სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ბავშვის ძვლის ტვინი 10-ჯერ მეტ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას შთანთქავს და ამიტომ მათ საფრთხე მომეტებულად ემუქრებათ"
    მარი ჩიტაია
    30.04.2019

     ტექნიკის აქტიურ მოხმარებას ადამიანებისთვის დიდი ზიანი მოაქვს. განსაკუთრებით საშიშია ისეთი აპარატურა, რომელიც ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყაროს წარმოადგენს. ამ მხრივ აშკარად გამოირჩევა მობილური ტელეფონი, რომელიც საშიშია როგორც პატარების, ასევე დიდებისთვისაც, რადგან სიმსივნური დაავადებების მაპროვოცირებელი შეიძლება, გახდეს. არაერთი სამეცნიერო კვლევით დადასტურდა, რომ ბავშვებში სიმსივნური დაავადებების სიხშირე ტექნიკის აქტიურ მოხმარებას უკავშირდება.

    თანამედროვე ადამიანი ტექნიკის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ ნებისმიერ პროგრესს, სიკეთესთან ერთად, თან ახლავს უარყოფითი შედეგები. გარდა ტელეფონისა, ბავშვებისთვის ჯანმრთელობის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს აბსოლუტურად ყველა სახის ტექნიკა: კომპიუტერი, ლეპტოპი, პლანშეტი და სხვა.

    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და კიბოს შემსწავლელმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერული ტექნიკის გამოსხივება პოტენციურ კანცეროგენად აღიარა და ქლოროფორმის, დდტ-ის, ბენზინის და ა.შ. მსგავსად მიაკუთვნა "ადამიანისთვის შესაძლო კანცეროგენური" ფაქტორების ჯგუფს.

    ევროპის ეკოლოგიური კომიტეტისა და ამერიკის ფარმაკოგნოზიის საზოგადოების ნამდვილი წევრის, პროფესორ რამაზ გახოკიძის განმარტებით, ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყაროა ყველა ელექტრომაგნიტური ხელსაწყო (ელექტროტალღური ღუმელები, კომპიუტერები, ტელევიზორები), თუმცა ყველა ეს, მობილური ტელეფონისგან განასხვავებით, ჩვენგან გარკვეული მანძილით არის დაცილებული.

    "საშიშროება, პირველ რიგში, დაკავშირებულია ტელეფონის ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედებაზე ტვინში ელექტრულ პროცესებზე. ტვინის ნერვული უჯრედები წარმოქმნის რთულ ელექტრულ ქსელს. ტელეფონის ველის ზემოქმედებით ამ ქსელზე ხდება ტვინის უჯრედების აქტიურობის დარღვევა, რაც იწვევს ჰიპერტონიას, არითმიას, წყლულოვან დაავადებებს, მეხსიერების დაქვეითებას, ხშირ თავის ტკივილს, ქრონიკული დაღლილობის სინდრომს, ყურადღების დაქვეითებას, გულფიცხობას, სტრესის მიმართ დაბალ გამძლეობას, ეპილეფსიურ რეაქციებს, გონებრივი და შემეცნებითი უნარის დაქვეითებას.

    კანცეროგენური ნივთიერებები მოქმედებს "ჯამური შხამის" მსგავსად. უმნიშვნელო დოზებით კანცეროგენური მოქმედება არ ვლინდება, მაგრამ ინდივიდის მთელი სიცოცხლის განმავლობაში იგი ჯამდება და დაზიანება შეუქცევადი ხდება", - აღნიშნავს "ბიზნეს-რეზონანსთან" გახოკიძე და დასძენს, რომ ბავშვის ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა ელექტრომაგნიტური ველის მიმართ, ვიდრე მოზრდილის.

    "ელექტრული ველი მოქმედებს უმაღლესი ნერვული სისტემის ფორმირებაზე. დამტკიცებულია, რომ ბავშვის ტვინი უფრო მეტ ელექტრომაგნიტურ ენერგიას შთანთქავს და ზიანდება ტვინის უბნების (მათ შორის, გონებრივ განვითარებაზე პასუხისმგებელი უბნების) დიდი რაოდენობა. ბავშვის თავის ქალის ძვლები ბევრად თხელია, ვიდრე მოზრდილისა, ამიტომ ბავშვის ძვლის ტვინი 10-ჯერ მეტ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას შთანთქავს. კომფორტისთვის ჩვენ ვიხდით საკუთარი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობით", - ამბობს მეცნიერი.

