სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    18.06.2019

     ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულზე მომხდარ აფეთქებას ხანძარი მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ადგილობრივების თქმით, ბინაში ბუნებრივი აირი არ დაგროვებულა და ხანძარი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მიზანმიმართულად გააჩინეს.

    „რეზონანსთან" ადგილობრივები ყვებიან, რომ აფეთქებამდე ბინიდან ხმაური გამოდიოდა. სავარაუდოდ, სახლში ჩხუბი იყო. ამის შემდეგ კი აფეთქების ხმა გაიგონეს. რამდენიმე წუთით ადრე კი ერთ-ერთმა პირმა, რომელიც მათი მეზობლის ბინასთან იდგა და კარზე აკაკუნებდა, სავარაუდოდ, ბენზინი შეიტანა.

    ოჯახს ნათესავმა მიაკითხა, რომელმაც სახლში ხანძარი განზრახ გააჩინა. ხანძრის შედეგად 7 ადამიანია დაშავებული, მათ შორის კი 10 წლის გოგონაა. სამართალდამცველებმა ის ტაქსის მძღოლი უკვე გამოკითხეს, რომელმაც 30 წლამდე მამაკაცი ბათუმიდან ქუთაისში ჩაიყვანა და, სავარაუდოდ, ბინაში ხანძარი განზრახ სწორედ მან გააჩინა.

    ავთანდილ ბოლქვაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პიროვნებამ, რომელიც მან ბათუმიდან ქუთაისში წაიყვანა, გზად, ბენზინგასამართ სადგურზე საწვავი შეიძინა. დანიშნულების ადგილას მიყვანის შემდეგ მამაკაცმა მძღოლს კორპუსთან დარჩენა სთხოვა და ფულის ჩამოტანას დაჰპირდა და კორპუსში შევიდა.

    ტაქსის მძღოლის ინფორმაციით, ავტომშენებელთა ქუჩაზე ძლიერი აფეთქების ხმა მალევე გაისმა. ტაქსის მძროლი ამბობს, რომ მამაკაცი, სავარაუდდოდ, რუსეთიდან ჩამოვიდა და უთხრა, რომ ის ნათესავების მოსანახულებლად მიდიოდა.

    „ბათუმიდან ქუთაისის მიმართულებით წამოვიყვანე მგზავრი, რომელმაც შეიძინა საწვავი, ბენზინი. როცა ჩამოვიყვანე და შევიდა შენობაში, მოხდა აფეთქება. სხვა არაფერი ვიცი. საწვავი ბენზინგასამართ სადგურზე შეიძინა. არაფერი უთქვამს რისთვის უნდოდა. ერთი ეგ მითხრა, რომ რუსეთიდან მოვდივარ და ნათესავების სანახავად მივდივარო. მითხრა, რომ ზემოდ ავიდოდა და ფულს ჩამომიტანდა. მეც დაბლა ველოდებოდი. არ ვიცი არც გაღიზიანება და არც სხვა რაიმე ზედმეტი არ შემიმჩნევია. კორპუსში ასვლა და აფეთქების ხმა ძალიან მალევე გავიგონე. სრულიად ფხიზელი იყო, ზედმეტი არაფერი შემიმჩნევია," - განაცხადა ავთანდილ ბოლქვაძემ.

    7 დაშავებული ადამიანიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად რთულია. ისინი თბილისის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს. მათგან ერთ-ერთი 10 წლის გოგონაა, ხოლო მეორე 30 წლამდე მამაკაცი. სავარაუდოდ, ეს არის ის პირი, რომელმაც ხანძარი საცხოვრებელ კორპუსში განზრახ გააჩინა, რასაც აფეთქება მოჰყვა.

    კორპუსში რამდენიმე ბინა დაზიანდა. აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საწვავს მოეკიდა, რასაც აფეთქება მოჰყვა.

    „30-მდე მეხანძრე-მაშველმა კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია პირველივე წუთებში განახორციელა. ყველა მათგანი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. ხანძრის ქრობის პროცესში, ცოცხალ ძალასთან ერთად, 10-მდე სახანძრო და სამაშველო ტექნიკა იყო ჩართული", - აცხადებენ შსს-ში.

    უწყების ინფორმაციითვე, გამოძიება სისხლის სამართლის 11 პრიმა და 19-109 მუხლებით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის და განზრახ მკვლელბის მცდელობას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved