სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    25.01.2019

     პირველ ქართულ უნივერსიტეტს დააარსებისთანავე ჰქონდა კავშირი იმ დროისათვის ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან. გასაბჭოების შემდეგ კი ბოლშევიკებს გაქცეული მოწინავე ქართველები სწორედ ევროპის სხვადასხვა ქალაქის უნივერსიტეტებში მოღვაწეობდნენ.

    ბერლინის უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის კათედრაზე მოღვაწეობდა მიხაკო წერეთელი, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას ხელმძღვანელობდა გიორგი ნაკაშიძე, იურიდიულ ფაკულტეტზე ასწავლიდა ნიკო ნაკაშიძე, ბრესლაუს აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი ინსტიტუტის ცენტრში - მიხეილ ახმეტელი. იქვე ასწავლიდა გრიგოლ დიასამიძე, რომელიც პარალელურად საგამომცემლო საქმიანობასაც ეწეოდა.

    ბერლინის შარლოტენბურგის ტექნიკურ უმაღლეს სკოლაში ასწავლიდა ქიმიკოსი კირილე ვეკუა, ჰამბურგის უნივერსიტეტში - ენათმეცნიერი კიტა ჩხენკელი, ჰალეს უნივერსიტეტში - გიორგი მაღალაშვილი, შალვა ქარუმიძე, რომელიც ემიგრანტული გაზეთის, "კლდის", რედაქტორიც იყო, ასევე, ქართული სტამბის დამაარსებელი ბერლინში არჩილ მეტრეველი. გიოტენგენის უნივერსიტეტში სწავლობნენ და შემდეგ მოღვაწეობდნენ ძმები ნიკურაძეები.

    დღევანდელ სტატიაში ივანე ნიკურაძის სამეცნიერო მოღვაწეობიდან გავიხსენებთ რამდენიმე საინტერესო ეპიზოდს. იგი გერმანიაში, ქალაქ გიოტენგენში, პირველი ქართველი სტუდენტი იყო დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ჩასული.

    1919 წელს ივანე ნიკურაძე (ტარტუს უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ) იმ რჩეულ ახალგაზრდებს შორის მოხვდა, რომელთაც ივანე ჯავახიშვილისა და პეტრე მელიქიშვილის რეკომენდაციით სახელმწიფო თავისი ხარჯით უცხოეთში სასწავლებლად აგზავნიდა. გიოტენგენის ფიზიკისა და მათემატიკის ინსტიტუტში ჩაირიცხა და მალევე გახდა იმ დროის ჰიდროდინამიკისა და აეროდინამიკის ფუძემდებლის, პროფესორ ლუდვიგ პრანდტლის, გამორჩეული სტუდენტი. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა და გერმანიაში დარჩა.

    1923 წელს პრანდტლის ხელმძღვანელობით წარმატებით დაიცვა დისერტაცია და დოქტორის ხარისხი მიენიჭა. მუშაობდა მკვლევრად კაიზერ ვილჰელმის, დღევანდელი მაქს პლანკის, ჰიდრავლიკურ ძიებათა და დინამიკის ინსტიტუტში. მოგვიანებით კი ამ ინსტიტუტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი გახდა.

    1933 წელს ბერლინში წიგნად გამოიცა მისი ცნობილი ექსპერიმენტი. 1934-1945 წლებში იყო ბრესლის უნივერსიტეტის პროფესორი, 1945 წლიდან კი აახენის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი.

    როგორც ამ დარგის სპეციალისტები აღნიშნავენ, ცნობილია ივანე ნიკურაძის სახელობის დიაგრამები და მრუდეები, მისი სახელობის ფორმულა. იგი მუშაობდა ჰიდრავლიკის ისტორიაზეც. 1942 წელს კი ბერლინში გამოქვეყნდა მისი შრომა, რომელშიც იგი იძლევა "სითხის მექანიკის" მთელ გენიალოგიურ შტოს.

    ივანე ნიკურაძემ თავისი კვალი სამოქალაქო ინდუსტრიაშიც დატოვა. მისი მოდელი "პორშეს" ფირმამ მიიღო, ცნობილი მოდელი "911" მისი ნახაზებითაა გაკეთებელი. 70-იან წლებში კი ევროპაში ცალლიანდაგიანი მატარებელი აეროდინამიკური თვალსაზრისით ნიკურაძის შემუშავებულია.

    პირადი არქივი ივანე ნიკურაძისა და მისი ძმის - ალექსანდრე ნიკურაძისა, რომელთან ერთადაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთობლივ მეცნიერულ გამოკვლევებს ატარებდა ელექტრონული და იონური ტექნიკის ინსტიტუტში, დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოსწირა ოჯახმა გურამ შარაძის მეშვეობით 1989 წელს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ტატოო   (25.01.2019)
    მე რა იქნება რომ პორშემ რამე საწარმო გახსნას ჩვენთან და ამით მის ხსოვნას პატივს მიაგებს


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×