    როგორც რამაზ გახოკიძე აცხადებს, მობილური ტელეფონის გამოყენება არ შეიძლება: ბავშვებისა და მოზარდებისთვის 16 წლამდე, ხოლო ფეხმძიმე ქალებისთვის - ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

    სპეციალისტების შეფასებით, ელექტრომაგნიტური გამოსხივება უარყოფითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და არღვევს ძილის ფაზების ნორმალურ მონაცვლეობას. როგორც პროფესორი მერაბ ჯიბლაძე ამბობს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ბუმის საუკუნეში მათთან გონივრულად მოქცევა უნდა ვისწავლოთ, რომ ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ და არა - პირიქით.

    "მობილური ტელეფონით დიდხანს საუბარი, განსაკუთრებით - ახალგაზრდებსა და მოზარდებში ტვინის უჯრედების დაზიანებას იწვევს, რადგან ამ დროს ელექტრომაგნიტური ტალღის სიხშირე 2 გიგაჰერცს აღწევს, აღიძვრება იმავე სიხშირის ულტრაბგერა, რომლის ტალღის სიგრძე დაახლოებით ადამიანის ტვინის უჯრედის ზომისაა, რისგანაც უჯრედები იწყებს რხევას და მათი ნაწილი კვდება, ყოველი წუთი საუბრისა გარკვეული რაოდენობით უჯრედების სიკვდილს იწვევს, რაც შესაძლოა, 10-15 წლის შემდეგ გამოვლინდეს. ეს განსაკუთრებით სახიფათოა ახალგაზრდა ტვინისთვის, განსაკუთრებით - პატარებისთვის.

    ცხადია, ახლა მობილურ ტელეფონს ვეღარავინ შეეშვება, ამიტომ რაც შეიძლება ცოტა უნდა ვისაუბროთ. უფრო "ესემესებით", ტექსტის სახით გადავცეთ ინფორმაცია. ტელეფონით საათობით საუბარი სმენის ნერვსაც აზიანებს", - აღნიშნავს ჯიბლაძე.

    მობილურის, ტელევიზორისა და სხვა აპარატურის ელექტრომაგნიტური ტალღების ზემოქმედება ეფუძნება თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას ორგანიზმში, რისი ხანგრძლივი ზემოქმედებაც მავნე ცვლილებებს იწვევს.

    ბავშვებში ტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე საუბრობს პედიატრი მაია აბულაშვილი. როგორც მან "ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადა, მობილური და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება სხვადასხვა დაავადების პროვოცირებას იწვევს.

    "ბავშვთა კომპიუტერული დამოკიდებულება ძალიან ღრმა ბავშვობაშიც იჩენს თავს. თვეების ასაკის ბავშვების ყურადღებას უკვე იპყრობს ეკრანზე მოციმციმე ფერადი გამოსახულებები, მულტპერსონაჟების ხმა და ა.შ. უკვე მოზრდილი ბავშვი ეჩვევა მობილურით, პლანშეტითა და პლეერებით თამაშს. შესაძლებელია, დღეში მაქსიმუმ 1 საათი გაატაროს ბავშვმა ტელევიზორთან და მაქსიმუმ ნახევარი საათი - კომპიუტერთან, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ წესებს ვერ ვიცავთ.

    ტექნიკის წინსვლა შეიძლება მრავალმხრივ იყოს ბავშვებისთვის სასარგებლო, მაგრამ ამავე დროს ისინი შესაძლოა, სერიოზული საფრთხის წინაშე დადგნენ. ჩვენ არ გვაქვს დადასტურებული ფაქტი, რომ ესა თუ ის დაავადება კონკრეტულად ტექნიკის გამოყენებას ან მასთან სიახლოვეს უკავშირდებოდეს, მაგრამ ნამდვილად არსებობს რისკი, რომ სხვადასხვა დაავადების პროვოცირება გამოიწვიოს, მათ შორისაა კიბოს რისკიც.

    ბავშვი მაქსიმალურად უნდა მოვარიდოთ ტექნიკას, განსაკუთრებით დაუშვებელია 2 წლამდე პატარა თამაშობდეს მობილურით. ამ დროს მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ექმნება. ეკრანთან დიდხანს ჯდომაც საზიანოა. ტელევიზორის თუ კომპიუტერის ეკრანის მავნებლობა თვალებზე, გონებასა და ბავშვის ფიზიკურ თუ სულიერ განვითარებაზე არაერთხელ შესწავლილა", - აცხადებს აბულაშვილი.

    ციფრული ტექნოლოგიები არის კაცობრიობის ის მიღწევა, რომელიც ადამიანმა შეიძლება გამოიყენოს როგორც თავის საზიანოდ და გასანადგურებლად, ისე სასარგებლოდ და გასავითარებლად. როგორც სპეციალისტები გვირჩევენ, აუცილებელია, დასაწყისშივე მივაჩვიოთ საკუთარი თავიც და ბავშვებიც ტექნიკის გამოყენების წესებს, ზომიერებას და ამით დავიცვათ ისინი შესაძლო გართულებებისაგან.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved