სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    12.06.2019

     წელს საგამოცდო ცენტრები არა მხოლოდ დიდ ქალაქებსა და დედაქალაქში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით, 11 ქალაქში გაიხსნება. სრულად კი, - ამ პროცესში 23 საგამოცდო ცენტრი იქნება ჩართული. აღნიშნულ ცვლილებას ექსპერტი განათლების საკითხებში მანანა ნიკოლაიშვილი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ საგამოცდო ცენტრები მხოლოდ დედაქალაქში უნდა გაიხსნას იმისთვის, რომ მისი შედეგების გაყალბების შანსი არ არსებობდეს.

    ამასთანავე მან „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ვინც ტესტებს ადგენს, მას სამართლებრივად მოსწავლეების აყვანის უფლება არ აქვს, თუმცა, მისი თქმით, საქართველოში ეს არ კონტროლდება.

    „თუ ისეთივე კონტროლი იქნება, როგორიც თბილისშია, არაფერს გამოიწვევს. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოცდის შედეგები გაყალბდება. იმ ტესტებს დაცვა უნდა. არამიზანშეწონილად მიმაჩნია ეს ცვლილება.

    "საქართველო პატარა ქვეყანაა და საგამოცდო ცენტრები თბილისში უნდა იყოს განთავსებული, ასევე ძალოვანი სტრუქტურა უნდა აკონტროლებდეს. არა მარტო პოლიცია, შსს-ს თავისი კადრები უნდა ჰყავდეს ჩანერგილი, თანაც არა მხოლოდ გამოცდების პერიოდში, მთლიანად მთელი წლის განმავლობაში.

    „ტესტებთან ვისაც წდომა აქვს, ვინც ტესტებს ადგენს, სადაც ასეთი ტიპის გამოცდები ტარდება, მთელი წელი უშიშროება აკონტროლებს იმ ადამიანებს. საქართველოში კი ეს არ ხდება. ის ხალხი, რომელიც ტესტებს ადგენს, კერძო მოსწავლეები ჰყავთ. მათ ხელშეკრულება აქვთ დადებული, რომ არ უნდა ჰყავდეთ, მაგრამ მაინც ჰყავთ. ხოლო სახელმწიფო ამას არ აკონტროლებს," - ამბობს ის.

    ნიკალაიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო ამ მხრივ ყველა სეგმენტს არღვევს. შესაბამისად, მისი თქმით, გამოცდები დღეს, ფაქტობრივად, ყალბდება.

    „ყველა ქვეყანაში ეს არის დარეგულირებული. იქ ჩანერგილია დიდი დოზით უშიშროების თანამშრომლები და საგამოდო პროცესის ყველა სეგმენტს ის აკონტროლებს. თანაც ერთი და იგივე ხალხი ტესტებს არ ადგენს, ჩევენთან კი პირიქით ხდება. ასევე, ერთი და იგივე ხალხი არ უნდა ასწორებდეს. ჩვენთან ეს პრინციპები დარღვეულია, ამიტომ, გამოცდები თავიდან ბოლომდე არასაიმედო და გაყალბებულია. როგორც აბიტურიენტთა გამოცდები, ასევე მასწავლებელთა გამოცდებიც," - განაცხადა მანანა ნიკოლაიშვილმა.

    ცნობისათვის, შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. გორგოძეს განცხადებით, ყველა ცენტრი აღიჭურვება გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით.

    ცენტრის ინფორმაციითვე ცნობილი ხდება, რომ საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. ასევე, აბიტურიენტებისთვის საგამოცდო ცენტრებამდე მისაყვანად სპეციალური ავტობუსებიც იმუშავებს.

    შეგახსენებთ, 2019 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12000-მდე კანდიდატმა გაიარა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩაბარების სურვილი 4600-მდე სტუდენტმა გამოთქვა;

    მასწავლებლის კომპეტენციას 31000-ზე მეტი აპლიკანტი დაადასტურებს. რაც შეეხება მასწავლებლის ჯილდოს აღების მსურველებს, როგორც გორგოძემ განაცხადა, 800-მა პენსიონერმა პედაგოგმა გამოცდაზე გასვლაზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ უარი განაცხადა და ჯილდოს მიღების სურვილი გამოთქვა, რის გამოც, ისინი რეგისტრაციიდან მოხსნეს.

    2019 წლის გამოცდების განრიგი უკვე გამოქვეყნდა. ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით პირველ ივლისს დაიწყება, 23 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

    10 ივლისიდან გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 5 ივლისს ჩატარდება. 17- 24 ივლისს გამოცდები მაგისტრობის მსურველთათვის გაიმართება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved