სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    დეპუტატთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 145 კაცს, მათ შორის იყო 5 ქალი
    ია აბულაშვილი
    12.03.2019

     12 მარტს საქართველო პირველი რესპუბლიკის არჩევის 100 წლისთავს აღნიშნავს და საიუბილეო ღონისძიებებიც იგეგმება. დღევანდელ სტატიაში კი მკითხველს გვინდა შევთავაზოთ რამდენიმე საინტერესო ეპიზოდი, როგორ გაიმართა 100 წლის წინ საქართველოში მოსახლეობის მიერ არჩეული საკანონმდებლო ორგანოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა და რას წერდა ამის შესახებ ქართული პრესა.

    საქართველოს დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომა 1919 წლის 12 მარტს, 12 საათსა და 10 წუთზე, თბილისში, დამფუძნებელი კრების სასახლის თეთრ დარბაზში გაიმართა (დღევანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე).

    1919 წლის 12 მარტი

    რეგლამენტის თანახმად, სხდომას თავმჯდომარეობდა უხუცესი დეპუტატი სილიბისტრო ჯიბლაძე, მდივნის მოვალეობას კი ასრულებდა ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი გოგიტა ფაღავა. კრება სილიბისტრო ჯიბლაძის სიტყვით გაიხსნა.

    დეპუტატებმა დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ აირჩიეს კარლო ჩხეიძე. შემდეგ სხდომას თავმჯდომარეობდა ალექსანდრე ლომთათიძე. დეპუტატებმა ერთხმად დაადასტურეს 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. ფოტოგრაფებმა და კინემატოგრაფისტებმა საზეიმო სხდომა ფირზე აღბეჭდეს.

    1919 წლის 9 მარტს გაზეთ "საქართველოში" გამოქვეყნდა ცნობა, რომ დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა 12 საათზე გაიმართებოდა და მას უხუცესი წევრი გახსნიდა. ამის შემდეგ აირჩევდნენ თავმჯდომარეს. ამავე დღეს შედგებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმოწერაც, რომელსაც ყველა დეპუტატი მოაწერდა ხელს.

    რას წერდა ქართული პრესა

    სხდომაზე არ იყო გათვალისწინებული დეპუტატების სიტყვით გამოსვლა. გახსნაზე მოხვედრა კი სპეციალური ბილეთებით შეიძლებოდა. ბილეთების მფლობელთა სია გაზეთში გამოქვეყნდა.

    "საქართველოს რესპუბლიკამ" დიდი რეპორტაჟი მიუძღვნა, რა ხდებოდა იმ დღეს თბილისის ქუჩებში და სხდომის დარბაზში.

    "12 მარტი დიდი ისტორიული დღეა, პირველ საისტორიო სხდომაზე საქართველოს დამფუძნებელ კრებას საქვეყნოდ პირველად გამოაქვს ქართველი ხალხის ნამდვილი სიტყვა და ნებისყოფა დამოუკიდებლობის დაცვა-განმტკიცების შესახებ. მთელი ქართველი ერი ღრმა მოწიწებით მიესალმება დამოუკიდებლობის დადასტურების ამ დიდ აქტს. გაუმარჯოს დამოუკიდებელ დამფუძნებელ კრებას. გაუმარჯოს 12 მარტს."

    გაზეთი წერდა, რომ 12 მარტს თბილისის ქუჩებში დილიდანვე ხალხმრავლობა იყო. დაიხურა ყველა მაღაზია. აივნებსა და სახლების სახურავებზე გამოფენილი იყო ეროვნული დროშები. საზეიმო მანიფესტაცია დილის 10 საათიდან დაიწყო. ხალხის უწყვეტი ნაკადი მეფისნაცვლის სასახლისკენ მიემართებოდა.

    ჯარისა და ეროვნული გვარდიის ნაწილები გოლოვინის პროსპექტზე იყვნენ შეკრებილი. სასახლე ეროვნული დროშებით იყო მორთული. სხდომის დარბაზში, პრეზიდიუმის წინ, მოწყობილი იყო საგანგებო ტრიბუნა გამომსვლელთათვის, დარბაზში დეპუტატთა ადგილები ორ რიგად იყო მოწყობილი.

    სამთავრობო ლოჟა დაიკავეს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ, შს მინისტრმა ნოე რამიშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა, განათლების მინისტრმა გიორგი ლასხიშვილმა, იუსტიციის მინისტრმა შალვა მესხიშვილმა.

    დამფუძნებელი კრების სხდომას ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, აშშ-ის, შვეიცარიის, ესპანეთის, ჰოლანდიის, საბერძნეთის, უკრაინის, ჩეხოსლოვაკიის, ლიტვის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ირანის წარმომადგენლები. სხდომას ესწრებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე.

    სხდომას 130 დეპუტატი დაესწრო, თავმჯდომარის არჩევის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს პირველმა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ მოაწერა ხელი, შემდეგ - თითოეულმა დღეპუტატმა. მათ შორის იყო ორი წარმოშობით გერმანელი დეპუტატის ხელმოწერაც, ერთ-ერთი მათგანი - პაულ ბიული არჩეული იყო სოციალ-დემოკრატების მუშათა პარტიის სიით.

    დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომის დასრულების შემდეგ სასახლესთან შეკრებილ მოსახლეობას და ჯარის ნაწილებს სიტყვით მიმართა ალექსანდრე ლომთათიძემ და დამოუკიდებლობის აქტი საჯაროდ წაიკითხა. დღის 3 საათზე ღონისძიება დასრულდა, ჯარის ნაწილებმა და მოსახლეობამ სასახლის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.

    დამფუძნებელი კრების მიერ 1919 წლის მარტიდან გაწეული სამუშაობის სტატისტიკა

    ახლად არჩეული რესპუბლიკის შიდა პოლიტიკური მდგომარეობის გამო დამფუძნებელი კრების კომპეტენციაში მხოლოდ საკანონმდებლო საქმიანობა არ შედიოდა, კრებას აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის რევიზიის უფლება ჰქონდა, რათა აღმოეფხვრა დარღვევები.

    სხდომის გამართვისთვის რეგლამენტით აუცილებელი იყო წევრთა მესამედის დასწრება. არასაპატიო მიზეზით სესიების გაცდენისთვის დეპუტატებს ჯამაგირის ნაწილი ექვითებოდათ. ვინც ერთიანად გააცდენდა სესიის 2 თვეს, დეპუტატთა შემადგენლობიდან ავტომატურად ირიცხებოდა.

    მიუხედავად მაჟორიტარული სისტემის არარსებობისა, კრებას თავისი წარმომადგენლები ჰყავდა რეგიონებში. დეპუტატები სარგებლობდნენ იმუნიტეტით. დეპუტატთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 145 კაცს, მათ შორის იყო 5 ქალი.

    1919 წლის მარტიდან 1920 წლის მარტამდე სულ გაიმართა 97 სხდომა, აქედან 20 საგანგებო. განხილული იყო 415 საკანონმდებლო აქტი, 114 კანონპროექტი, 28 დეკრეტი, 11 დადგენილება, 7 დებულება, 3 დეკრეტი. მათ შორის ყველაზე მთავარია საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც შედგებოდა 149 მუხლისა და 17 თავისგან.

    1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების მიერ დამტკიცებული კონსტიტუციის სტამბურად დაბეჭდვა თბილისში ვერ მოესწრო.

    საქართველოს მთავრობამ და დამფუძნებელმა კრებამ 25 თებერვალს თბილისი დატოვა, გადაწყდა, რომ კონსტიტუცია ბათუმში გამოექვეყნებინათ, რისთვისაც შეირჩა ცნობილი ბათუმელი პოლიგრაფისტის - ნესტორ ხვინგიას სტამბა.

    კონსტიტუცია დაიბეჭდა ცალკე წიგნად სათაურით: "საქართველოს კონსტიტუცია მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს". მისი ზომა იყო 19/13-ზე, მოცულობა - 40 გვერდი. ტირაჟი უცნობია. ეს გამოცემა დღეს ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა, რომლის ჩვენამდე მოღწეული ეგზემპლარი თბილისში ინახება.

    კომუნისტების დროს დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული კონსტიტუცია აღარ გამოცემულა. მეორედ იგი გამოიცა ემიგრაციაში, 1981 წელს მიუნხენ-ლევილში დავით თაბორიძის მიერ. ეს ორენოვანი (ქართულ-ფრანგულ ენებზე) საიუბილეო გამოცემა 1921 წელს ბათუმში დაბეჭდილი კონსტიტუციის ასლია.

    დამფუძნებელმა კრებამ შექმნა საქართველოს სახელმწიფო დროშა, გერბი და ჰიმნი. დამოუკიდებელი რესპუბლიკის დროშის ავტორები არიან იაკობ ნიკოლაძე და იოსებ შარლემანი, გერბის მხატვრი - იოსებ შარლემანი, ხოლო გერბზე გამოსახული წმინდა გიორგის ავტორები - დიმიტრი შევარდნაძე და დავით კაკაბაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×