სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    04.06.2019

     1960 წელს გამომცემლობა „საბჭოთა საქართველომ“ გამოსცა მწერალ ლევან გოთუას ისტორიული რომანი „გმირთა ვარამი“, რომელიც მაშინვე ბეტსელერად იქცა. რომანი ლევან გოთუამ ვარკუტაში გადასახლების დროს დაწერა, სადაც საბჭოთა საკონცენტრაციო ქანაკში 10 წელი გაატარა. რა პირობებში დაიწერა „გმირთა ვარამი“ და როგორ ჩამოაღწია საქართველომდე, ამის შესახებ რამდენიმე ამბავს გავიხსენებთ დღევანდელ სტატიაში.

    ლევან გოთუამ საბჭოთა ციხეებში და ბანაკებში 22 წელი გაატარა, 50 წლის ასაკში დაბრუნდა საქართველოში. 15 წლისამ პირველად იწვნია ჩეკისტების რისხვა, როცა მთელი მისი ოჯახი დააპატიმრეს. 1921 წელს მე-11 არმიის შემოსვლის დროს ტაბახმელაში ძმებთან ერთად იბრძოდა. თბილისში გამოსვლები რომ დაიწყო, აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში.

    1924 წელს პირველად დაპატიმრეს 20 წლის ასაკში. საგამოძიებო საქმეში ეწერა: „საიდუმლოდ. ამხანაგ ბერიას. თქვენი შიფრ-დეპეშის თანახმად წარმოგიდგენთ გოთუას სხვადასხვა მიმოწერას, რომელიც 78 გვერდს შეადგენს“.

    ჯერ მეტეხის ციხეში გამოამწყვდიეს და აიძულებდნენ ეღიარებინა შენობების აფეთქება. ერთ-ერთი დაკითხვის დროს სასტიკად ნაწამებს ქაშუეთის ეკლესიის გუმბათი დაუნახავს, მწარე ღიმილით უთქვამს - გამახსენდა, ქაშუეთის ეკლესიის აფეთქებას ვგეგმავდიო. გახარებულ ჩეიკსტებს - „ვაღიარებინეთო“, ოქმიც შეუდგენიათ.  

    მეორედ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და ამხანაგების გაცემას აიძულებდნენ, მაგრამ არ გატყდა. დასჯის მიზნით მოსკოვში ბუტირკის ციხეში გაამწესეს.  იქიდან კი ყველაზე სასტიკი რეჟიმის საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკში, სოლოვეცკის კუნძულზე ყინულმჭრელი გემით ჩაიყვანეს.

    ნესტიან სარდაფში ყველაზე საშიშ პატიმრებთან ჩააგდეს, სადაც პატიმრებს ასე აწამებდნენ - პატარა იზოლატორს 50 გრადუსამდე გაახურებდნენ, პატიმარს წინასწარ მარილიან თევზს აჭმევდნენ, მერე ეზოში წყალს უშვებდნენ, რომ მის ხმაურზე მწყურვალე კაცი გაგიჟებულიყო. 

    პატიმრობა გადასახლებით შეუცვალეს. გადასახლებიდან დაბრუნებული წალკაში დასახლდა, თბილისში ცხოვრების უფლება არ მისცეს. სწორედ აქ დაწერა თავისი ცნობილი პიესები „დავით აღმაშენებელი“ და „ერეკლე მეფე“. მის პიესები ისე იდგმებოდა თბილისის თეატრებში, რომ ავტორს არ წარადგენდნენ.

    ბოლოს 10 წლით ვარკუტაში გადაასახლეს, სადაც მაღაროში მაღალი ძაბვის ელექტროსადგურში ელექტრიკოსად მუშაობდა. ბანაკში წერის უფლებას არ აძლევდნენ. არც ქაღალდი ჰქონდა, არც საწერ-კალამი. მუყაოს ქაღალდზე და თხელ ფიცრებზე წერდა. მელანი ტექნიკურ სპირტში გახსნილი ქვანახშირის მტვრით დაამზადა.  

    „გმირთა ვარამის“ წერა ძვლისგან დამზადებული კალმით დაიწყო. უზარმაზარ ტრანსფორმატორს თავის ქალა დაახატა, ქვეშ მიაწერა „სასიკვდილოა“. ტრანსფორმატორის ქვეშ ორმო გათხარა, შიგ ძვრებოდა და ტრანსფორმატორის გამაყრუებელი ხმაურის ქვეშ დაწოლილი წერდა, მერე სამალავში ინახავდა და ასე ფურცელ-ფურცელ პატიმარმოხდილ ქარველების მეშვეობით გამოჰქონდა. 

    დიდი მოცულობით რომ გამოეტანა, ასეთ ხერხს მიმართეს მან და მისმა მეგობრებმა - მაღაროს გასამაგრებლად მორები მიჰქონდათ, რომლებსაც ზედამხედველები ადგილობრივ მოსახლეობას დრო და დრო მიჰყიდიდნენ ხოლმე. მორებს შუაგული ამოჭრეს, შიგ ფურცლები მოათავსეს და ტალახი შეაზილეს. 

    მორების მთელი პარტია ერთმა ქართველმა იყიდა და დროს ელოდა, რომ საქართველოში გამოეგზავნა. თბილისში კი მისი დები ამ ფურცლებს ათეთრებდნენ და საგულდაგულოდ მალავდნენ. ასე გადარჩა „გმირთა ვარამის“ ორიგინალი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved