სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "სახელმწიფომ უდავოდ კარგი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ბიზნესმა ეს სათავისოდ გამოიყენა"
    თეო გუდავაძე
    21.11.2018

     2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან პოლიეთილენის პარკების მოხმარება აიკრძალა. სახელმწიფომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ბიზნესმა ეს გადაწყვეტილება სათავისოდ გამოიყენა და ის პარკები, რომლებსაც აქამდე სრულიად უფასოდ ატანდნენ, ახლა დამატებით ხარჯად აჰკიდა მოსახლეობას. მაღაზიებში თითო პარკი 5-10 თეთრი ღირს, ხოლო აპრილიდან ბიოდეგრადირებული პარკების შემოღების შემდეგ, უფრო მეტის გადახდა მოუწევთ ადამიანებს.

    ბიზნესსექტორმა დამატებითი ხარჯი მომხმარებელს გადაულოცა, თითქოს შეჭირვებულ მოსახლეობას უფრო მეტი ფული ჰქონდეს, ვიდრე ბიზნესმენებს. უფასო პარკები მაღაზიების დიდ ნაწილში აღარ არის. მოსახლეობა ამის გამო უკმაყოფილოა და ფიქრობს, რომ გაცილებით მეტის გადახდა მოუწევს 2019 წლის პირველი აპრილიდან, როდესაც ბიოდეგრადირებული პარკები შემოვა მოხმარებაში.

    სახელმწიფოს გონივრული ნაბიჯი საზოგადოებისათვის რამდენადაც სასიკეთო აღმოჩნდა, იმდენადვე დააზარალა ისინი. ამის მიზეზი სავაჭრო სექტორი გახდა. მაღაზიებში 1 პარკს 5-10 თეთრად ყიდიან და თუ რომელიმე მომხმარებელი გააპროტესტებს ამას, ცარიელი ხელებით მოუწევს შენაძენის ზიდვა.

    მალე პოლიეთილენის პარკების ჩანაცვლება უნდა მოხდეს ბიოდეგრადირებადი პარკებით, რომლებიც ბუნებაში სრულად და სწრაფად იშლება. ის უფრო ძვირიც ღირს და მაღაზიებიც ახალ გადასახადს დააწესებენ.

    თეა შურღაია ერთ-ერთი ადამიანია, ვისაც პარკზე გადასახადის დაწესების პრობლემა უკვე აწუხებს.

    "უკვე შევამჩნიე, რომ დიდი მაღაზიები გვთავაზობენ პარკებს, რომლებიც 10 თეთრი ღირს. როცა დიდი ზომის პარკებს ვირჩევდით, აქამდეც ასე იყო, მაგრამ პატარები უფასოდ იყო. ახლა იძულებული ხარ, პროდუქტი გამოიტანო მაღაზიიდან ფასიანი პარკებით. იმ მაღაზიებში, რომლებმაც არ დააწესეს გადასახადი, დარწმუნებული ვარ, პროდუქტზე ფასი გაიზრდება ისე, რომ მომხმარებლისათვის არ იყოს თვალში საცემი.

    სახელმწიფომ უდავოდ კარგი ნაბიჯი გადადგა და იზრუნა ჩვენს ჯანმრთელობაზე. პოლიეთილენის პარკები მოხმარებაში ნამდვილად აღარ უნდა იყოს, თუმცა ერთი პრობლემა მოგვარდა და მეორე გაჩნდა. დღეში მინიმუმ ორი პარკის ყიდვა მომიწევს და ეს დამატებითი თანხა თვეში არცთუ ისე ცოტა გამოვა.

    კერძო ბიზნესმა უნდა უზრუნველყოს ეს ყველაფერი და აიღოს საკუთარ თავზე ფინანსური პასუხისმგებლობა. მსხვილ მაღაზიებს არც კი შეეტყობათ პარკების გადასახადი, ხოლო უბრალო ხალხის ჯიბეს ამის დამატება ნამდვილად აღარ სჭირდება. გარდა ამისა, გარემოს დაცვა მარტო ხალხის საზრუნავია? ბიზნესმა მარტო ფული უნდა აკეთოს და სოლიდარული პასუხისმგებლობა არ უნდა გაიზიაროს?" - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას თეა შურღაიამ.

    საქართველოს ბაზარზე არსებული პოლიეთილენის პარკების დაახლოებით 40 პროცენტი სწორედ 15 მიკრონზე ნაკლები სისქის იყო. უკვე 1-ლი ოქტომბრიდან მათი მოხმარება აიკრძალა. სანაცვლოდ, მაღაზიებმა დაიწყეს პარკების გაყიდვა და თითქმის არ არსებობს მაღაზია, სადაც პარკს უფასოდ იძლევიან.

    ქართველი მომხმარებლები "ფეისბუკზე" წერენ, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ პარკების ყიდვა თავად უწევთ და ამას თითქმის არც ერთი სუპერმარკეტი არ უზრუნველყოფს. თუ ადამიანებს მოუნდებათ ხარჯების შემცირება, მოუწევთ თავიანთი პარკებით ან ჩანთებით სიარული. მათთვის ნამდვილად გამაღიზიანებელია მაღაზიების ახალი მიდგომა.

    გია ხურცილავა "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მისთვის, ისევე როგორც სხვა მამაკაცებისთვის, სირთულეს წარმოადგენს სხვადასხვა ჩანთითა და პარკით სიარული:

    "ქალებს შეუძლიათ, ჩანთაში ჩადონ თუნდაც ერთი პური, მაგრამ მე როდესაც მაღაზიაში შევდივარ და პურს ვყიდულობ, უკვე დამატებით პარკიც უნდა შევიძინო. თუ პარკი უფასოა, მაშინ პროდუქტს აძვირებენ. მოკლედ, ბიზნესსექტორმა თავის საკეთოდ გამოიყენა ეს ახალი რეგულაცია. ეს პირადად ჩემთვის დღეში ალბათ 40 თეთრის ნამატი იქნება.

    იმ ადამიანების, ვისაც აქვთ სერიოზული პროტესტი, მე ნამდვილად მესმის. ასე 10-10 თეთრით ყველაფერი გააძვირეს და ახლა პარკების ყიდვასაც გვაიძულებენ, რაც ნამდვილად არ არის მოქალაქის ვალდებულება. ეს უნდა უზრუნველყოს თავად ბიზნესსექტორმა ან სახელმწიფომ.

    მთავრობამ ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება მიიღო და გარემოსათვის მიყენებულ ზიანს რომ თავი დავანებოთ, ეს ის რეგულაციაა, რომელსაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს. მივესალმები ამ ყველაფერს, მაგრამ ადამიანებს, ვისაც თითო პურის ყიდვა უწევთ, ეს ელემენტარული ხრაჯები არ უნდა ემატებოდეთ.

    მე კაცი ვარ და ვერ ვივლი ჩანთებით და უამრავი ჩემნაირი ადამიანია. გამოდის, სრულიად უაზროდ ვხარჯავ დამატებით თანხას, რომელსაც, წესით, მაღაზია უნდა უზრუნველყოფდეს. არავინ უნდა მავალდებულებდეს, ამაში ფული გადავიხადო. გამოვიდა, რომ ჯანმრთელობაზე იზრუნეს და ფინანსებზე არავინ იფიქრა", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას გია ხურცილავამ.

    2019 წლის 1-ლი აპრილიდან აკრძალვა ნებისმიერი სისქის არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკების წარმოებასა და გამოყენებას შეეხება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
    ჩაწერა სახელი
    ევა   (22.11.2018)
    რა არის ტყუილი?დღესაც 5 თეთრი გადავიხადე პარკში და ეს არ იყო ფრესკო.

    ნანა   (21.11.2018)
    მოხმარებიდან კი არ ამოიღეს,ფასიანი გახადეს და მეტი ხარჯი დააკისრეს მოსახლეობას..თუ აკრძალვაა მაშინ მართლა აიკრალოს და ამ მცირე ბიზნესმენებს არ მისცენ საშუალება მოგასყიდონ ეს პოლიეთილენის პარკები😨

    იურა   (21.11.2018)
    მართალია იმის მაგივრად რომ მოხმარებიდან სრულად ამოეღოდ ფასიანი გახადეს

    თეონა   (21.11.2018)
    ყველგან ფასიანია გახდა, ყველგან...

    ალეკო   (21.11.2018)
    ტყუილებს რატომ წერთ? ერთადერთი ფრესკოში არის და იყო ყოველთვის ფასიანი, სხვაგან არსად


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved