სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ექიმთან ვიზიტის ფასმა ლამის 100 ლარს მიაღწია და ამიტომ ადამიანები 3-5 წლის წინანდელი დანიშნულებით მკურნალობენ
    თეო გუდავაძე
    15.11.2018

     ექიმებთან ვიზიტი გაძვირებულია, კონსულტაციის ფასმა თითქმის ას ლარს მიაღწია. პაციენტები, ხარჯების თავიდან ასარიდებლად, თვითმკურნალობას მიმართავენ და მედიკამენტებს თავიანთი გადაწყვეტილებით იღებენ. სამწუხაროდ, საქართველოში მცხოვრებთა უმეტესობა დღეს ასე იქცევა, რადგან ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობა არ იძლევა დიაგნოსტიკისა და სწორი მკურნალობის საშუალებას.

    კლინიკებში დაწესებული მაღალი გადასახადის გამო, პაციენტები ექიმებთან მისვლას ვერ ახერხებენ. კონსულტაციიდან დაწყებული, მკურნალობის კურსით დასრულებული, სამედიცინო დაწესებულებებმა თითქმის ყველა სერვისი გააძვირეს. გაცილებით რთული მდგომარეობაა სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერ კლინიკებში, სადაც ხარჯის გაწევა დაზღვეულებსაც კი უჭირთ ხელოვნურად გაბერილი ფასის გამო.

    თინათინ სოლოღაშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც, დაზღვევის მიუხედავად, კონსულტაციაში დიდ თანხას იხდის:

    "სამი შვილი მყავს და ვცდილობ, მათი ჯანმრთელობა კონტროლზე ავიყვანო. დაზღვევაც გავაკეთე, მაგრამ მაინც იმხელა ხარჯის გაღება მიწევს, ვერ ავუდივარ. მე მგონი, ეს არის უბრალო ქაღალდი, რომელიც არაფერს არ მიმსუბუქებს. ჯანმრთელობის მხრივ საკუთარი თავი დიდი ხანია, არ გამიკონტროლებია, რადგან ფიზიკურად არ მაქვს ამის შესაძლებლობა. თუ რამე უფასო კვლევის პროგრამები არ არის ქალბატონებისთვის, ვერც კი მივდივარ ექიმთან.

    გული მაწუხებდა დაახლეობით ერთი წლის წინ და ისე, რომ არც კი გამომიკვლევია ამის გამომწვევი მიზეზი, დავიწყე "მიოკარდინის" სმა, რომელიც არის მკვებავი და ამშვიდებს ადამიანს. უამრავი ნაცნობი ვიცი, ვინც ასე იქცევა - წნევას თავისით მკურნალობენ, კუჭს, თავის ტკივილსა და სხვადასხვა დაავადებას.

    ასე გაგრძელება არ შეიძლება, როგორ ვერ უნდა მიდიოდე ნორმალურ სახელმწიფოში ადამიანი ექიმთან იმის შიშით, რომ არ იცი, რამდენის გადახდა მოგიწევს? როდესაც საშუალო ხელფასი 400 ლარია და თითო ვიზიტი - ხაზს ვუსვამ, მხოლოდ ვიზიტი - 100 ლარამდე ჯდება, რანაირად უნდა მოახერხო მერე მთელი თვე ცხოვრება? ხალხზე არავინ ფიქრობს, მდგომარეობა ნელ-ნელა უარესდება.

    შვილების მიყვანას მაინც ვახერხებ და რამდენია, რომ ამასაც ვერ ახერხებს. ხალხს დახმარება სჭირდება და განსაკუთრებით - ჯანდაცვის კუთხით, რადგან ჯანმრთელობაზე ძვირფასი არ გაგვაჩნია არაფერი", - აღნიშნა "რეზონანსთან" თინათინ სოლოღაშვილმა.

    ექიმის კონსულტაციიდან დაწყებული, კლინიკებმა თითქმის ყველა მომსახურება გააძვირეს. თავდაპირველად ფასი ლარის გაუფასურების საბაბით გაიზარდა, მერე ეს პროცესი ტენდენციად იქცა. თუ 2-3 წლის წინ ექიმის კონსულტაცია 30-40 ლარი ღირდა, ახლა ყველგან 70-80 ლარია, ზოგ შემთხვევაში, პაციენტის გადასახადი 100 ლარს აღწევს. საშუალო შეძლების მოქალაქეებისთვისაც კი ექიმთან ვიზიტი პრობლემად იქცა.

    მაია მარღულია "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ექიმთან ვიზიტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ჰქონია:

    "ჩემი გოგონა 17 წლისაა და აქვს ჩიყვის პრობლემა, რასაც მუდმივი მეთვალყურებობა და მედიკამენტების ცვლა სჭირდება. ორი წელია, უკვე ვმკურნალობთ ჩიყვზე, მაგრამ ბოლო ერთი წელია, არ მიმიყვანია შემოწმებაზე, თავდაპირველად 50 ლარს ვიხდიდი. ესეც კი მიჭირდა, მაგრამ რამდენიმე თვეა, ვიზიტი 70 ლარი გახდა. თანაც კლინიკის მომსახურება არ ითვალისწინებს განმეორებით უფასო კონსულტაციას.

    გამოუვალ მდგომარეობაში ვარ. ვიცი, რომ დანიშნულება უნდა შევცვალო, მაგრამ იმის გამო, რომ ახალი დანიშნულება არ მაქვს, ბავშვს საერთოდ შევაწყვეტინე წამლების სმა. უამრავი ადამიანია ჩემ გარშემო, ვინც თვითონ იღებს წამლებს და ასეთი ვიყავი მეც. შარშან საკვებზე მქონდა რეაქცია. ჩავთვალე, რომ ნაღველი მქონდა გაღიზიანებული ისე, რომ შემოწმებაზეც არ ვყოფილვარ და ჩემით დავიწყე წამლების მიღება. ყველაზე იაფიან წამალს ვყიდულობდი და იმას ვსვამდი, რადგან ვიცოდი, რომ კლინიკაში ვერ მივდიოდი.

    ერთ ექიმთან რომც მიხვიდე, იმდენ კაბინეტში გადაგამისამართებენ, რომ მინიმუმ 500 ლარი უნდა გეჭიროს ხელში, რათა დიაგნოზი და დანიშნულება შამოიტანო. ამის საშუალება მე ნამდვილად არ მქონდა", - აღნიშნა "რეზონანსთან" მაია მარღულაიამ.

    ფაქტია, რომ კლინიკებში ფასი ხელოვნურად იზრდება და მოსახლეობისათვის ეს ძალიან მტკივნეული საკითხია, ხანდახან კი - საბედისწეროც, რადგან ხალხს არ აქვს ექიმთან დროულად მიმართვის შესაძლებლობა. ადამიანების უმეტესობა უსახსრობის გამო ექიმთან უკიდურესი აუცილებლობის დროს მიდის. ხშირ შემთხვევაში, ეს ვიზიტი დაგვიანებულიცაა. პენსიონერები მუდმივად იმ წამლებს იღებენ, რომლებიც ერთხელ გამოუწერეს ექიმებმა და მას შემდეგ არათუ კონსულტაციაზე მისვლას, არამედ წამლების ყიდვასაც ძლივს ახერხებენ. ერთ-ერთი მათგანია 72 წლის გივი ონიანი:

    "5 წლის წინ ვიყავი ექიმთან და რა წამლებიც მაშინ დამინიშნეს (წნევასა და გულზე), იმავეს ვსვამ ახლაც, ისიც, თუ მოვახერხე შეძენა. მხოლოდ აუცილებელ წამლებს ვყიდულობ წნევის დასარეგულირებლად და გულის მკვებავს - ვეღარ, რადგან პენსია არ იძლევა იმის საშუალებას, რომ საკუთარი თავი უზრუნველვყო ამ ყველაფრით. შვილები რომ არ მეხმარებოდნენ, ალბათ შიმშილით მოვკვდებოდი, რადგან მთელი თანხა წამლებში მეხარჯება.

    ჩემი მეგობრები კი წნევის წამლის ყიდვასაც ვერ ახერხებენ. მეზობელი მყავს, ვინც ძალიან ხშირად მომმართავს თხოვნით, რომ წნევის დამწევი მივცე და ასეც ვიქცევი, რადგან ადამიანს, როდესაც ცუდად არის, არ შეიძლება, ყურადღება არ მიაქციო. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, როგორც ჩანს, ასე არ ფიქრობს", - აღნიშნა გივი ონიანმა "რეზონანსთან" საუბრისას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved