სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    10.02.2019

     1922 წელს თბილისში, კომენდანტის ქუჩაზე, კომერსანტ არშაკუნის სახლში დაარსდა საქართველოს სამხატვრო აკადემია. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჩუბინიშვილთან, ნიკოლაძესთან, ლანსერესთან, კალგინთან ერთად, იყო საქართველოს დიდი პატრიოტი და ქომაგი, ქართულ ლიტერატურაზე, ისტორიასა და ხელოვნებაზე შეყვარებული ცნობილი პოლონელი მხატვარი ჰენრიხ ჰრინევსკი, რომელიც, როგორც საქართველოს ინტელიგენციის დიდი ნაწილი, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა.

    სამწუხაროდ, დაწვრილებითი ცნობები მისი ცხოვრების შესახებ არ მოგვეპოვება. მისი პირადი საქმე, რომელიც თბილისის სამხატვრო აკადემიაში ინახებოდა, დაკარგულია. შსს-ს არქივში კი ინახება დოკუმენტური მასალა აკადემიის პროფესორის, 68 წლის ჰენრიხ ჰრინევსკის დაპატიმრების შესახებ.

    1937 წლის 11 აგვისტოს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა კომისარმა ნიკოლაი ეჟოვმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც "საბჭოთა კავშირში პოლონური ჯაშუშური ქსელის" ტოტალურ ლიკვიდაციას ითვალისწინებდა. მას "პოლონური ოპერაცია" ეწოდა, რომელშიც მოყვა ჰენრიხ ჰრინევსკიც.

    იგი 1937 წელს დააპატიმრეს ჯაშუშობისა და სამი ქვეყნის აგენტობის ბრალდებით. საბჭოთა ხელისუფლებამ პოლონელ მხატვარს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯა, მის იტალიელ მეუღლეს, შესანიშნავ მოცეკვავესა და საქართველოში საბალეტო სკოლის დამფუძნებელ მარია პერინის კი - გადასახლება. ჰენრიხ ჰრინევსკი 1938 წლის 4 მარტს დახვრიტეს, თუმცა ამ შესანიშნავი მხატვრის წარუშლელი კვალი ქართულ ხელოვნებაში ვერ ამოშალეს.

    ჰენრიხ ჰრინევსკი დაიბადა 1869 წელს ქუთაისში, საქართველოში მცხოვრები პოლონელი ემიგრანტების ოჯახში. მამის გარდაცვალების შემდეგ დედასთან ერთად გაემგზავრა იტალიაში. ჯერ ფლორენციაში სწავლობდა სამხატვრო სკოლაში, შემდეგ - აკადემიაში. მოგვიანებით სწავლა განაგრძო საფრანგეთის სამხატვრო აკადემიაში. გერმანიაში, კარლსრუეს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში კი არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა.

    1898 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო დეკორატიული ხელოვნების სფეროში, 1904 წელს კი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა კავკასიის კაზმული ხელოვნების საზოგადოების სამხატვრო სკოლაში. 1910 წელს მიიწვიეს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის სამხატვრო აკადემიაში. სწორედ ამ პერიოდში იგი მუშაობდა ძველი ქართული არქიტექტურული ძეგლების აზომვასა და მათი ჩანახატების შესრულებაზე.

    როგორც ხელოვნებათმცოდნეები აღნიშნავენ, ჰენრიხ ჰრინევსკიმ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შუასაუკუნეების საქართველოს არქიტექტურის შესწავლაში. საფუძვლიანად იცნობდა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს, ქვაზე ნაკვეთ უნატიფეს ჩუქურთმებს. მოგზაურობდა საქართველოს ყველა კუთხეში და იკვლევდა ძეგლებს. იყო ბრწყინვალე აკვარელისტიც, აკვარელების ციკლის - "საქართველოს ძველი არქიტექტურა" კლასიკური ორნამენტისა და არქიტექტურული ნაგებობების გაფორმებაში ფერების გამოყენების ავტორი.

    ჰენრიხ ჰრინევსკის ეკუთვნის ქაშვეთის ტაძრის გარკვეული ნაწილისა და სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის (დღევანდელი საჯარო ბიბლიოთეკა) დარბაზის მოხატულობა. 1912 წელს სათავადაზნაურო-საადგილმამალო ბანკის პროექტზე გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც ჰრინევსკიმ ცნობილ არქიტექტორ ანატოლი კალგინთან ერთად გაიმარჯვა. მას დეკორის დამუშავება დაევალა.

    იმავე წელს სპეციალურმა კომისიამ ივანე ჯავახიშვილის თავმჯდომარეობით ილია ჭავჭავაძის მოთხრობებზე ილუსტრაციების შექმნა დაავალა. წიგნი გამოიცა 1914 წელს მიხეილ გედევანიშვილის მიერ. ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ეს ერთტომეული დღეს ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა და დაცულია ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ წიგნთა საცავში.

    როგორც ხელოვნებათმცოდნეები აღნიშნავენ, ჰენრიხ ჰრინევსკი იყო ილია ჭავჭავაძის თხზულებთა პირველი ილუსტრატორი საქართველოში და მას ეკუთვნის წიგნის მთლიანი გაფორმება, ტიტული, უამრავი თავსართი და ბოლოსართი, სიუჟეტური ილუსტრაციები. "ოთარაანთ ქვრივის" ილუსტრაციაზე კი წარწერა მისი ხელითაა შესრულებული.

    1922 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, იყო პირველი პროფესორთაგანი, დეკანი და პრორექტორი. ამ შენობაშივე იყო განთავსებული 1937 წლამდე მხატვრის სახელოსნო და მისი მეუღლის, შესანიშნავი იტალიელი მოცეკვავე მარია პერინის საბალეტო სტუდია, სადაც სწავლობდნენ შემდგომში ცნობილი ქორეოგრაფები ვახტანგ ჭაბუკიანი და ნინო რამიშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×