სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    06.02.2019

     ნიუ-იორკში 1954 წელს "მონტე-გალერის" გამოფენაზე უცხო წარმომავლობისა და უცნობი გვარის ახალგაზრდა კაცმა, ვინც აფიშაზე ამერიკელ მხატვრად იყო მოხსენიებული, განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. მის მიერ შესრულებულმა ქანდაკება "შავმა ტორსმა" საგანგებო პრემია დაიმსახურა. ეს ახალგაზრდა ჩვენი თანამემამულე სვიმონ დადიანი იყო.

    "გამოფენაზე ექსპონირებული 19 მხატვრის ნამუშევარი წარმოდგენას გვიქმნის ამერიკის თანამედროვე ქანდაკებაზე... ამ შესანიშნავ გამოფენაზე არის განსაკუთრებული, სრულყოფილი ნამუშევრები დადიანისა, სადაც გამოყენებულია სტილიზაციის მთელი სისტემა, რომელიც მოდილიანის სტილიზაციას მოგვაგონებს", - ასე შეაფასა ამერიკის ერთ-ერთმა გავლენიანმა სახელოვნებო ჟურნალმა სვიმონ დადიანის ნამუშევრები.

     

    მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან ამერიკას უკავშირდება. დადიანის ვერნისაჟები იმართებოდა ისეთ პრესტიჟულ საგამოფენო სივრცეებში, როგორებიცაა სან-ფრანცისკოს ხელოვნების მუზეუმი, იუკლენდის ხელოვნების გალერეა, ნიუ-იორკის ხელოვნების დიდი ცენტრალური გალერეა, სან-ფრანცისკოს საპატიო ლეგიონის ორდენის მუზეუმი. დღეს მისი ნამუშევრები სან-ფრანცისკოსა და პარიზის მუზემებს თუ კერძო კოლექციებს ამშვენებს.

    ქართველი მხატვრის, ვისაც ამერიკელები მოდილიანის ადარებდნენ, 23 ტილო და ორი ქანდაკება საქართველოში, ხელოვნების სასახლეშია დაცული. სვიმონ დადიანს სიცოცხლეშივე გამოუთქვამს სურვილი, რომ თავისი ნამუშევრები საქართველოს გადასცემოდა, როდესაც ის დამოუკიდებლობას დაიბრუნებდა.

    5 წლის იყო, 1921 წელს მშობლებსა (მამა - კოკი დადიანი, სენაკის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლი, მარშალი, საზოგადო მოღვაწე; დედა - მერი წერეთელი, იმერეთის მეფე სოლომონის შთამომავალი) და და-ძმებთან ერთად საქართველო რომ დატოვა ჩვენი პოლიტიკური ემიგრაციის ცნობილი მარშრუტით ბათუმი-სტამბული-მარსელი-პარიზი.

    "1921 წლის 25 თებერვალს, ღამით ყველანი გავიქეცით ბათუმში, დავტოვეთ ყველაფერი, ულამაზესად და მდიდრულად მორთული ბინა. ვერაფრის წაღება ვერ მოვასწარით. ფეხით მივდიოდით სადგურისაკენ. ვიღაც ვაჭარი, ეტყობოდა, ჩემოდნებით დატვირთულ მანქანაში იჯდა. ჩემმა უფროსმა ძმამ სთხოვა, მანქანით წაეყვანა ქალი და სამი პატარა სადგურამდე. მან უარი თქვა, იარაღი ამოიღო და დაემუქრა. ამ დროს პაოლო იაშვილი გამოჩნდა, ეს კაცი მისი ნაცნობი იყო და ძალით ჩასხეს ჩემი და-ძმები", - წერდა სვიმონ დადიანის და ბაბო დადიანი.

    პარიზში დასახლებულმა დადიანების ოჯახმა პატარა სიმონიკა სასწავლებლად ლიცეუმ "ლაკალნაში" მიაბარეს. შემდეგ სწავლობდა პასტერის სახელობის ლიცეუმში, რომლის დასრულების შემდეგ ბაკალავრის ხარისხით იტალიაში გაემგზავრა პეროზის ხელოვნების სკოლაში.

    მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე პარიზი დატოვა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მოხალისედ ჩაეწერა ამერიკის ჯარში და მონაწილეობას იღებდა სადესანტო ოპერაციებში, 1942 წელს - კასაბლანკაში, შემდეგ - სიციალიაში, სადაც გმირულად იბრძოდა მონტე კასანის ყველაზე სასტიკ ბრძოლებში. ამერიკის ჯარის ამ ბატალიონიდან მხოლოდ 7 მებრძოლი გადარჩა, მათ შორის - სვიმონ დადიანი.

    ღირსეული თავდადებისათვის სამხედრო ჯილდოებიც დაიმსახურა. მის არქივში, რომელიც საქართველოს გადმოეცა, აღმოჩნდა ერთი დოკუმენტი "ღირსეული გადადგომის მოწმობა", სადაც წერია: "ეს დოკუმენტი დასტურია იმისა, რომ პირველი კლასის რიგითი სვიმონ დადიანი აშშ-ის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებულია მადლიერებით. დასტურია იმისა, რომ პატიოსნად და ღირსეულად ემსახურა ამ ქვეყანას".

    სვიმონ დადიანი 1974 წელს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია სან-ფრანცისკოს ძველ სასაფლაოზე. მიუხედავად იმისა, რომ 5 წლისამ დატოვა საქართველო, ქართული არასდროს დავიწყნია, ძველი ქართულიც კი შეუსწავლია. თავის ბინაში მისთვის ყველაზე ძვირფას ნივთს სათუთად ინახავდა - სამშობლოდან წაღებულ მიწას უბრალო თიხის ქოთანში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved