სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    09.05.2019

     როგორც ისტორიკოსები ამბობენ, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ქვეყნებიდან, რომელმაც ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო.

    დღევანდელ სტატიაში საქართველოს ამ უახლესი ისტორიის გასახსენებლად ახალს ვერაფერს დავამატებთ, რადგან მეორე მსოფლიო ომში ქართველების მონაწილეობაზე უამრვი მასალა არსებობს, მაგრამ რამდენიმე საინტერესო ეპიზოდს შევთავაზებთ მკითხველს ომის ქრონიკებიდან.

    მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან გაწვეული იყო ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, აქედან 200 ათასი დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასი ათასზე მეტი ხეიბარი დაბრუნდა.

    მეორე მსოფლიო ომის პერიოდში შეიქმნა რამდენიმე ქართული დივიზია. 224-ე ქართული დივიზია, რომელიც მონაწილეობდა ბრძოლებში ქერჩთან, მთლიანად განადგურდა. ამ ბრძოლას ქერჩის ქართული ტრაგედია ეწოდა.

    242-ე, 392-ე და 414-ე დივიზიები კი კავკასიის დასაცავად იბრძოდნენ. ქართველების გმირობა პარტიზანულ ბრძოლებში დღესაც ლეგენდებად დადის.

    ლეგენდარული ქართველი გენერალი კონსტანტინე ლესელიძე თავისი დივიზიით ომის დაწყებას საბჭოთა კავშირ-გერმანიის საზღვართან ბრესტში შეხვდა, სადაც 1942 წლის 22 ივნისს, დილის 4 საათზე ცაში აიჭრა ჰიტლერელთა პირველი ჭურვები.

    მაგრამ სწორედ ბრესტში იგემა გამარჯვების იოლად მოყვარულმა ჰიტლერის გენერალიტეტმა მარცხი, რაშიც დიდი წვლილი ქართველ გენერალს მიუძღვის.

    ქართველი გენერალი, ვინც ლენინგრადის ბლოკადის რკალი გაარღვია, ვასილ მჟავანაძე იყო. 1943 წლის 15 ივნისს ლენინგრადის ფრონტის საარტილერიო ნაწილებმა ძლიერი ცეცხლი გაუხსნეს მოწინააღმდეგის გამაგრებულ ნაწილებს.

    2 300 ნაღმტყორცნი და 1000 რეაქტიული საარტილერიო იარაღი განუწყვეტლივ ესროდა მტრის 17-კმ-იან პოზიციას. ბრძოლა დილიდან საღამომდე გაგრძელდა, დღის დასასრულს კი 42-ე არმიამ, რომელსაც სათავეში ედგა ქართველი გენერალი, მოწინაღმდეგის პოზიცია გაარღვია.

    ეს იყო პირველი გამარჯვება ფაშისტებზე ლენინგრადის ბლოკადის დაწყების დღიდან, ამის შემდეგ მძიმე ბრძოლებით გაარღვიეს ბლოკადის მთლიანი რკალი.

    გენერალ ვასილ მჟავანაძის სახელს უკავშირდება ალყაშემორტყმულ ლენინგრადში, როცა ქალაქის მოსახლეობა 150 გრამი პურით სულდგმულობდა და მტერი 4 კმ-ში იყო, 1942 წლის 6 მაისს ლენინგრადის "დინამოს" სტადიონზე ფეხბურთის მატჩის ჩატარება, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ ქალაქის გარნიზონისა და "დინამოს" ფეხბურთელები.

    1945 წლის თებერვალში იალტის სამშვიდობო კონფერენციაზე, რომელზეც ომის შემდგომი ევროპის ბედი გადაწყდა და მასში მონაწილეობდნენ სამი დიდი სახელმწიფოს მეთაურები - რუზველტი, ჩერჩილი და სტალინი; ორგანიზება კრემლის კომენდანტის მოადგილე ალექსანდე ეგნატაშვილს დაევალა. მან შეუძლებელი შეძლო, რათა კონფერენცია მაღალ დონეზე ჩატარებულიყო.

    საზეიმო სადილის მომზადება დავალებული ჰქონდა სტალინის პირად მზარეულ ალექსანდრე რთველაძეს, ვისი ოსტატობითაც აღტაცებულ ჩერჩილს უთქვამს: "თქვენი მზარეული კულინარიის მოცარტი", რუზველტს კი დაუმატებია: "და პაგანინიც".

    ამ სუფრაზე ერთი ამბავიც მომხდარა: ჩერჩილი კონიაკს სვამდა, მაგრამ არ მოსწონებია. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია სტალინს და უთქვამს, სხვა კონიაკი მოიტანეთო.

    "ეს კი მართლაც საუკეთესო ფრანგული კონიაკია", - მოსწონებია ჩერჩილს, სტალინისგან კი პასუხად მიიღო: "ფრანგული კი არა, ქართული კონიაკია, "ენისელი", საქართველოს კონიაკის ქარხანაში ჩამოსხმული და მისი ავტორი ტექნოლოგი ვახტანგ ციციშვილია".

    ასე აღმოჩნდნენ ჩერჩილი და რუზველტი პირველები, ვინც ქართული კონიაკი "ენისელი" დააჭაშნიკეს. ამ მცირე დიპლომატიური გამარჯვებით კმაყოფილ სტალინს "ენისელის" ავტორი ვახტანგ ციციშვილი მისი სახლობის პრემიით დაუჯილდოვებია.

    ბერლინის ბრძოლა კი მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელი და ყველაზე მძიმე ბრძოლა იყო. რაიხსტაგის მთელ შენობაზე კონტროლი წითელმა არმიამ 2 მაისს აიღო და დროშის ასაღმართად საგანგებოდ შეირჩა ორი საბჭოთა არმიელი - ქართველი მელიტონ ქანთარია და რუსი მიხეილ ეგოროვი.

    1945 წლის 2 მაისს ფოტოგრაფ ევგენი ხალდესის მიერ გადაღებული ფოტო მსოფლიოს პრესის პირველ გვერდებზე მოხვდა, სტალინმა კი კრემლში ქანთარიასა და ეგოროვს საჭოთა კავშირის გმირის ვარსკვლავი მკერდზე პირადად დააბნია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×