სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თეო გუდავაძე
    12.12.2018

     თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება ხერხემლის ატროფიაა. უკვე ყოველ მეორე ადამიანს აქვს დარღვევები და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის არასწორად შერჩეულ ფეხსაცმელს, რომელიც რეზინის უხარისხო ძირისაგან არის დამზადებული. იგი როგორც ტერფს, ასევე ხერხემალს ძალიან ვნებს. იმ ფონზე, როდესაც ადამიანები საქართველოში თავის რჩენას ძლივს ახერხებენ, ფეხსაცმლის ხარისხზე თითქმის აღარავის აქვს პრეტენზია და უმეტესობამ არც კი იცის, რა პრობლემას აწყდება.

    კედები, "უგები", "ბალეტკები" ნებისმიერი ახალგაზრდის გარდერობშია, არადა, ამ მოხდენილი დიზაინის ფეხსაცმელს ბევრი პრობლემის მოტანა შეუძლია მოზარდი ორგანიზმისათვის. განსაკუთრებით სახიფათოა იმ ხარისხის პროდუქცია, რომელიც დღეს ბაზარზე უხვადაა. "ამ ერთი შეხედვით მოხერხებულმა ფეხსაცმელმა შეიძლება, მოზარდის ტერფის დეფორმაცია და მომავალში ძვლების ჩამოყალიბების დარღვევა გამოიწვიოს", - ასე აფრთხილებს ბრიტანეთის ორთოპედთა ასოციაცია მოსახლეობას. ამას დერმატოლოგები და პედიატრებიც მხარს უჭერენ. საერთო მოსაზრებით, ეს ფეხსაცმელები არა მარტო ტერფის დეფორმაციას, წვივის არეში სისხლძარღვების შევიწროებასა და კანის დაავადებებსაც იწვევს.

    შორენა გამსახურდია ერთ-ერთი მშობელია, ის შვილის პრობლემებზე გვიყვება. მას დიდი თავსატეხი სწორედ ფეხსაცმელმა შეუქმნა: "15 წლის გოგონა მყავს და რაც კი თავი მახსოვს, მუდმივად აცვია "ოლ სთარის" კედები, თანაც - გაუხდელად. ბოლოს ტერფის ტკივილი დაეწყო, სახლში მოსვლის დროს ცხელი წყლის აბაზანებს ვუკეთებდი, მაგრამ შემდგომ უკვე თავი იჩინა ხერხემლის ტკივილმაც. მივხვდი, რომ ეს იყო ფეხსაცმლის ბრალი - მუდიმვად ერთი სიმაღლის ძირი, ბრტყელი, რეზინის, რომელიც სითბოსაც კი არ ინარჩუნებს და თანაც იაფფასიანი, რასაც თინეიჯერები ყიდულობენ.

    დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდების 90%-ს ჩინური კედები აცვია და შესაბამისად, უარესია, ვიდრე ის ამერიკული ფეხსაცმელი, რაც ჩემს შვილს ეცვა. ხალხს არ აქვს საშუალება, ტყავის და კარგ ძირზე შეკერილი ფეხსაცმელი იყიდოს. მინიმუმ 200 ლარი ჯდება და დღეს ვის აქვს ამის ფუფუნება, წელიწადში ოთხჯერ შეიძინოს ეს 200-ლარიანი ფეხსაცმელი. ამიტომ გახშირდა სქოლიოზი და ხერხემლის პრობლემები, ასევე - ბრტყელტერფიანობა.

    ჩემ ახალგაზრდობაში ისეთი კარგი ფეხსაცმელები გვეცვა, რომ დისკომფორტი საერთოდ არ შემქმნია. სულ არ გამკვირვებია, როდესაც ექიმმა მითხრა, რომ ნინას ხერხემლის პრობლემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არასწორად შერჩეული ფეხსაცმელი იყო. დავუშვათ, მე შემიძლია, რომ ვუყიდო ჩემს შვილს ხარისხიანი პროდუქცია, მაგრამ იმ ადამიანებმა რა ქნან, ვინც იაფ ფეხსაცმელს ყიდულობს იმის გამო, რომ ფეხშიშველი არ იყოს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას შორენა გამსახურდიამ.

    "თანამედროვე ახალგაზრდებს გაუხდელად აცვიათ ფეხსაცმელი, რომელსაც, სინამდვილეში, მათი ტერფის დაცვა არ შეუძლია. შედეგად ვიღებთ თაობას, რომელსაც მრავალგვარი დაავადება აწუხებს", - აცხადებს ლონდონის ორთოპედიული კლინიკის ექიმი ემა საპლი, - "ყველაზე მეტად გოგონები ზარალდებიან, რადგან ამ მოდური ფეხსაცმლის ძირითადი მომხმარებლები სწორედ ისინი არიან. თანამედროვე გოგონები ძალიან თხელძირიან ფეხსაცმელს ატარებენ, რომელიც ტერფს მყარად ვერ იჭერს, ანდა, პირიქით, ძალიან მაღალ ქუსლზე დგანან, რაც ასევე ტერფის არასწორ მდებარეობას განაპირობებს. განსაკუთრებით საშიშია მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, როდესაც მისი ხარისხი დაბალია და იაფფასიანია, რადგან ძირი გამყარებული არ არის და მთელი დატვირთვა აწვება ტერფსა და ხერხემალს, რომ სხეულის გამაგრება მოხერხდეს.

    ორთოპედი ლია გელიაშვილი "რეზონანსთან" ადასტურებს, რომ უამრავი პაციენტი ჰყავს, რომელთა მთავარი პრობლემაც არასწორად შერჩეული ფეხსაცმელია:

    "პატარებს ვცდილობ, მივუთითო და ორთოპედიული ფეხსაცმელი ჩავაცვა, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს, მოზარდები ყველაზე დიდი პორბლემაა, რადგან არც სურთ ასეთი ფეხსაცმლის ტარება და პლუს ამას, ძვირად ღირებულ კარგ ფეხსაცმელს ვერ ყიდულობენ სოციალური მდგომარეობის გამო. ზამთარშიც კი ეს საშინელი კედები აცვიათ, რომლებიც ძალიან იაფი ღირს და, პირდაპირი მნიშვნელობით, ნაგვისაგან არის დამზადებული - არც ძირი უვარგა და არც - სიმყარე.

    ფრთხილად უნდა ვიყოთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის არჩევის დროს, განსაკუთრებით მაშინ, თუკი მას ყოველდღიურად ვიყენებთ, რადგან ყველაზე მეტი დატვირთვა მაღალ ქუსლზე დგომისას ხერხემალზე მოდის. თუ ძირი არ არის სწორი და ფეხსაცმელს ქუსლიც მორყეული აქვს, ძალიან საშიშია ხერხემლის ყოველდღიურად ამ მდგომარეობაში "ჩაგდება".

    დღეს საჭმლის ფული არ აქვს ხალხს და მაღალი ხარისხის ფეხსაცმელზე ვინღა საუბრობს. ეს ხომ ზედმეტი ფუფუნებაა ჩვენი მოსახლეობისათვის", - აღნიშნა ორთოპედმა ლია გელაშვილმა "რეზონანსთსან" საუბრისას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved