სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    10-15 წელიწადში კიდევ უფრო მძიმე სურათს ვიხილავთ
    თეო გუდავაძე
    26.02.2019

     საქართველოში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა დემოგრაფიასაც შეეხო, ადამიანები ფინანსური პრობლემების გამო თავს არიდებენ ოჯახის შექმნას და, შესაბამისად, შობადობამაც იკლო. რაც ყველაზე პრობლემურია, ოჯახის შექმნის სასურველი ასაკი თანდათან 30 წელს მიუახლოვდა, რაც დემოგრაფიული თვალსაზრისით ძალიან არასასურველია.

    დღევანდელი საზოგადოების შეფასებით, 30 წელი არის ასაკი, როდესაც ფინანსურად გაცილებით მყარად დგას ადამიანი და მეტი პასუხისმგებლობის აღება შეუძლია თავის თავზე. ასე მიიჩნევენ ახალგაზრდები, რადგან ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური და სოციალური ვითარება მათ უფრო ადრე ოჯახის მოკიდების საშუალებას არ აძლევს.

     

     

    დემოგრაფიული პრობლემები, რომლებიც ბოლო პერიოდში ასე თვალში საცემი გახდა, აუცილებლად გააუარესებს ეკონომიკურ მდგომარეობას. ადამიანი როცა დაოჯახებულია და შვილები ჰყავს, გაცილებით მეტად არის ორიენტირებული მომავალ თაობაზე, ვიდრე დაუოჯახებელი. შესაბამისად, მისი წვლილიც მეტია როგორც ეკონომიკაში, ასევე სხვა დარგში.

    ამჟამად ქვეყანაში ბოლო 9 წლის განმავლობაში შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს და ამ მონაცემებს საგანგაშოს უწოდებენ სპეციალისტები. ისინი ამბობენ, რომ ერი სწრაფად ბერდება და მომავალ 10-15 წელიწადში ჩვენ კიდევ უფრო მძიმე სურათს ვიხილავთ. ფინანსური პრობლემების გამო არათუ ახალი ოჯახები არ იქმნება, უკვე დაოჯახებული ადამიანებიც შორდებიან ერთმანეთს, თავს იკავებენ შვილის გაჩენისგან, რადგან ფიქრობენ, რომ დღევანდელ პირობებში შვილების აღზრდა იმაზე მეტი პასუხისმგებლობაა, ვიდრე ადრე იყო. მათი გამოკვება, ჩაცმა და, რაც მთავარია, განათლების მიცემა მშობლებს სულ უფრო უჭირთ.

    თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (|ვა|) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკა და სტრატეგიები არ შეიცვალა, ქვეყნის მოსახლეობა 2050 წლისათვის 2 985 000 გახდება.

    საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შობადობამ მოიმატა, თუმცა მოსახლეობის საერთო რაოდენობაში ცვლილება მაინც არ შეინიშნება. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 1989 წლის შემდეგ ქვეყანაში მოსახლეობა 1 მილიონ 700 ათასით შემცირდა. ეს პროცესი ტოტალური მიგრაციის ხარჯზე მიმდინარეობს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფაქტორია ოჯახების ნგრევაც. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2018 წლის იანვარ-ივნისში რეგისტრირებულია ქორწინების 10 373 და განქორწინების 5 075 შემთხვევა.

    ტენდენციამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, ასე მაგალითად, საქართველოში 2016 წელს 25 101 წყვილი დაქორწინდა, რაც 2015 წლის მონაცემებზე 4 056-ით ნაკლებია. 2015 წელს ოჯახური კავშირი ოფიციალურად 29 157-მა წყვილმა გააფორმა. რაც შეეხება განქორწინებას, 2016 წელს 9 539 წყვილი განქორწინდა, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 427-ით მეტია.

    როგორც დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა ავთო სულაბერიძემ "ბიზნეს-რეზონანსთან" განაცხადა, მოსახლეობის კლების მთავარი მიზეზი მიგრაციული პროცესებია. მისი თქმით, უცხოეთში წამსვლელთა რაოდენობა ბუნებრივ მატებას მნიშვნელოვნად აღემატება.

    "სახელმწიფომ, პირველ რიგში, პიროვნების სოციალურ-ეკონომიური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს იმისათვის, რომ მას უფრო მეტი შვილის ყოლის სურვილი გაუჩნდეს.

    დემოგრაფიული თვალსაზრისით რთული რეგიონია რაჭა-ლეჩხუმი, შემდეგ - მცხეთა-მთიანეთი, კახეთი, იმერეთი, შიდა ქართლი, სამეგრელო, სვანეთი. ყველაზე კარგ მდგომარეობაშია აჭარა, სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლი. გამოდის, რეგიონების დიდ ნაწილში მდგომარეობა რთულია და შესაბამისად, დემოგრაფიული კოლაფსი ძალიან ახლოსაა. ამას ადასტურებს საერთაშორისო ანგარიშები და ამას ვხედავთ ჩვენ ყოველდღე.

    მოსახლეობის აბსოლუტური მატება რომ გვქონდეს, შობადობა ბუნებრივ მოძრაობას უნდა სჭარბობდეს. ამ შემთხვევაში მიგრაცია შობადობას აჭარბებს, ამიტომაც იკლებს მოსახლეობა", - აცხადებს სულაბერიძე.

    90-იან წლებში შემცირებულმა შობადობამ მძიმე დემოგრაფიული ფონი შექმნა, შესაბამისად, დღეს დანგრეული ოჯახები და შემცირებული შობადობა მომავალში შექმნის მძიმე ფონს.

    დემოგრაფიის აღორძინების ფონდის თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძემ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, დემოგრაფიული კრიზისი გარდაუვალია, სახემწიფოს მიზანი კი კატასტროფის თავიდან აცილება უნდა იყოს:

    "სოციალური მდგომარეობა, რასაკვირველია, მოქმედებს, ისევე როგორც მიგრაცია, მაგრამ შობადობის შემცირება უპირველესად დემოგრაფიული თაობის შედეგია, იმ თაობის, რომელიც 90-იან წლებში დაიბადა განახევრებული რაოდენობით. ამას დღეს მოჰყვა შობადობის კიდევ უფრო კლება. 450 000 გოგონას ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ 245 000 გოგონა. ამიტომ ჩვენ გვყავს რეპროდუქციულ ასაკში შესული გაცილებით ცოტა ქალი. ჯერ კიდევ არ არის სრულად კრიზისი, ის დაიწყება 4-5 წელიწადში და 1 თაობა გასტანს.

    უწმინდესის ინიციატივას რაღაც პერიოდი ნამდვილად მოჰყვა შობადობის მატება, თუმცა შემდეგ ისევ კლებისაკენ წავიდა. ინიციატივა მუშაობს დროებით, ამიტომ საჭიროა სახელმწიფოს სისტემური მუშაობა. გვესმის, რომ საქართველოს ბიუჯეტი არ არის იმდენი, რამხელა რესურსიც ამ კოლაფსის ამოვსებას სჭირდება, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს უარყოფითი ეფექტის შესამცირებლად მაინც.

    ხშირად ვამბობთ, შტორმის ნაცვლად რომ ღელვა იყოს, ეს არის ჩვენი მიზანიო. დემოგრაფიული კატასტროფა როგორმე დემოგრაფიულ კრიზისამდე უნდა დავწიოთ. სიმართლე თუ გინდათ, ამ მდგომარეობაში ესეც ძნელად მოსახერხებელია", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" ჩიბურდანიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×