სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "რაღაცას "გაფართხალდებიან", მაგრამ ეს ვერაფერს შეცვლის, თუმცა იმედია, მიხვდნენ, რომ ხალხი ბრმა არაა"
    თეო გუდავაძე
    30.11.2018

     2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა, საზოგადოების მოლოდინი არაერთგვაროვანია, თუმცა მდგომარეობის გაუმჯობესების იმედი ნაკლებად აქვთ. პოლიტიკური ძალების მიმართ ნდობა ამომრჩეველს, უკვე წლებია, დაკარგული აქვს. ხალხის უმეტესობას ერთადერთი მოთხოვნა აქვს - გამოსწორდეს ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობა.

    საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა ჩაიარა და ქვეყნის პირველი პირი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გახდა. ადამიანების მოლოდინი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე არცთუ ოპტიმისტურია. ისინი ფიქრობენ, რომ ქვეყნის პირველი პირი რომელი კანდიდატიც უნდა გამხდარიყო, ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის გამოსწორება ორივეს გაუჭირდებოდა.

    ლია ხაბურზანია ბაგა-ბაღის 34 წლის აღმზრდელია. იგი არჩევნებზე წელს პირველად მივიდა, რადგან განსაკუთრებულ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გრძნობდა.

    "წარმოიდგინეთ, პირველად ვიყავი არჩევნებზე და ამით ნამდვილად არ ვამაყობ, უბრალოდ, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ვიგრძენი ქვეყნისა და თანამოქალაქეების წინაშე. ასეთი პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა საქართველოში, როდესაც მეორე ტური დაინიშნა და ორ კანდიდატს შორის მომიწია არჩევანი. ეს ყველაზე არასასიამოვნო ფაქტია. პრინიციპის საკითხი იყო მეორე ტურზე მისვლა და ხმის მიცემა.

    არა მგონია, სოციალური მდგომარეობა, ეკონომიკური ფონი გაუმჯობესდეს. მუდმივად რაღაცას ველოდი და ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი ყოველი ახალი მთავრობისა თუ პრეზიდენტის მიმართ, მაგრამ ჯერჯერობით ვერც ერთმა ვერ გაამართლა ჩემი და ხალხის იმედი. პირველი პრეზიდენტი ქალია საქართველოს ისტორიაში და კარგი მმართველობითაც თუ გამოიჩენს თავს, მხოლოდ მესიამოვნება და სხვა არაფერი.

    ჩემ გარშემო მყოფი ადამიანები პესიმისტურად არიან განწყობილნი. ფიქრობენ, რომ ხელისუფლება და პირველი პირი მათ კეთილდღეობაზე არც ამჯერად იზრუნებენ და მათი მდგომარეობა ისეთივე დარჩება, როგორიც ახლაა. ჩემი აზრით, მცირე ძვრა მაინც იქნება - რომელიმე სფეროში ხელფასს გაზრდიან, ან პენსიას მოუმატებენ და ეცდებიან, ამით მოიხვეჭონ სახელი", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ლია ხაბურზანიამ.

    საარჩევნო ციებ-ცხელებამ ჩაიარა, თუმცა აშკარად ჩანს, რომ საზოგადოების იმედი ვერ გამართლდა და მათი მოთხოვნა არც ამჯერადაა დაკმაყოფილებული. ამომრჩევლებისთვის წარმოდგენილ ორ კანდიდატს შორის არჩევანი ძალიან რთული იყო, რადგან იმ ადამიანებს, ვისაც არც ერთი კანდიდატისა არ სჯეროდათ, მოუწიათ, იძულებით შემოეხაზათ ერთ-ერთი.

    25 წლის მხატვარი რომა გიორგობიანი "რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ მისი გადაწყვეტილება პირველად არ ემთხვეოდა საკუთარ პრინციპებს, თუმცა რადგან მეორე ტურში მხოლოდ ორი კანდიდატი იყო, იძულებული გახდა, სრულიად არასასიამოვნო გადაწყვეტილება მიეღო.

    "პირველ ტურში სხვა კანდიდატს მივეცი ხმა და არ მეგონა, ასეთი შედეგი თუ იქნებოდა. ამიტომ მომიწია საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა და შემიძლია თამამად აღვნიშნო, რომ უარესსა და ცუდს შორის ავირჩიე. საზოგადოებისთვის რაღაც აუცილებლად შეიცვლება და ამას არა ხალხისთვის, არამედ ჯიბრით გააკეთებენ, ოპოზიციას რომ დაუმტკიცონ თავიანთი შესაძლებლობები".

    ვერ ვხვდები, ხალხს რატომ უწევს ყოველთვის ცუდსა და უარესს შორის არჩევანი, როდესაც შეიძლებოდა, ნამდვილად ღირსეული კანდიდატები წამოეყენებინათ. ერთადერთი იმედი ისაა, რომ ხელისუფლება ალბათ მიხვდა, რომ ხალხი არც ისეთი ბრმაა, როგორიც ეგონათ, შესაბამისად, "გაფართხალების მცდელობაც" ექნებათ.

    იმედია, მასწავლებლებს, ექიმებს ხელფასს გაუზრდიან. სოციალურად დაუცველებსაც მეტ შემწეობას მისცემენ და ასე ნელ-ნელა იქნებ წინ წავიდეს ჩვენი ქვეყნის სოციალური მდგომარეობა. მინიმუმ, იმის ამბიცია უნდა ჰქონდეს პირველ პირს, რომ საქართველოს ისტორიაში შევიდეს, როგორც ძლიერი მმართველი, გარდა იმისა, რომ პირველი ქალი პრეზიდენტია.

    ადამიანებმაც უნდა შეიცვალონ დამოკიდებულება, რომ უბრალო ხალხისთვის მაინც არავინ მოვა და გაცილებით მეტი მოთხოვნა წაუყენონ ხელისუფლებას. ამით ისინი მთავრობას უბიძგებენ კარგი საქმეებისკენ", - აღნიშნა "რეზონანსთან" რომა გიორგობიანმა.

    საზოგადოება სკეპტიკურად არის განწყობილი საპრეზიდენტო კანდიდატის დაპირებების მიმართ, თუმცა არ უარყოფენ, რომ მეორე ტურმა გამოაფხიზლა ხელისუფლება და შესაძლოა, მცირე ძვრები მოხდეს ქვეყანის ეკონომიკურ ცხოვრებაში, რაც მოსახლეობისთვის მდგომარეობის გაუმჯობესების საწინდარი იქნება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved