სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გაზიფიცირების პროგრამამ არ გაამართლა, რადგან შეშის მოხმარება ოდნავ შემცირდა
    მარი ჩიტაია
    07.12.2018

     რეგიონებში შეშის მოხმარება შემცირდა. ცალკე მკაცრმა რეგულაციამ და ცალკე უფულობამ ბევრ სოფელში ხალხს გამოზამთრების პრობლემა შეუქმნა. სოფლებში ბუნებრივი აირი კი შეიყვანეს, მაგრამ ოჯახები კომუნალური გადასახადის გადახდას ვერ აუდიან და ვეღარც შეშის მომარაგებას ახერხებენ.

    ისეთ სოფლებში, რომლებიც გაზიფიცირებული არ არის, ოჯახს, საშუალოდ, 900 ლარის შეშა სჭირდება ზამთრის გადასატანად. ამ თანხაში შედის მყარი საწვავის ყიდვა და დაჩეხვაც.

    რეგიონებში მცხოვრებლები ფიქრობენ, რომ აუცილებელია, მოსახლეობას ბუნებრივი აირის გადასახადზე შეღავათი დაუწესდეს, რაც იქნება ერთადერთი გამოსავალი, რომ მათ გასათბობად შეშის გამოყენებაზე უარი თქვან.

    ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, წელიწადში ერთხელ ბარში მცხოვრებ ოჯახებზე - 7 კბ/მეტრი, ხოლო მაღალმთიან ზონაში მცხოვრებ ოჯახებზე 15 კბ/მეტრი შეშა გაიცემა. ოჯახი მუდმივად მცხოვრებია თუ არა კონკრეტულ ადგილზე, ამას ადგილობრივი მერია ადგენს, შემდეგ მონაცემებს სატყეო სააგენტოს უგზავნის, რომელიც მის დაქვემდებარებულ ტყეკაფებში ამ სიის მიხედვით შეშას გამოყოფს. 1 კბ/მ შეშის ფასი 5-დან 6 ლარამდეა და ხის სახეობის მიხედვით იცვლება. საფასურის გადახდის შემდეგ მოსახლეობამ შეშა თავად უნდა გაიტანოს ტყიდან.

    მიუხედავად ამისა, მოსახლეობა სხვა გზით ცდილობს შეშის ყიდვას. ვისაც ამის საშუალება არ აქვს, გასათბობად საკარმიდამო ნაკვეთებში მოგროვილი ფიჩხითაც კმაყოფილდება, რაც საკმარისი ნამდვილად არ არის.

    აჭარაში მცხოვრები გიზო ბოლქვაძე ამბობს, რომ მოსახლეობა შეშის გამოყენებაზე მასობრივად იტყვის უარს, თუკი სახელმწიფო გაზის გადასახადის სუბსიდირებაზე ან სხვა სახის შეღავათზე იზრუნებს.

    "სოფელში ხალხი გასათბობად თუ სხვა საჭიროებისთვის კვლავ შეშას იყენებს. გაზის ტარიფი რომ დაბალი იყოს, ის ნამდვილად გახდებოდა შეშის ალტერნატივა, მაგრამ ასე არ არის. შეშის ჭრა, ჩამოტანა, დამუშავება დიდ შრომას უკავშირდება და არავის დააინტერესებს მისი შეძენა, თუკი გაზის ტარიფი ნაკლები იქნება. მის გაიაფებაზე დღეს არავინ ფიქრობს, პირიქით, საფასურის გაზრდაზეა საუბარი, რისი გადახდის შესაძლებლობაც ხალხს არ აქვს. არყის გამოხდაა, საჭმლის მომზადება თუ სხვა რამ, გაზის გამოყენებით ცდილობენ, მაგრამ გასათბობად ამ საშუალებას ძალიან ცოტა იყენებს", - ამბობს "რეზონანსთან" გიზო ბოლქვაძე.

    თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნის მკვიდრ გია კასრაძის თქმით, ხალხი ზამთარს მოუმზადებელი შეხვდა.

    "შეშის ფასი არ გაზრდილა, მაგრამ მაინც იმდენად ძვირია, რომ მთელი მარაგის ყიდვა შეუძლებელია. ჩვენი მოსახლეობა შეშას ძირითადად ზესტაფონში ყიდულობს. გზის პირზე მთელი სეზონის განმავლობაში დგანან დატვირთული მანქანები და ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეძენა. ერთი მანქანა შეშის ფასი 600 ლარია. ძირითადი სოფლები გაზიფიცირებულია, მაგრამ ყველა ცდილობს, რომ შეშაც შეაშველოს. ვინც ვერ მოახერხა, საკუთარი ბაღებიდან მოჭრილი ხეხილითაც თბება. ძვირია შეშის ნარჩენიც, 250 ლარზე ნაკლებად თითქმის არსად იშოვება. მთელ სეზონზე რომ მეყოს, სულ ცოტა, 900 ლარის შეშა მჭირდება, რისი საშუალებაც ნამდვილად არ არის", - ამბობს იმერელი გლეხი.

    წალენჯიხაში 1 მანაქანა შეშის საფასური 500 ლარს აჭარბებს. ადგილობრივი გლეხის - გურიელ ოთხოზორიას თქმით, წინა თვეს შეშა ტყეკაფიდან წვალებით გამოიტანა, თუმცა გაჭირვების გამო გაყიდა და გასათბობად ფიჩხს იყენებს.

    "ლიცენზიანტების შიშით ხალხი ადგილობრივი ტყეებიდან ნარჩენების გამოტანასაც ვერ ახერხებს. გაჭირვებამ მაიძულა, რომ მოჭრილი შეშა გამეყიდა, ახლა ყანებში ფიჩხს ვაგროვებ. სოფლის უმრავლესობა ჩემ დღეშია. შეშის ყიდვაზე საუბარიც ზედმეტია, 500 ლარზე ძვირი ღირს. იმის გამო, რომ ვერ მოვიმარაგე, ნორმალურად ვერ ვთბებით. ვცდილობ, დილით ავანთო ღუმელი რამდენიმე საათით და ასევე საღამოობით, როცა ძალიან ცივა", - ამბობს ოთხოზორია.

    მოსახლეობის სათბობი რესურსით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, გარემოსდამცველები რამდენიმე ალტერნატივაზე საუბრობენ, თუმცა გამოსავლის პოვნა ჯერჯერობით ჭირს. როგორც აღმოჩნდა, გაზიფიცირების პროგრამამ ამ მხრივ არ გაამართლა, რადგან შეშის მოხმარება ოდნავ შემცირდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved