სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გივი ქსოვრელი: "ერთი კაციც რომ დაბრუნდეს, ჩავთვლი, რომ ჩემს მცდელობას ფუჭად არ ჩაუვლია"
    მარი ჩიტაია
    08.03.2019

     საქველმოქმედო ფონდი "ნოსტე" კასპის რაიონში დანგრეული ეკლესიის რესტავრაციას ახორციელებს. მწირი, თითქმის არარსებული ბიუჯეტის მიუხედავად, ფონდი მოხალისეებთან ერთად ცდილობს, გუშაგად დაუდგეს ძველ ტაძრებს და მათ ახალი სიცოცხლე შთაბეროს. "ნოსტეს" ხელმძღვანელის გივი ქსოვრელის მიზანი სოფლიდან წასული მოსახლეობის დაბრუნებაა. იგი ამბობს, რომ კასპში რამდენიმე სოფელია, რომელიც მოხუცი თაობის ამარაა დარჩენილი და ხალხს არ აქვს დაბრუნების არანაირი მოტივაცია. წუხს იმაზეც, რომ ტაძრამდე მისასვლელი გზაც მივიწყებულია.  

    ამჟამად "ნოსტე" თავკავთის ეკლესიის აღდგენაზე მუშაობს. ფონდს ამისთვის საკმარისი ფინანსური რესურსი არ აქვს და დაფინანსების ძიებაშია. 

    "თავკავთის ეკლესია თრიალეთის ქედზე, კასპის რაიონში მდებარებს და არის მიუწვდომელ ადგილას, რის გამოც ხალხს ტაძრამდე მისვლა უჭირს. იქ მოსახლეობა ნაკლებადაა, ფაქტობრივად, შიშველი ხელებით შევძელით, რომ მისასვლელი გზა გაგვეწმინდა. ეკლესიამდე მისასვლელი ერთი საფეხმავლო გზაა. არის სხვა 2 სამანქანე გზაც, მაგრამ ეკლესიამდე არ მიდის, 700 მ მანძილის გავლა მლოცველს ფეხით უწევს. გავაკეთეთ ეკლესიის სრული სარეაბილიტაციო პროექტი და ხარჯთაღრიცხვაც ვაწარმოეთ, ახლა დაფინანსებას ვეძებთ. ეკლესია ჩემი სოფლიდან 20 კილომეტრში მდებარეობს. ჩვენი სალოცავია და იქ დავდივართ. 

    სამწუხაროდ, დრო-ჟამმა თავისი ქნა, ეკლესია გადაუდებელ რესტავრაციას საჭიროებს. შენობას კამარა შემორჩა, მაგრამ სახურავია მოხდილი. ჩვენს ხეობაში ბევრია ასეთი დანგრეული ეკლესია. კეთილი ადამიანების თანადგომით მოვდივართ დღემდე, ეს გავძლებინებს. ფინანსური რესურსი რომ მოგვეპოვებინა, მეტ საქმეს გავაკეთებდით, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. რაც მოხერხდა, ყველაფერი ჩვენი სახსრებით გავაკეთეთ", - ამბობს "რეზონანსთან" ქსოვრელი.

    "ნოსტეს" ხელმძღვანელი ცდილობს, რომ ეკლესიას ადრინდელი იერსახე არ დაუკარგოს და რესტავრაციის პროცესში მამა-პაპურ მეთოდებს იყენებს. 

    "დღემდე მოსახლეობის თანადგომა გვაძლიერებს. ეს მცირე თანხაც ხალხისგან მოგროვდა. რესტავრაციის პროცესშიც ადგილობრივები მონაწილეობენ. მაგალითად, ეკლესიის გამწმენდ სამუშაოებზე თითქმის ყველამ მიიღო მონაწილეობა, ვის როგორც შეეძლო. ზოგს ტრაქტორი ჰყავს და ტექნიკურ დახმარებას გვიწევს, ზოგი ჩვენთან ერთად შრომობს და გვერდში გვიდგას. ერთი სული აქვთ, სამუშაოები დაიწყონ, მზად არიან, უსასყიდლოდ იმუშაონ, მაგრამ ქვა უნდა დამუშავდეს, ადგილამდე მივიდეს, თუნუქი, ხის მასალა შესაძენია, უამრავი საქმეა გასაკეთებელი, რაც ხარჯს მოითხოვს. 

    ასე ხდება გუდალეთის შემთხვევაშიც, სოფელში ღვთისმშობლის სახელობის გუმბათოვანი ეკლესიაა. სარეაბილიტაციო პროექტი მომზადდა, საქმის ბოლომდე მისაყვანად ძალებს არ ვზოგავთ, მაგრამ აქაც უსახსრობა გვიშლის ხელს. გუმბათი ჩამონგრეულია, ეკლესიას კამარაც არ აქვს. მირჩევნია, ყველა ძველი ეკლესია-მონასტერი ძველი წესით აღდგეს - კირით და კირის დუღაბით. ასე აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები. ძველი მეთოდების შენარჩუნებას ვცდილობთ. 

    ძველი სახის დაბრუნება რთულია, მაგრამ კეთილი ადამიანების თანადგომით საქმის ბოლომდე მიყვანა არ გაგვიჭირდება. საპატრიარქოს გარეშე არც ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს. მხარს იმით გვიჭერენ, რომ ჩვენი პროექტი მოიწონეს, ნებართვა მოგვცეს. რესტავრაციის პროცესში გამოცდილი სპეციალისტები მონაწილეობენ და გვენდობიან", - განაცხადა გივი ქსოვრელმა და დასძინა, რომ ხალხს რწმენა დააბრუნებს:

    "ეკლესიები, რომლებზეც ვმუშაობთ, მიტოვებულ სოფლებსა და ნასოფლარებზეა. ბევრია ასეთი, სადაც ისინი მდებარეობენ. ჩემი საქმიანობის მთავარი მიზანი რწმენის გაძლიერებაა და ისიც, რომ ხალხმა სოფელში დაბრუნება შეძლოს. რამდენიმე გვარი წამოსული და გაფანტულია. ხალხი რომ თავის ჯიშს და ადგილს დაუბრუნდეს, ამაზე კარგი საქმე რაღა უნდა იყოს?! ერთი კაციც რომ დაბრუნდეს, ჩავთვლი, რომ ჩემს მცდელობას ფუჭად არ ჩაუვლია", - აღნიშნა "რეზონანსთან" ქსოვრელმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×