნეს-რეზონანსს".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ლალი   (06.11.2018)
    მერე მთავრობა რას აკეთებს,გაყიდულია ბინები კი არა სადარბაზოები და მთლიანად კორპუსები,ტყე და მიწა ისე იყიდება,როგორც საახალწლო მამალი...ხოდა ახლა გაგახსენდათ?


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved